ანტიქრისტე - მხეცის საიდუმლო 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

მღვდელი ანდრია გორბუნოვი

მხეცის საიდუმლო

აპოკალიფსისის წინასწარმეტყველების გახსნის მცდელობა


ანტიქრისტე

შინაარსი

თავი 4

პიროვნება


თავის გამოცხადებაში ღმერთი გვეცხადება როგორც "არსებული" (გამ. 3:14). ეს არის წმიდა წერილის ცენტრალური სიტყვები. ამ სიტყვებით: "მე ვარ ის, რომელიც ვარ", უფალი გვეუბნება, რომ ის არსებობს როგორც პიროვნება (როგორც პიროვნება - იპოსტასი - პერსონა). პიროვნების იდეა - მთელი წერილის ქვაკუთხედია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის გასაგებად. პიროვნება - ეს არის ღმრთის სიტყვის უმთავრესი საიდუმლო და არსი, რომელიც ეხსნება ყველას, ვინც ეძებს ცოცხალ ღმერთს, ვისაც სწყურია ჭეშმარიტება, რომელიც არის არა "რა", არამედ "ვინ". "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14:6).

მართლმადიდებლობა არის - ნათლისა და სიცოცხლის რელიგია, რომელიც ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პიროვნებათა სამყაროში. ეს არის იპოსტასური, პიროვნების რელიგია. რელიგია, სადაც სწამთ პიროვნული ღმერთის - მამის, ძის და სულიწმიდისა.

მართლმადიდებლობაში პიროვნება არის აბსოლუტური ღირებულება, ყოველივეს არსი: წმიდა სამების საიდუმლოც და მარადიული ცხოვრების საიდუმლოც. პიროვნების პრინციპი არის ყოფიერების უმთავრესი კანონი. პირადი ყოფიერება კი არის ყოველივე არსებულის პირველსაწყისი და უმთავრესი რეალობა.

"ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი", - ამბობს წმიდა მოციქული პავლე (2 კორინთ. 4:18). ქრისტეანული პერსონალიზმი აჩვენებს ჭეშმარიტისგან, აბსოლუტური ყოფიერებისგან განშორების აბსურდულობას, რომელიც მხოლოდ პერსონალური შეიძლება იყოს და ზეპერსონალურისადმი ინტექლექტუალურ აღმაფრენას. ზეპერსონალური კი ნიშნავს უსახურს, "სუფთა ყოფიერებას", რომელშიც ხდება ყოველივეს ტრანსცენდენტირება, სინამდვილეში კი ეს არის - არარსებობა.

ღმერთი პიროვნებაა და ადამიანიც შექმნა როგორც პიროვნება. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა სული, ზნეობა, პასუხისმგებლობა, თავისუფლება ნებისა და არჩევანისა (სადაც უძირითადესია არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ ერთობასა და გაუცხოებას შორის). მისცა თვითშეგნება, ანუ უნარი იცხოვროს როგორც სულიერმა პიროვნებამ - ეს არის უმთავრესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს.

ადამიანი შედგება სხეულის, მშვინვისა და სულისგან. სული არის პიროვნება, ადამიანის ცენტრალური ნაწილი. ეპისკოპოს თეოფანეს განსაზღვრებით, სული არის "თვითმყოფადი, პიროვნული, თავისუფალი და გონიერი, რომლის ნორმალური მდგომარეობაა სიცოცხლე ღმერთთან ურთიერთობაში".

"ადამიანი - ეს მისი სარწმუნოებაა"-ო, ამბობდა დიდი რუსი ფილოსოფოსი ი. ვ. კირეევსკი (1806-1856). XIX საუკუნის სხვა რუსი მოაზროვნე, ფ. მ. დოსტოევსკი, რომლის შემოქმედებაში, როგორც ცნობილია, დომინირებს პიროვნების თემატიკასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, ადამიანში ხედავდა არა მანიპულაციის ობიექტს, არამედ პიროვნებას, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ნება და პასუხისმგებლობა თავისი საქმეებისთვის. ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში დოსტოევსკი ითხოვდა ეხელმძღვანელათ პრინციპით: "იყავ ადამიანი ადამიანთა შორის, დარჩი ადამიანად ყოველთვის და არ მიეცე უსასოობას როგორ ძნელ ვითარებაშიც აღმოჩნდე და არ დაეცე პირუტყვის დონემდე" (Достоевский // Философский словарь / Под ред. И. Т. Фролова. С. 129).

ყოველი კაცი უნიკალური პიროვნებაა. მაგრამ პიროვნება - ეს სიამაყისა და ამპარტავნების ნაყარი როდია. მოციქული პავლე და მასთან ერთად წმიდა მამები განასხვავებენ "შინაგან" და "გარეგან" ადამიანს (იხ. მაგ. 2 კორ. 4:16; ეფ. 3:16). პირველში ისინი გულისხმობენ ადამიანის სულიერ საწყისს, ხოლო მეორეში - ხორცს და ხორციელ ინსტინქტებსა და მიდრეკილებებს. გარეგანი კაცი არ არის "მე", არამედ "ჩემი"; ხელი - ეს "მე" არ ვარ მაშინ, როდესაც "მე" - ეს არის ჩემი სულის სიტყვიერი საწყისი (წმ. გრიგოლ ნოსელი). "მე ვაღიარებ, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ორ ადამიანს, ერთს ხილულს და მეორეს უხილავს - რომელიც დაფარულია ხილულში. ჩვენ გვყავს შინაგანი კაცი, და ის, რაც წარმოადგენს ჩვენს სრულყოფილებას ჩვენ გაგვაჩნია გონიერ სულში, ასე რომ, სხეული არის მხოლოდ სახლი, ადამიანი სულის საცხოვრისი, ხოლო ადამიანად, კერძოდ, იწოდება ის, რაც წარმოადგენს სულს, ჩემს "მეს" (Цит. по: Букварь: Наука, философия, религия. Кн. 1. С. 283.)

"მე" - ეს ჩემი სულიერი ბუნებაა, პიროვნება, რომელიც არის ღმრთის ხატი; ხოლო სხეული და მისი შეგრძნებები - ეს "ჩემია". "სული და გონება - ვართ ჩვენ, რადგან შექმნილნი ვართ შემოქმედის ხატისაებრ; სხეული და მისი მეშვეობით შეძენილი შეგრძნებები - ჩვენია; ხოლო რაც არსებობს ჩვენს ირგვლივ არის ქონება, ხელოვნება და ცხოვრების სხვა სიამენი" (წმ. ბასილი დიდი. "შეიცან თავი შენი").

თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება ცხადად გვიჩვენებს, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი პიროვნება, ჩვენი არსებითი "მე" კი არ კვდება, არამედ აგრძელებს არსებობას, თუმც, სრულიად ახალ პირობებში. სიკვდილის დროს, ჩვენ ყველანი ვიგრძნობთ ჩვენი უკვდავი "მეს" გამოსვლას მისი დროებითი სახლიდან - ფიზიკური სხეულიდან. ერთმა მომაკვდავმა ქალმა თქვა: "მე გავდივარ, სხეული მხოლოდ ცარიელი გარსია". ეს დედააცი, და ბევრი სხვაც, არასოდეს ამბობდა, რომ მათი სხეულიდან გავიდა მათი სული. სხეულიდან გავიდა "მე" და შემდეგ ეს "მე" აკვირდებოდა გარედან თავის სხეულსა და ყოველივეს, რასაც მას უკეთებდნენ ექიმები (Калиновский П. Переход. Последняя болезнь, смерть и после. М., 2003. С. 206).

როდესაც სული შეპყრობილია ვნებებით, ადამიანი ეძლევა ცხოველურ შეგრძნებებს, რომლებმაც არ იციან ზომა და ზღვარი. ამ უსაზღვრობას მას ანიჭებს სხეულში დატყვევებული სული, და ვლინდება ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივი ცხოველებისთვის არ არის დამახასიათებელი.

"გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7). აი ღვთიური შემოქმედებითი აქტის დიადი სიტყვიერი ხატი, რითაც ადამიანი მოვიდა ყოფიერებად. გამოცხადება ღმრთის ნიჭის შესახებ - ადამიანის უკვდავ სულზე - ხატობრივად არის წარმოდგენილი სიტყვით "სუნთქვა". ეგნატე ბრიანჩანინოვის განმარტებით: "პირველი ხილული ქმედებისგან, რომელიც ადამიანში სულის არსებობას მოწმობს, ის წოდებულია სიცოცხლის სუნთქვად და ის ადამიანს შთაბერეს სახეში (აქდან ისეთი სიტყვები, როგოირცაა "პიროვნება", "პირი", "პიროვნული" და ა. შ. - ავტ.), ანუ სხეული იმ ნაწილში, რომელიც არის სულის სარკე და თვითონ გამოხატავს მის მოძრაობასა და გრძნოებებს".
"უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, აღასრულა რა ჩვენი გამოსყიდვის საქმე და შეამზადა კაცობრიობა სულიწმიდის მისაღებად, თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, დადგა მოწაფეთა შორის, შეუბერა მათ და უთხრა: "მიიღეთ სული წმიდა" (იოანე 20:22), რომელიც ძალიან მალევე გადმოვიდა მათზე ცეცხლოვანი ენების სახით "ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს" (საქმე. 2). ამ მეორე შებერვით აიხსნება და მეთითება ის, რომ პირველი შებერვის დროსაც იყო სულთმოფენა".

სულიწმიდის გარდამოსვლის დროს მოციქულებმა იმდენად მძლავრად შეიგრძნეს ღმერთთან თავიანთი მყოფობა, რომ ზოგიერთ თვითმხილველს ისინი მთვრალები ეგონა. სწორედ ამ კერძო ურთიერთობით აღსრულდა მათში ჭეშმარიტი, ღმერთმსგავსი კაცობრივი პიროვნების აღდგენა. და სულიწმიდის იგივე მადლი, შემდგომ, მოციქულთა და მათ მემკვიდრეთაგან გადაეცა ყველას, ვინც კი ქრისტეს ეკლესიის წევრი გახდა; ვინც ეკლესიის მადლმოსილი საშუალებებით ცდილობს საკუთარ თავში ჭეშმარიტი პიროვნების აღორძინებას. აი, რატომ უწოდებს ეკლესია სულიწმიდას "ცხოველმყოფელს".

"ადამიანი (ბერძნ. "ანთროპოს") ბერძნულად ნიშნავს არსებას, რომლსაც პირისახე ზემოთ, ზეცისკენ, ყოფიერების ამ საბოლოო მიზნისა და მომავალი საცხოვრისისკენ აქვს მიმართული; რომლის შუბლი (პირუტყვებისგან განსხვავებით) ზემოთ არის აშვერილი; ზოგიერთი "ანთროპოს"-ში ზემოთ მაცქერალს გულისხმობს (Букварь: Наука, философия, религия. Кн. 2. С. 1740).
მაცხოვარი მთელი სახარების განმავლობაში ქადაგებს ადამიანის პიროვნების უმაღლეს ღირსებას, ასევე ადამიანის ბუნების აღმატებულებას პირუტყვთა ბუნებაზე. მაგალითად: მთელს სახარებაში უფალი ამტკიცებს ადამიანური პიროვნების ღირსებას, ასევე ადამიანის ბუნების აღმატებულებას პირუტყვებზე. მაგალითად: "შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?" (მათე 6:26; იხ. აგრეთვე ლუკა 12:24; "ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე?" (მათე 12:12).

წმიდა წერილი ლაპარაკობს ადამიანის შექმნაზე "ხატად და მსგავსად ღმრთისა", რითაც ის შეუდარებლად აღემატება პირუტყვთ, ამიტომაც, უნდა ბატონობდეს კიდეც მათზე. "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:26). ადამიანის ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნის ჭეშმარიტებაზეა აგებული წმიდა მამებისეული მთელი ანთროპოლოგია.

ღმრთის ხატად წმიდა მამები მიიჩნევდნენ ადამიანში პიროვნული საწყისის არსებობას (Лосский В. Н. Очерк мистического богословия Восточной Церкви. Догматическое богословие. М., 1991. С.91). ხოლო ღმრთისადმი მსგავსება ადამიანში ეს არის შესაძლებლობა ღმრთის მსგავსებისა, უნარი, როგორც პიროვნებამ იცხოვრო სულიერად. ადამიანში ღმრთის ხატებისა და მსგავსების ურთიერთმიმართებისთვის ერთი მოსაგრე ამბობს: "თუ არ გაქვს საღმრთო ნიჭები, იცოდე, რომ უფლის მსგავსებაც არ გაქვს! ხოლო თუ სულს შერყვნი, მაშინ ღმრთის ხატებაც მახინჯდება შენში, და ჯოჯოხეთის უკუნს ამკვიდრებ შენს სულში".

თუკი ადამიანს ღმრთის ხატად ყოფნა ბოძებული აქვს სამუდამოდ და მისი განადგურება შეუძლებელია, მსგავსება ღმრთისადმი ადამიანის თავისუფალ ნებასა და მისი ნების მიმართულებაზეა დამოკიდებული. ხატი მოცემულია როგორც რეალობა, მსგავსება კი როგორც შესაძლებლობა; პირველი მონიჭებულია, მეორე კი მოცემული (დასამკვიდრებლად). ხატი ეს არის - ფორმა, მსგავსება კი - შინაარსი. მსგავსება - ეს არის ღმრთის ხატის სილამაზე ადამიანში, რომელიც შეიძლება ცოდვით შეიცვალოს. ღმრთის ხატი შეიძლება დამახინჯდეს ადამიანში. შეიძლება დარჩეს მხოლოდ ფორმა, შინაარსის გარეშე. ადამიანმა შეიძლება უარი თქვას სულიერ, ანუ თავის პიროვნულ ცხოვრებაზე, მას შეუძლია აირჩიოს სიკვდილი, და არა სიცოცხლე. "ღმერთი, რომელმაც ადამიანი შექმნა, არის ჭეშმარიტი სიცოცხლე; ამიტომაც, ვინც კარგავს ღმრთის მსგავსებას, ის სიცოცხლესთან თანაზიარობასაც კარგავს" (წმ. ბასილი დიდი). "რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო" (3 ეზრა 7:59). არ იცხოვრო როგორც სულიერმა პიროვნებამ ნიშნავს - უარყო ღმრთის ჩანაფიქრი იყო მისი ხატი და მსგავსი.

მაგრამ პიროვნება მაშინ შეიძლება იყო, როდესაც სხვებშიც აღიარებ პიროვნებას. "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ? უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოანე 15:12-15). თვით სიტყვა "მეგობარი" გულისხმობს "სხვა" ადამიანის პიროვნებას, მის აღიარებას და მიღებას პიროვნებად. საკუთარი პიროვნების მოპოვება ხდება სხვა პიროვნებასთან ურთიერთობით. ეს ურთიერთობა არის - სიყვარული. "სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ" (1 კორინთ. 13:2). სხვა დამოკიდებულება აქ შეუძლებელია იყოს, რადგან ყოველგვარი უსიყვარულობა უკვე იქნება არა სხვა პიროვნებასთან დამოკიდებულების გამოხატულება, არამედ მისი უარყოფა. როგორ არის შესაძლებელი აღიარებითი დამოკიდებულება გქონდეს იმასთან, რასაც უარყოფ?

უმთავრესი მოთხოვნილება, რომელიც შემოქმედმა ჩადო ადამიანში, - ეს არის პირადი ურთიერთობის, ანუ სიყვარულის მოთხოვნილება. აი, რატომ ამბობენ წმ. მამები, რომ ღმერთი არის ჩვენი სიცოცხლე, და ასევე ამბობენ, რომ ჩვენი მოყვასი - ჩვენი სიცოცხლეა. ამით ისინი იმაზე უთითებენ, რომ ჩვენი პიროვნების სიცოცხლე - ეს არის სხვა პიროვნებებთან პირადი ურთიერთობა. ამიტომაც, ღმრთის უმთავრესი მცნება, სახარების თანახმად, წარმოადგენს სიყვარულში გაერთიანებულ ორ მცნებას: გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი არსებით და გიყვარდეს მოყვასი, როგორც შენი თავი. ეს მცნება სახარებაში გაიგივებულია მარადიულ ცხოვრებასთან, მაგალითად: "და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ? ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი. უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები" (ლუკა 10:25-28). მაშასადამე, თუ ადამიანი არ აკმაყოფილებს ამ უმთავრეს მოთხოვნილებას, თავის მისწრაფებას პირადი ურთიერთობისკენ, ის კარგავს საუკუნო ცხოვრებას.

ღმრთისა და ადამიანის სიყვარულით ადამიანი მოიპოვებს ჭეშმარიტ სიყვარულს საკუთარი თავისა. და პირიქით, სხვისი უსიყვარულობა აჩვენებს, რომ ადამიანს არ უყვარს, არ ხედავს და ამიტომაც, უარყოფს საკკუთარ თავს. "შებილწულსა და დაბნელებულ სულს, - ბრძანებს ღირ. ისააკ ასურელი, - ვერ ძალუძს ვერც სხვისი და ვერც საკუთარი თავის ხილვა" (Слова подвижнические», слово 17).

ამასთან არის დაკავშირებული ბოროტების ბუნების მართლმადიდებლური გაგებაც: ბოროტებას არა აქვს ყოფიერება, არამედ ის არაარსებითია. ბოროტებას "არსი არა აქვს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი), ის, ღირ. ამბა დოროთეს თქმით, არის "ონტოლოგიური სიცარიელე". წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: "ნუ წარმოიდგენ, თითქოდა ბოროტებას თვითმყოფადობა გააჩნდეს. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. იცი, რომ თვალი შექმნილია; მაგრამ სიბრმავე თვალის დაზიანებით არის გამოწვეული და არა სხვა რამით. ამიტომაც, თვალი, თავისი ბუნებით დაზიანებას რომ არ იყოს დაქვემდებარებული, სიბრმავეც არ იარსებებდა. ასეა ბოროტებაც, ის თავისთავად როდი არსებობს, არამედ სულის დაზიანებას მოსდევს" ("იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი"). ამაზე უთითებს წმ. გრიგოლ ნოსელიც: "ბოროტება ონტოლოგიურად როდი არსებობს, ის ვლინდება სულის განწყობაში", ანუ მისი თავისუფალი ნების მიმართულებაში.

გააჩნია რა შეგნება და ნების თავისუფლება, ადამიანს, ცხოველისგან განსხვავებით, შეუძლია გააკეთოს როგორც საუკეთესო არჩევანი (აღიაროს სხვათა პიროვნული უფლებები, უყვარდეს და ა. შ.), ასევე უარესიც (იყოც თვითნება, სულიერად ყველასგან გაუცხოებული, რაც თავისთავად არის უკვე ბოროტება). ადამიანი, რომელიც თვითნებობის გზით, ბუნების საწინააღმდეგოდ მიდის, არაბუნებრივ ვნებებში ინთქმება, მისი ცხოვრება ხდება მახინჯი, არაჭეშმარიტი, არაბუნებრივი და გარდაიქცევა მონსტრად, რომელიც ნთქავს ყოველგვარი სიკეთის გამოვლინებას მასში, საკუთარი ნების ბოროტებისკენ მიქცევის წყალობით.

საკუთარი ნების ძალით ადამიანს შეუძლია აირჩიოს სიმხეცე, უარი თქვას სხვათა პიროვნულ უფლებებზე, სიყვარულზე, ურთიერთობაზე, მაშასადამე, სულიერ ცხოვრებაზე... ამიტომაც ამბობს სახარება, რომ ადამიანი, რომელიც შეგნებულად უარყოფს ნათელსა და სიკეთეს, სანაცვლოდ კი სიბნელესა და ბოროტებისადმი მსახურებას ირჩევს, ჯობდა არ დაბადებულიყო (მათე 26:24; მარკოზი 14:21). წმიდა წერილის თანახმად, ადამიანი შეიძლება იყოს "ბნელი": "რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით" (ეფეს. 5:8), - ეუბნება წმ. მოციქული პავლე ქრისტეანებს. "ბოროტება სხვა არაფერია, - წერს ღირ. იოანე დამასკელი, - თუ არა სიკეთის ნაკლებობა, მსგავსად იმისა, როგორც სიბნელეა - სინათლის ნაკლებობა".

ბოროტება - ეს არის გაუცხოება. ღირ. მაკარი დიდი ამბობს, რომ "ღმრთისთვის ბოროტება არ არსებობს (რადგან მასში არ არსებობს გაუცხოება), მაგრამ ჩვენთვის ის არსებობს - როგორც ღმრთის თანაზიარობისგან განდგომა. შეუძლებელია ბნელსა და ცოდვაში არ იყოს ის, ვისაც არა აქვს ურთიერთობა ღმერთთან, ანუ ვისაც არა აქვს ღმრთის მადლი. სიტყვა "ჯოჯოხეთი" ნიშნავს "დაბნელებულ ადგილს" (ადგილს, სადაც არ არის ნათელი), ანუ - უკუნი ბნელი, სიცარიელე. როგორც წმ. მამები ასწავლიან, უმთავრესი ტანჯვა ადამიანისთვის იქნება ღმრთისგან განშორება.

"მრავალ უგუნურს, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - მხოლოდ გეჰენიისგან თავდახსნა სურს. მაგრამ, მე გეჰენიაზე უმწარესად და უმძიმესად მიმაჩნია იმ დიდების მოკლება, ღმერთმა რომ უბოძა ადამიანს. ამიტომაც, ვინც ამ დიდებას მოაკლდება, ვფიქრობ, იმდენად გეჰენიის სატანჯველებზე არ უნდა გლოვობდე, ვიდრე ზეციურ სიკეთეთა მოკლებაზე. რადგან მარტო ეს არის ყოველგვარ სასჯელზე უმწარესი სასჯელი".

"ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის" (3 ეზრა 7:25), - განუმარტავს ეზრას უფალი. მხოლოდ პიროვნულ საფუძველზე არსებობს სულის თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. სიყვარულის დაკარგვას მოსდევს სულის სიცოცხლის ჩაკვდომა, აქედან კი, იკარგება მარადიული სიცოცხლე, მარადიული ნეტარება, რომელსაც უცილობლივ გააჩნია პიროვნული ხასიათი. პიროვნული ურთიერთობის გარეშე ადამიანის სული არარეალიზებული ხდება, იკარგება მისი ყოფიერების მთელი აზრი და დანიშნულება. მაშინ ადამიანი ხდება "ცარიელი". ეს არის მარადიული წარწყმედა და სულიერი, ანუ "მეორე სიკვდილი" (გამოცხ. 20:6), რომელიც უკვე აქ, დედამიწაზე იწყება.

"მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა" (მათე 8:22), - ამ სიტყვებით უფალი უთითებს, რომ ცოცხალი ადამიანები თავიანთი სულიერი მდგომარეობისდა მიხედვით შეიძლება იყო მკვდრები. "ადამიანი, რომელსაც უფლისადმი სასოება არ გააჩნია, რომელიც მას არ ანდობს თავის სიცოცხლეს, უკვე მკვდარია", ბრძანებენ ქრისტეანი მოსაგრენი. ცოდვილთა მარადიული ტანჯვა, საეკლესიო სწავლების მიხედვით, სწორედ სიცარიელის შეგრძნობასა და სინდისის მტანჯველ ჭმუნვაში მდგომარეობს. ამიტომაც, ჯოჯოხეთის სატანჯველნი - ეს ცუდი ცხოვრებისთვის მიკუთვნებული სასჯელი კი არ არის მხოლოდ, ეს არის მდგომარეობა, ღმრთისგან და სხვა პიროვნებებისგან განშორებისა და გაუცხოების საშინელი მდგომარეობა; ეს არის ღმრთის ცხოველმყოფელი ნათლისგან განშორების უმძიმესი განცდა, სადაც მოუნანიებელ ცოდვილებთან ერთად, ამ საშინელ მდგომარეობას გაიზიარებენ დაცემული ანგელოზებიც. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41).

ღმრთისგან ადამიანს ცოდვა განაშორებს. ადამიანი ნამდვილ ადამიანად მხოლოდ მაშინ შეიძლება იწოდოს, როდესაც ის ღმერთთან არის. ღმრთისგან განშორებით კი ადამიანი საკუთარ თავსაც განშორდება, კარგავს საკუთარ სახეს. ხდება ადამიანის დეპერსონალიზაცია. წმ. მოწამე პატროკლეს (17 აგვისტო ძვ. სტ.) ცხოვრებაში გადმოცემულია, როგორც მიმართა ამ მოწამემ წარმართ იმპერატორს, რომელიც მას კერპებისადმი თაყვანს აიძულებდა: "შენ გაგაჩნია ყოველგვარი სიმდიდრე დედამიწაზე, რომელიც წამიერია და წარმავალი, მაგრამ შენ ხარ ღატაკი, რადგან არ გაქვს საკუთარი თავი, რაკიღა შენს გულში ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს რწმენა და სიყვარული არ მოგიხვეჭია; ამიტომაც, შენს მამასთან, ეშმაკთან ერთად, მართლმსაჯული ღმერთი მარადიული ტანჯვით დაგსჯის".

"მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი" (3 ეზრა 1:27). ღმრთისგან გაუცხოების მეორე მხარეა თვითმკვლელობა. პირუტყვს მიმსგავსებული ადამიანები, სახარებაში აღწერილი ბოროტი დემონებივით, რომლებიც ღორის კოლტში შევიდნენ, არარსებობის უფსკრულისკენ მიისწრაფვიან (შეად. ლკ. 8:26-39). "მეექვსე მცნება ღაღადებს: არა კაც ჰკლა (გამ. 20:13), მაგრამ ჩვენ განუწყვეტლივ ვკლავთ საკუთარ სულს... და ეს არის მისი ყოველდღიური მოკვლა. "არა კაც ჰკლა" ნიშნავს, - აირჩიო სიცოცხლე.

ცხოვნება - ეს არის ღმრთისა და საკუთარი თავის პოვნა. "ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:21). ერთი ძველი ქრისტეანული აპოკრიფის თანახმად, უფალს ეკუთვნის ასეთი სიტყვები: "ვინც საკუთარი თავი ჰპოვა, მთელი სამყაროც კი არ არის მისი შესაფერი" (თომას სახარება, 115) (Апокрифы древних христиан: Исследование, тексты, комментарии. М., 1989. С. 262). ღმრთისგან განშორებული ადამიანი თითქოსდა თავის თავს არ ეკუთვნის. იხილეთ, რა არის ნათქვამი სახარებაში უძღებ შვილზე: "გონს რომ მოეგო, თქვა... ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე (ლუკა 15:17-18)". ანუ, უძღებმა შვილმა გადაწყვიტა მამას დაბრუნებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მან მაშინ მიიღო, როდესაც გონს მოეგო. ცოდვაში მყოფი, ის ცხოვრობდა უგუნურად და უაზროდ, რადგან ცოდვა არის საღი აზროვნების წართმევა. "მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა" (ლუკა 15:24).

მართლმადიდებლობა, ღმრთის მადლით, ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავი დააღწიოს ცოდვის მონობას, გამხეცებას, გაპირუტყვებას და დაუბრუნდეს საკუთარ თავს, ამით კი ღმერთს და კვლავ შეიქმნას ღმრთის მსგავსი და ხატი სულიერი ადამიანი. ეკლესიის მოძღვართა სწავლებით, ადამიანის ცხოვნების არსი სწორედ ღმრთის მსგავსებისა და ხატების აღდგენაში მდგომარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ეს არის ღმრთის სახელოსნო, სადაც იწრთობა პიროვნების სული, ხოლო სახარება - პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლითაც ძალუძს ადამიანს ამ მიზნის მიღწევა. საღმრთო მცნებები (როგორც ძველაღთქმისეული, ასევე ახალაღთქმისეული), ასევე საეკლესიო კანონები, წეს-ჩვეულებები, წეს-განგებები და სათნოებები, ადამიანში ღმრთის მსგავსებისა და ხატების აღდგენისკენ არიან მიმართული. და როდესაც ადამიანი, ღმრთის მადლის შემწეობით, კვლავ აღადგენს თავის პიროვნებას, "ხრწნადი შეიმოსება უხრწნილებით" (1 კორ. 15:54) და, ასე ვთქვათ, სიცოცხლით იქნება შთანთქმული (იხ. 2 კორ. 5:4), მაშინ უკვე "არასაჭირო იქნება სჯული, მცნებები და განგებები", მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა იმისა, რომ "სჯული მართალთათვის არ არის დადგენილი" (1 ტიმ. 1:9)".

ადამიანის შობის, განვითარების და მასში სულიერი სიცოცხლის განსამტკიცებლად არის მიმართული ყველა საეკლესიო საიდუმლო და წესი, ნათლისღების წმიდა საიდუმლოდან დაწყებული. ამ საიდუმლოში აღდგება ღმრთის ხატი ადამიანში: ის კვდება "პირუტყვული", ანუ ხორციელი და ცოდვილი ცხოვრებისთვის და სულიწმიდით აღსდგება, როგორც სულიერი, განახლებული ადამიანი. სულიწმიდისგანვე იღებს ის ძალებს წმიდა და სულიერი ცხოვრებისთვის. ქრისტემ, რომელიც თავისი ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს, "შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა" (იოანე 20:22). წმიდა მამათა განმარტებით, სულის ეს შებერვა მიანიშნებდა ადამიანში ღმრთის ხატის აღდგენას, რომელიც მას თავიდან, შესაქმის დღიდან მიეცა (როდესაც ღმერთმა "შთაბერა მის პირს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7), მაგრამ, რომელიც შემდეგ, დამახიჯნდა ცოდვით დაცემით. ამიტომაც, მაცხოვარმა სულის შთაბერვის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოანე 20:23). აი, რატომ უწოდებენ სინანულის საიდუმლოს მამები მეორე ნათლისღებას.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ადამიანის შემოსვლა ხორციელდება სამი ძირითადი საიდუმლოს მეშვეობით. ესენია: ნათლობა, მიროცნხება და ზიარება.

ნათლობა ადამიანის სულიერი დაბადებაა. ის არის "მეორედ შობის" საბანელი, რომელიც ადამიანს და ეკლესიას აერთიანებს ერთმანეთთან და ჩასწერს მას ზეციურ სასუფეველში. "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე. 3:5). ნათლობის საიდუმლო ქმნის ახალი, ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისს. "ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი ნათლობაა და ამ ახალი ცხოვრების პირველი დღე - ახალი დაბადების დღეა", - წერს წმ. ბასილი დიდი ("სულიწმიდის შესახებ"). ასეთია ნათლობის ხასიათი, რომელიც ერთის მხრივ, აჩვენებს მის მნიშვნელობას ყოველი ადამიანისთვის, მისი ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის, მეორეს მხრივ კი, აღინშნავს ამ ახალი ცხოვრების გაგრძელებასა და მის ბოლომდე მიყვანას. ნათლობა ათავისუფლებს ადამიანს ცოდვის მონობისგან და უხსნის მას გზას ღმრთის "მსგავსებისკენ". მაგრამ ამ გზაზე სიარული მხოლოდ სულიწმიდის მადლით არის შესაძლებელი. ამიტომაც, ნათლობის საიდუმლო მჭიდროდ არის დაკავშირებული მირონცხების საიდუმლოსთან.

თუკი ნათლობას ახალ ცხოვრებაში შეჰყავს ადამიანი, მირონცხება მას აძლევს ენერგიას ამ მიზნის განსახორციელებლად. როგორც წმ. ნიკოლოზ კავასილა აღნიშნავს, მირონცხება შესაძლებელს ხდის ყოველმა ადამიანმა მიიღოს სულიწმიდის ნიჭები მისი მზადყოფნისდა შესაბამისად" ("О жизни во Христе").

მესამე უმთავრესი საიდუმლო, რომელშიც ხორციელდება პირველი ორი საიდუმლოს მიზანი - წმიდა ევქარისტიაა. ეს არის ეკლესიის ბოლო და ყველაზე უმთავრესი საიდუმლო. "არავის ძალუძს მის იქით გადასვლა ან რაიმეს შემატება მისთვის. რადგან პირველი საიდუმლო, ანუ ნათლობა, აშკარად საჭიროებს მეორეს, მეორე კი ამ უკანასკნელს. ხოლო საღმრთო ევქარისტიის შემდეგ სხვა აღარაფერი არსებობს, საითკენაც შეგვეძლო წასლვა, არამედ აქ უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნეთ ეს საგანძური სიცოცლის ბოლომდე... მირონცხების შემდეგ მივეახლებით წმიდა ტრაპეზს, და ეს არის სიცოცხლის საზღვარი. აქამდე მისულს უკვე აღარ დასჭირდება სხვა კეთილდღეობა" (святой Николай Кавасила, "О жизни во Христе").

წმიდა წერილიდან და წმიდა მამათა სწავლებიდან ვიცით, რომ ცხოვნება შეუძლებელია სინანულის გარეშე. სინანული ეს არის საკუთარი გაუცხოების აღიარება, რომელიც შეერთებულია მისგან გათავისუფლების გულწრფელ სურვილთან. სინანულის საიდუმლოს არსი მდგომარეობს ჩვენში შემოჭრილი და დაბუდებული პირუტყვობის, გამხეცების ძლევის სურვილში, მის უარყოფაში, გაუცხოების პრინციპულ უკუგდებაში. აქედან ვხვდებით სახარების მოწოდების ჭეშმარიტ არსს, რომელიც ბრძანებს: "შეინანეთ, რადგან მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე. 3:2; 4:17), - რადგან ამ სასუფეველში არ არსებობს სიმხეცე, გაპირუტყვება და გაუცხოება.

როდესაც ადამიანი ცხოვრობს ეგოისტური პრინციპით: "ვიცხოვრებ მხოლოდ საკუთარი თავისთვის", სინამდვილეში მართლაც საკუთარი თავისთვის კი არ ცხოვრობს, არამედ მიათრევს თავის ნახევრადცოცხალ "არსებობას", ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, როგორც "ფიზიკური პირისთვის", და არა როგორც ადამიანისთვის. XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი მოაზროვნე ე. პ. ასტაფიევი მკაფიოდ მიუთითებდა ყოველი ადამიანის ამ ძირითად და უცილობელ არჩევანზე: ადამიანი ან "ფიზიკური არსებაა" (ანუ, არსებითად "ნახევრადადამიანია"), ან კიდევ "სულიერი არსება" (П. Е. Астафьева "Из итогов века"). ფიზიკურ არსებას, მკაცრად რომ ვთქვათ, სინამდვილეში არაფერი აქვს თავისი, საკუთარი, მასში ყველაფერი ჯოგურია და პირუტყვული.

მართლმადიდებელი ქრისტეანის შინაგანი ღვაწლის მთელი არსი მდგომარეობს ბრძოლაში მის სიმხეცესთან და პირუტყვობასთან, მის ძლევაში, დამარცხებაში, საკუთარი თავიდან ამ ჯოჯოხეთის თანდათანობით გამოდევნაში. "შინაგანი კაცი" ყოველთვის პოულობს კმაყოფილებას ღმრთის სჯულში (იხ. რომ. 7:22), ანუ პირადი ურთიერთობის სჯულში. მაგრამ, ამავე დროს ის "თავის ასოებში ხედავს სხვა სჯულსაც (ღმრთი მიერ შექმნილ ადამიანში რომ შემოიჭრა და დაამახინჯა იგი გაუცხოების სჯულით), რომელიც მისი გონიერების, ანუ სულის, პიროვნების სჯულს ეწინააღმდეგება და მას ცოდვის მონად აქცევს (რომ. 7:23).

სულიერი ადამიანი ცოდვას რომ ჩაიდენს, ის მკაფიოდ და ცხადად გრძნობს საკუთარ თავში მის შედეგებს, გრძნობს საკუთარი მდგომარეობის ცვლილებას ჩადენილი ცოდვის შემდეგ, მკაფიოდ ხედავს მასში, ცოდვით შემოჭრილ გაუცხოებას და გამხეცებას. ხორციელი ადამიანი კი, როდესაც ცოდვას სჩადის, ამგვარ ცვალებადობას ვერ გრძნობს, რადგან ხორციელი კაცი სულიერად მკვდარია, უგრძნობელია და იმყოფება გაუცხოებულ და გამხეცებულ მდგომარეობაში. რომ გადარჩეს, ადამიანმა უნდა დაინახოს საკუთარ თავში ეს გამხეცება, სრულიად შეიძულოს იგი და ღმრთის მადლის შეწევნით, განაგდოს თავისგან, როგორც უცხო და მავნე ფურუნკული. მაშინ აღსდგება მასში ღმრთის ხატება, და ადამიანი დაიწყებს ღმრთითსათნო სულიერ ცხოვრებას.

"უვნებობიტ ადამიანი საკუთარ თავში აღადგენს ღმრთის ხატს", - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი. რადგან, როგორც ღირ. ისააკ ასურელი ამბობს, "სული თავისი ბუნებით უვნებოა", და თუკი "სათნოება ეს არის სულის ბუნებრივი მდგომარეობა", ვნებები არაბუნებრივია, რაადგან ისინი "შეძენილია და გარედან შემოჭრილი, რომელშიც თვით სულია დამნაშავე" ("Слова подвижнические", слово 3).

იმავე ღირ. მამის, ისააკ ასურელის აზრით, ვნებები ჩვენს გულის ნიადაგში ჩათესილი ღვარძლია და როგორი ღვაწლი და შრომა გვმართებს, ამ ნიადაგიდან რომ ამოვძირკვოთ ისინი. წმინდანები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მიწიერი ცხოვრების პირობებში, იღვწოდნენ დაბრუნებოდნენ პირვანდელ ცხოვრებას. "ყველა წმინდანი, - ბრძანებს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა ცოდვას და არაფრად აგდებდა ამ ცხოვრებას, ითმენდა სიკვდილის მრავალგვარ სახეობას, რათა თავი განეშორებინა ამა სოფლის მიდრეკილებისგან და შეერთებოდა ღმერთს, შეერთებინა თავის ბუნების განცალკევებული ნაწილები" (Прп. Симеон Новый Богослов. Двенадцать слов. Изд. Оптиной Пустыни, 1989. С. 223).

ადამიანის არსების საიდუმლო, - ასწავლის ცნობილი სერბი ღვთისმეტყველი, იუსტინე პოპოვიჩი ( †1979), - ედრება ხორბლის თესლის საიდუმლოს: თუ ადამიანი საკუთარი პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის ნაჭუჭში ჩაიკეტება, მარტოობაში დარჩება, გახმება და დაიღუპება, მაგრამ თუ თესლი, ქრისტესადმი რწმენით და სარწმუნოებრივი ღვაწლით პოხიერ ნიადაგში ჩაითესება, თესლი ჩალპება ამ ნიადაგში, მაგრამ სწორედ მაში გაცოცხლდება იგი, აღმოცენდება და მრავალ ნაყოფს გამოიღებს... ადამიანი იდეალურ სრულყოფილებს და პიროვნების აბსოლუტურ სისრულეს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც სრულიად შეერწყმის ღმერთკაც იესუ ქრისტეს საკვირველ და ბრწყინვალე პიროვნებას" (Прп. Иустин (Попович). Достоевский о Европе и славянстве. М., 2002. Цит. по: Любовь как сущность Бога и человека: Из творений преподобного Иустина (Поповича) // Православный церковный календарь – 2004 с душеполезными поучениями и повествованиями из истории Соловецкого монастыря. С. 134.).


თავი 5

ურთიერთობა


"იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოანე 17:22)


როდესაც ადამიანი განისაზღვრება როგორც "ღმრთის ხატი", ეს განსაზღვრება აფიქსირებს უმთავრესს - ადამიანის კავშირს ღმერთთან, ღმრთის მოწოდებას ადამიანისადმი. რა მოწოდებაა ეს? ეს არის მოწოდება ერთობისა და სიყვარულისკენ. ადამიანი არის პიროვნება და ღმრთის მსგავსება იმ ზომიტ, რა ზომითაც აქვს მას ურთიერთობა ღმერთთან და რა ზომით აღიარებს ის ამგვარ მსგავსებას სხვა ადამიანებში.

ადამიანის არსებობის ერთადერთი აზრი - პირადი უკვდავებაა. "რა არის უკვდავება? - კითხულობს უდიდესი ქრისტეანი ფილოსოფოსი ისააკ ასურელი და პასუხობს: - უკვდავება - ეს ღმრთის შეგრძნებაა", ანუ - პირადი ურთიერთობა ღმერთთან.

"როდესაც ეკლესია ასწავლის მარადიული სიცოცხლის შესახებ, ლაპარაკი სულაც არ არის ერთგვარ მომავალ "მდგომარეობაზე", რომელშიც ადამიანის ამა თუ იმ ნაწილს, - მის "სამშვინველს" თუ "სულს", - ძალუძს გადარჩეს სხეულის სიკვდილის შემდგომ. ეკლესიის რწმენა არის იმაში დარწმუნება, რომ ჩვენი არსებობა განპირობებულია არა მისი ბუნების ფსიქოფიზიკური თვისებებით, არამედ ღმერთთან კავშირით, მისი სიყვარულით ყოველი ჩვენთაგანისადმი. მარადიული სიცოცხლისადმი რწმენა ეს არის დაჯერება იმისა, რომ ღმრთის სიყვარული უცვალებელია ჩვენდამი.

ამავე დროს, მარადიული ცხოვრება იქნება არა მარტო სულის სიცოცხლე, რომელიც გათავისუფლდება ხორცისა და სამშვინველისგან, არამედ სიცოცხლე ახალ იერუსალიმში, რომელიც ასე მკაფიოდ აღწერა იოანე ღვთისმეტყველმა თავის გამოცხადებაში: "მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი" (გამოცხ. 21:1-5).

მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, სიკვდილის პერსპექტივა ადამიანს "დღის დაზოგვას", ღირსეულ ცხოვრებას ასწავლის. ადამიანი ჭვრეტს უკეთესს არსებულიდან, შეჰხარის ყოველგვარ სრულყოფას, მდიდრდება სულიერი გამოცდილებით, მადლობს და ხარობს მიღებული წყალობით (Ильин И. А. Аксиомы религиозного опыта. М., 1993. С. 412).

უკვდავების ქრისტეანული გაგება ასახულია "სიკვდილით შობის" საიდუმლოში. სიკვდილმა უნდა გვირგვინოსან ჰყოს ადამიანის ცხოვრება. მას ისეთი დასასრული უნდა ჰქონდეს, რომელშიც უკვე იქნება გამობრწყინვებული ახალი აღმასვლის დასაწყისი. ის ამქვეყნიური განწმენდის უკანასკნელი ეტაპია, ბოლო სულიერი გამოცდა და ადამიანის მატება, ღმრთისადმი მიმართული სულიერი სიყვარული და უკანასკნელი კითხვა სულიერი შემეცნებისა" (Там же. С. 413).
"ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?" (ინ. 11:26). "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში" 9ინ. 5:24). წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთთან ურთიერთობა - ეს არის სწორედ პირადი უკვდავება, ხოლო მადლი - სიცოცხლე სამარადისო. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. ღმერთთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა, მისგან სრული გაუცხოება - ეს არის სულიერი სიკვდილი და მარადიული წარწყმედა.

"ხშირად ქრისტეანული ზნეობის დაცვა გაიგივებულია იმ ღირებულებებთან და კანონებთან, რომლებიც თავის მხრივ გამომდინარეობენ სახარებიდან და საეკლესიო გადმოცემიდან. შესაბამისად, სწამთ, რომ ეს ზნეობა განქარდება იქ, სადაც ამ ღირებულებებს უგულებელჰყოფენ, კანონებს კი არღვევენ. ასეთი შეხედულება შეიძლება კარგად იქნეს დასაბუთებული საზოგადოების ინტერესების პოზიციიდან. სავარაუდოდ, ის სწორია და სასარგებლოა საზოგადოებრივი წყობისთვის, ზნეობრივი საკადრისობისთვის. მაგრამ შეუძლებელია სწორად და მით უმეტეს საკმარისად მივიჩნიოთ ის საღვთისმეტყველო პოზიციიდან. რადგან ხსენებული შეხედულება უგულებელჰყოფს ადამიანის კავშირს ქრისტესთან. არადა ქრისტეანის სიმტკიცე ღირებულებათა მიღებისა და კანონთა დაცვის საკითხში, რომელიც სახარებასა და საეკლესიო გადმოცემას ეხება, არავითარ სარგებლობას არ მოიტანს, თუ არ არსებობს უშუალო კავშირი ქრისტეს პიროვნებასთან.

ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმრთის კანონი ან მცნება წარმოსდგება როგორც მისი პირადი ნება. შესაბამისად, ღმრთის კანონის ან მცნების დარღვევა არ განიხილება როგორც უბრალო უწესრიგობა ან კიდევ ზნეობრივი გადახრა, არამედ როგორც ღმრთის ნების უარყოფა, ან კიდევ ღმერთთან ურთიერთობის გაწყვეტა. ღმრთის კანონის ან მცნების ფორმალიზაცია უეჭველ გადახრად გარდაიქცევა, რადგან ამაშია არსი ფარისევლობისა. ახალ აღთქმაში ღმრთისა და ადამიანის ურთიერთობის პიროვნული ხასიათი თავის ლოგიკურ დასრულებას ღებულობს. თვით ღმერთი ხდება ადამიანი და პირად ურთიერთობაში შედის მასთან. ახალი აღთქმის სჯული ხდება ლოგოსი, ქრისტე. ამიტომაც, ძველი სჯულის მცნება გარდაიქმნა მადლად, რომელიც ქრისტემ მოიტანა" (წმ. მელიტონ სარდელი. "პასექის შესახებ").

როდესაც ჩვენი სინდისის თვალსაწიერიდან ქრისტესთან პირადი ურთიერთობის ხასიათი იკარგება, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ქრისტეანულ ცხოვრებასა და ქრისტეანულ ზნეობრიობაზე. განწყობა, რომელსაც ხშირად ვხვდებით ქრისტეანულ სამაყაროში ისეთია, რომ მორწმუნე ადამიანი მიისწრაფვის დაიცვას ტრადიციით ნაკურთხი ღირებულებები ან კიდევ თანამიმდევრული იყოს ქრისტეანული კანონების დაცვისას, მაგრამ ქრისტესთან რაიმე პირადი ურთიერთობისა და კავშირის გარეშე, რაც უკვე მანკიერებაა. ამგვარი განწყობა აუცილებელია შეფასდეს არა იუდაიზმთან უბრალო დაბრუნებად, არამედ დაბრუნებად მისი ყველაზე დაცემული ფორმით, რომელიც სახარებებში ფარისევლებისა და სადუკევლების სახით არის წარმოჩენილი.

არავინ უარყოფს, ცხადია, ზნეობრივი კანონის ან ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, ადამიანთა შორის ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმრთის კერძო ნება გამოიხატება ადამიანთა ცხოვრებაში, როგორც ისტორიულად, ასევე ზნეობრივი კანონის სახით, ზნეობრივი ღირებულებების სახით. მაგრამ, ხსენებულ საგანთა მნიშვნელობისდა მიუხედავად არ შეიძლება მათი გაიგივება ქრისტეანულ ზნეობასთან.

როდესაც ქრისტეანი თავის ცხოვრებას ნებისმიერი გარდამავალი კანონებისა და ღირებულებების საფუძველზე აგებს, ის შეიძლება იყოს საზოგადოების უზადო წევრი, სანიმუშო მოქალაქე, წესიერი მეოჯახე, ღირსეული ადამიანი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი ქრისტეანია იგი. არა იმიტომ, რომ ყოველივე ამას აქვს ანტიქრისტეანული ხასიათი. პირიქით, ის საკმაოდ ღრმად არის დაკავშირებული ადამიანის ბუნებასთან, რომელიც არსით ქრისტეანია, და იზრდება ადამიანში კაცობრიობაზე ქრისტეანული რწმენისა და სწავლების მრავალსაუკუნოვანი გავლენის შედეგად. მაგრამ ეს სათნოებები ნამდვილად ქრისტეანული რომ გახდეს, აუცილებელია შეუერთდეთ ქრისტეს პიროვნებას. უფრო ზუსტად, აუცილებელია წმიდა სამებასთან: მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან შეერთება.

ქრისტე არ მოუწოდებს ადამიანს შეეწყოს კანონებს, განკარგულებებს და ბრძანებულებებს ან კიდევ შეითვისოს ზნეობრივი და ფილოსოფიური პრინციპები. ის ადამიანს მისდამი მიყოლას მოუწოდებს. ხოლო ქრისტესადმი მიყოლის პირობად ღმერთი საკუთარი თავის უარყოფას და სიკვდილისთვის მზადყოფნას გვიყენებს: "მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მათე 16:24-25).

ქრისტე არ ითხოვს ადამიანისგან ისეთს, რომლისთვისაც მრავალგზის არ მიაგებს. აქ ის ადამიანისგან თვით ადამიანს და მის სიცოცხლეს ითხოვს. მაცხოვარი ითხვს რათა ადამიანმა უარყოს საკუთარი თავი და მას მისდიოს, თავისუფლად შესძლოს საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა, რათა ჭეშმარიტად კვლავ მოიპოვოს. და აქ ლაპარაკია არა კანონების დაცვაზე ან ღირებულებების აღიარებაზე. იმიტომ კი არა, რომ ისინი უსარგებლოა, არამედ იმიტომ, რომ თავისთავად ისინი ჯერ კიდევ არ მიანიშნებენ იმაზე, რომ მიჰყვებიან ქრისტეს.

ვინმეს თუ ქრისტეს მიყოლა და სიკვდილამდე მისი მცნებების ერთგულება არ სურს, რამდენი კანონიც უნდა დაიცვას, რამდენი ღირებული და ღირსეული საქმეც უნდა აღასრულოს, ქრისტეანული თვალსაზრისით ღირებული ამაში არაფერი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უსჯულოდ და უკანონოდ მცხოვრები, მაგრამ მონანული ადამიანი სჯობია, რადგან სინანული ხომ სულის ცხოვნების პირობაა რასაც ქრისტეს სიტყვებიც ადასტურებს: "მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9:13).

ადამიანის ცხოვრება აღესრულება ღმერთთან მისი პირადი ურთიერთობით. ხოლო ეს კავშირი მყარდება ღმრთის სჯულის ან ღვთიურ და ზნეობრივ ღირებულებათა მიერ. ის იქმნება ღმრთის მცნებათა დაცვით, რომელიც არის მარად ცოცხალი ღმრთის მოქმედება ჩვენში, რადგან "მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა" (ინ. 12:50). ეს არის სიცოცხლე, რომელიც სიკვდილს ამარცხებს.

კაცობრიობის ისტორიული არსებობა და საზოგადოებრივი წესრიგი საჭიროებენ კანონებსა და ღირებულებებს. მაგრამ ეს ყოველივე უნდა შეეწეოდეს ადამიანს, და არ ბატონობდეს მასზე, რადგან: "შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის" (მკ. 2:27). ადამიანი ქრისტეანი ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანონებისა და განწესებების თანხმიერად ცხოვრობს. ის ქრისტეანი მაშინ ხდება, როდესაც მორჩილებს ღმერთს და საკუთარ ცოდვებს ნანობს, როდესაც ამტვრევს ეგოიზმის ნაჭუჭს და ეხსნება ქრისტეს. როდესაც ის გადაწყვეტს მიჰყვეს ქრისტეს, უარს ამბობს საკუთარ თავზე და მის მცნებებს სიკვდილამდე იცავს. აქ ამჟღავნებს თავს მცნების ბუნება: ქრისტეს მცნება, რომელიც მარადიულ სიცოცხლესთან არის გაიგივებული; ეს არის ორმაგი მცნება სიყვარულისა, - ღმრთისა და მოყვასისადმი.

ქრისტეანული სული უპირველეს ყოვლისა მოიცემა ცხოვრებისეულად. ქრისტეანული ცხოვრება უნდა გამოხატავდეს ქრისტეანული რწმენის შინაარსს. ის უნდა აქეზებდეს სხვებს გასინჯონ ქრისტეანული ცხოვრების წესი. ასე რომ, საბოლოოდ, საზოგადოების გამოსწორება - ეს არის ადამიანის პირადი გამოსწორების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი ჩვენთაგანი - საზოგადოების წევრია და როდესაც საკუთარ თავს ვასწორებთ, საზოგადოების რაღაც ნაწილსაც ვასწორებთ, ერთდროულად კი ვქმნით ჯანსაღი ცხოვრების კერას.

მაგრამ, როდესაც საზოგადოების გამოსწორების საკითხს განვიხილავთ, როგორც კერძო საქმეს, უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს ის, რომ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ სხვისგან ეს გამოსწორება. თუკი თვით ღმერთი ძალდატანებით არავის ასწორებს, როგორ შეგვიძლია ჩვენ ამისი გაფიქრება? სხვა ადამიანის თავისუფლების პატივისცემა ყოველგვარი ქრისტეანული მოღვაწეობის საფუძველთა საფუძველია.

მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთარი თავის გამოსწორება ოდენ საკუთარი ინტერესებით შემოფარგვლასა და თვითჩაკეტილობას როდი ნიშნავს. ადამიანი არსებობს როგორც პიროვნება და ყოველთვის სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში ვითარდება. თვითშეზღუდვა და კარჩაკეტილობა შესაძლოა საჭირო იყოს დროის რაღაც მონაკვეთში, თვითკრიტიკისა და თვითჩაღრმავების მისაღწევად. მაგრამ ქრისტეანის მიზანი სულაც არ არის საკუთარი თავით შეზღუდულობა და ჩაკეტილობა, არამედ მთელი კაცობრიობისადმი სამახარობლო საქმის ქადაგება.

სააღდგომო ტროპარში ვგალობთ, რომ ჩვენმა უფალმა "სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა". ხოლო ქრისტეს სიკვდილი, ლიტურგიის მიხედვით, - "ცხოველმყოფელია". "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:55). ხოლო "სიკვდილის ნესტარი ცოდვაა" (1 კორ. 15:56), ანუ გაუცხოება (რადგან ცოდვა ღმრთისგან აუცხოებს ადამიანს). ჯვარზე თავისი სიკვდილით გამოაძრო რა სიკვდილის ნესტარი (გააუქმა გაუცხოება) მაცხოვარმა, გააუქმა სიკვდილი როგორც გაუცხოება ღმრთისგან, როგორც სიცოცხლისგან მოკვეთა. "მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორ. 15:57). სწორედ ამიტომ განკაცდა ქრისტე, ამისთვის ეცვა ჯვარს და მკვდრეთით აღსდგა.

ქრისტე იმიტომაც იწოდება მაცხოვრად, რომ გვიხსნა გაუცხოებისგან, ანუ ცოდვისგან (შეად. მათე 1:21). "რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა" (ეფეს. 2:16-22). მხოლოდ განკაცებული მხოლოდშობილი ძისგან ღებულობენ ადამიანები ჭეშმარიტ და დაუღამებელ სიცოცხლეს, მარადიულობას. "რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას" (ეფეს. 2:18).

"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (გამოცხ. 3:21).


თავი 6

სახელი


ადამიანის სახელი - ეს მის პიროვნებაზე მინიშნებაა, მის სულზე, რომელიც ადამიანის ბუნების უმთავრესი ნაწილია. სახელი ადამიანს გამოჰყოფს მილიარდობით სხვა ადამიანისგან და მისი პიროვნების განუმეორებლობას ადასტურებს.

მამა, ძე და სულიწმიდა - სამი პიროვნება და სამი სახელია და რადგანაც კაციც ღმრთის ხატადაა შექმნილი, ისიც პიროვნებაა. თვით ღმერთმა მისცა მას სახელი "ადამი" უწოდა, რითაც უფალმა ღმრთის ხატებისა და მსგავსების ერთგვარი ნიშანი მისცა. "გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლუკა 10:20), - ეუბნება უფალი სახარებაში თავის მოწაფეებს და მხედველობაში აქვს მათი მომავალი მონაწილეობა მარადიულ ცხოვრებაში. ამრიგად, სახელი ეს არის ერთგვარი "პიროვნების მოწმობა", რომელიც აძლევს ადამიანს უფლებასა და შესაძლებლობას ურთიერთობაში იყოს ყოვლადწმიდა სამებასთან, მონაწილეობა მიიღოს მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც პიროვნებათა ურთიერთობაა. ღმრთის სასუფეველი ეს არის პიროვნებათა ურთიერთობა სიყვარულში, მაშინ როდესაც ჯოჯოხეთი - ამგვარი ურთიერთობა არარსებობაა.

სახელი არა მარტო პიროვნების აღნიშვნაა, არამედ მისი აღიარებისა და მოწოდების საშუალებაც. ადამიანები ურთიერთობას სწორედ სახელთა მეშვეობით ამყარებენ. მეტიც, წმიდა ხატი, მართლმადიდებლური სწავლებით, თავის პირველხატთან სწორედ სახელით არის დაკავშირებული, რომელიც ხატს აუცილებლად აწერია. როდესაც მორწმუნე კაცი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა ან წმინდანთა ხატებს უმზერს და გამოსახულებას მათ სახელს უწოდებს, სწორედ ამ სახელწოდებით შედის ცოცხალ და ლოცვით ურთიერთობაში მასთან. ხატთაყვანისცემის შესახებს საეკლესიო დოგმატის მიხედვით, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ჩამოყალიბდა, "პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას (ანუ პიროვნებას - ავტ.)". აქედან კი გამომდინარეობს, რომ ხატმებრძოლეობის მწვალებლობა საკუთარ თავში შეიცავდა პიროვნული საწყისის უარყოფას, როგორც საერთოდ ყოველი ერესი და ცრუსწავლება (თუკი მათ ამ კუთხით ყურადღებით განვიხილავთ).

რატომ ანიჭებდნენ წმიდა მამები სულიერი ცხოვრებისთვის ასეთ დიდ მნიშვნელობას იესუს ლოცვას? იმიტომ, რომ, ამ ლოცვის დროს, როდესაც ვუხმობთ იესუს სახელს (აქედან ლოცვის სახელწოდებაც), ადამიანი ცოცხალ ურთიერთობაში შედის უფალთან, უერთდება მას სიყვარულით ქრისტეში. ღმრთის სახელის განუწყვეტელი მოწოდება, ანუ განუწყვეტელ ლოცვა - ეს არის სულის ცხოვრება, ცოცხალი და პიროვნული ღმრთისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულება.

ღმრთის სახელის მეშვეობით, როდესაც ის რწმენით გამოითქმება, ურთიერთობას ვამყარებთ ღმერთთან. რწმენა, მოციქულ პავლეს თქმით, ეს არის "უხილავისადმი რწმენა" (ებრ. 11:1). ანუ, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ პიროვნული ღმრთის არსებობაში და იმაშიც, რომ ღმერთს ესმის ჩვენი ვედრება, გვისმენს და შესაძლებლობას გვაძლევს მასთან პიროვნული ურთიერთობისა. ამ დროს, ჩვენში იღვიძებს არა მარტო რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, არამედ "ღმრთიშემეცნებაც".

"პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ" (გამ. 33:11-12, 17).

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ მარადიულად იცხოვრებენ ისინი, ვისი სახელებიც სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება (იხ. მაგ.: გამოცხ.: 13:8). "უფალო, - შეჰღაღადებდა მოსე უფალს, რათა ებრაელი ერი შეეწყალებინა, - დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან" (გამოცხ. 32:31-32). "მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, - ბრძანებს უფალი აპოკალიფსისში, - არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 3:5-6). და კიდევ სხვა ადგილას: "მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ.: 3:12-13).

მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში მონაწილეობა, ზეციურ იერუსალიმში ცხოვრება, ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას და "მისი პირის ხილვას" გულისხმობს. წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ამის შესახებ ნათქვამია: "იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი" (გამოცხ. 22:4). "ღმრთის სახელით აღბეჭდვა კი ეს არის პიროვნული შეხვედრა ღმერთთან, მისი იპოსტასური თვითგამოცხადება" (Прот. С. Булгаков. Апокалипсис Иоанна: Опыт догматического истолкования. С. 248).

სახელის მნიშვნელობის შესახებ ა. ფ. ლოსევი წერდა: "სახელის ბუნება არსში ან მის გამოვლენაში არ მდგომარეობს, ანუ სახელი თავისთავად არ არის არსი (საგნისა და სუბსტანციის თვალსაზრისით), ის არც მოვლენაა, თავისთავად აღებული, რომლის გაიგივება არ შეიძლება არც თავისთავად არსთან, არც საკუთარი თავის გამოვლენასთან, რადგან ის სიმბოლოა... არამედ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თუკი სახელზე ვლაპარაკობთ, ჩვენი "სიმბოლო" წმიდად პიროვნული შინააარსით უნდა იყოს აღსავსე. ამდენად, სახელის უბრალოდ პიროვნებად მიჩნევას ვერ დავუშვებთ, რაგან სახელი თავისთავადი როდია სუბსტანციური თვალსაზრისით; ხოლო პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, სუბსტანციაა... სახელი ეს არის განსხვავებულობა სხვისგან... სახელდებული პიროვნება თვითონაც აღიარებს ამ სახელებს და მათ მოწოდებას ეხმაურება" (წიგნიდან "Философия имени").

თავის ნაშრომში "სახელები" მღვდელი პავლე ფლორენსკი წერს: "საზოგადოებრივი სახელის საბოლოო დაკარგვა ყოველთვის აღნიშნავდა სამოქალაქო და ისტორიულ სიკვდილს, საბოლოო გაქრობას ისტორიის ჰორიზონტიდან; და პირიქით, ისტორიაში შესვლა, მასში საკუთარი ადგილის დაკავება, ყოველთვის იყო დაკავშირებული "საკუთარი სახელის შექმნასთან", რომლის უმაღლეს გამოხატულებას წარმოადგენს სახელის მარადიული ხსოვნა ეკლესიის კრებითი ცნობიერებისა და ღმრთის მიერ. ის, რომ ღმერთს ესა თუ ის სახელი ახსოვს, ნიშნავს ამ "მე"-ს მარადიულ არსებობას, ხოლო ყოფიერებასთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა ღმრთისგან მივიწყებისა და სიცოცხლის წიგნიდან ამოშლის ტოლფასია" (Свящ. Павел Флоренский. Имена / Малое собр. соч. Вып. 1. 1993.)

დღეს მრავალ ქრისტეანს, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიქრისტეანულ გლობალიზაციას და იცავს ადამიანის უფლებას არ დაკარგოს თავისი ქრისტეანული სახელი, ზოგჯერ სახელღმერთობის (имябожничество), ანუ სახელთაყვანისცემის (имяславие) მწვალებლობაშიაც კი დებენ ბრალს და ამის დასტურად ზოგიერთ თანამედროვე ღვთისმეტყველსაც იმოწმებენ, რომლებსაც ამგვარი გადახრები ჰქონდათ. ამიტომაც, ძალზედ მნიშვნელოვანია განიმარტოს, რას იზიარებენ გლობალიზაციის მოწინააღმდეგე ქრისტეანები და რას არა ამ ღვთისმეტყველთა თხზულებებიდან. მაგალითად, სერგი ბულგაკოვი მისდევდა "სოფიის, ანუ ღმრთის სიბრძნის", როგორც "მსოფლიო სულის" შესახებ მწვალებლურ შეხედულებას (ე. წ. "სოფიოლოგია"), ასევე სწავლებას მომავალი აპოკატასტასისის (აღდგენის, განწმენდის) შესახებ, რომლის თანახმადაც ჯოჯოხეთური წამება მარადიული არ იქნება და საერთო ჯამში ყველა ცოდვილი ცხონდება, თვით დაცემული ანგელოზებიც კი (სატანის ჩათვლით).

მაგრამ, ყოველი მსჯელობა სახელის შესახებ ცრუ და მწვალებლური როდია. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებს თავის სტატიებსა და წიგნებში მოჰყავთ დეკანოზ სერგი ბულგაკოვის, მღვდელ პავლე ფლორენსკის და ფილოსოფოს ა. ფ. ლოსევის შეხედულებები სახელის შესახებ მხოლოდ იმისთვის, რათა აჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, რამდენად მნიშვნელოვანია დაიცვა დღეს ღმრთის ხატება და მსგავსება, ღმრთისგან ბოძებული პატივი პიროვნებისა და წმიდა კერძო სახელი, ყოველ ქრისტეანს ნათლობიდან რომ ენიჭება. ჩვენ შევიწყნარებთ მითითებულ მოაზროვნეთა ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ უარვყოფთ სხვა მოსაზრებებს, კერძოდ კი მათ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებს მოცემულ საგანზე.

ჩვენ არ თანავუგრძნობთ ე. წ. "სახელღმერთობის" ცრუ სწავლებას, რომლის მიხედვითაც "ღმრთის სახელი თვით არის ღმრთის უქმნელი ენერგია" და, რომ "ღმერთი თავის სახელში არსებითად და განუყოფლად იმყოფება ისე, როგორც ღმრთის არსი მისი ენერგიისგან", რომ "ღმრთის სახელი (განსაკუთრებით კი სახელი "იესუ") თვით ღმერთია". ასე ასწავლიდა, მაგალითად, სახელღმერთობის "ბელადი" მღვდელმონაზონი ანტონი (ბულატოვიჩი). და ეს სწავლება, საღი, მართლმადიდებლური აზროვნებით, რა თქმა უნდა, უმეცრებაა.

მართლმადიდებლური შეხედულება ამ საკითხზე ასეთია: ღმრთის სახელები აღნიშნავენ ღმერთს, უთითებენ მასზე, მაგრამ თავისთავად სახელი ღმერთი როდია. ღმრთის სახელები - ღმრთის ხატებია, რომლებსაც ჩვენი გონება, მლოცველის გონება პირველხატამდე (ანუ ღმრთის პიროვნებამდე) აჰყავთ, მაგრამ თავად როდია პირველხატი (ანუ თავად როდია ღმრთის პიროვნება).

სახელი თავისთავად არ არის პიროვნება, არამედ მინიშნებაა, სიმბოლოა. "სახელები აღნიშნავენ მხოლოდ არსს, მაგრამ თავად როდი არიან არსნი" (წმ. ბასილი დიდი. "ბოროტმეტყველი ევნომეს უარყოფა"). "სხვაა საგანი, რომელიც თავისი ბუნებით სახელდებას ექვემდებარება, და სხვა - სახელდება, რომელიც საგანს აღნიშნავს. ყოფიერება - ერთი და იგივე როდია სახელწოდებასთან" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. "ევნომეს უარყოფა").

ამრიგად, კვლავ ჩვენს თემას თუ დავუბრუნდებით, ჭეშმარიტ ქრისტეანებს დღეს საიდენტიფიკაციო ნომრების მიღება არ სურთ არა იმიტომ, რომ მათი აზრით, კერძო სახელები ეს მათი პიროვნებებია, არამედ იმიტომ, რომ კერძო სახელი მათი პიროვნების აღმნიშვნელი სიმბოლოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელი იმაზე უთითებს, რომ ადამიანი არის ღმრთის ხატი, ღმერთს მიმსგავსებული პიროვნება.

აი რატომ არის უსაფუძვლო და უაზროც კი იმ ქრისტეანთა სახელღმერთობაში დადანაშაულება, რომლებიც მხეცის სამეფოს დადგომას ეწინააღმდეგებიან (ასეთივე უაზრობა იქნებოდა "კაბალისტიკაში" იმ მორწმუნეთა დადანაშაულება, ვისაც ციფრების "ეშინია" და "მნიშვნელობას ანიჭებს მათ"; თუმცა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ვინმეზე თუ შეიძლება ითქვას კაბალისტიაო, სწორედ ისინი არიან, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ციფრულ სახელწოდებებს ნერგავს).

ბოლოს და ბოლოს, სახელღმერთობის მიმდევარნი, უმთავრესად, ღმრთის სახელის შესახებ ასწავლიდნენ (აქედან მომდინარეობს მათი მწვალებლობის სახელწოდებაც), მაშინ როდესაც, გლობალიზაციასთან მებრძოლი მართლმადიდებელი ქრისტეანები იცავენ ადამიანთა სახელებს და უთითებენ, რომ დაუშვებელია მათი "კაცის რიცხვით" (იხ. გამოცხ. 13:18) შეცვლა. რადგან ჯერაც არავის მოსვლია აზრად მიმართოს ღმერთს, როგორც დანომრილ არსებას.

უნდა მოვერიდოთ უკიდურესობებს. ერთის მხრივ, არ შეიძლება ითქვას, რომ სახელს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა; რომ, თითქოსდა პიროვნული სახელით იდენტიფიცირებასა და ციფრული კოდის მეშვეობით ადამიანის იდენტიფიცირებას შორის არ არის განსხვავება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე არ შეიძლება სახელს მივანიჭოთ ის მნიშვნელობა, რომელსაც სახელღმერთობის მიმდევარნი ანიჭებენ.

ადამიანის სახელი - ეს არის მისი პიროვნების აღნიშვნა და არა თვით პიროვნება. ამ სიტყვებშია ჩვენი პოზიცია. ღმერთი პიროვნებაა. მაშასადამე, ღმრთის სახელი მისი პიროვნების აღმნიშვნელია და არა თვით ღმერთი. აი, ჩვენი "ფორმულა". თუკი ჩვენს წიგნში რაიმე ზუსტად წმიდა მამათა სიტყვების შესატყვისად ვერ გამოვხატეთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თანხმობაში არ ვართ წმიდა მამებთან. ჩვენ "პროფესიონალი ღვთისმეტყველები" როდი ვართ (როგორც პაისი მთაწმინდელი ამბობდა), ჩვენი მთავარი მიზანია ვაჩვენოთ ანტიქრისტეანული სისტემის მიერ დანერგილი, პიროვნების გამაუსახურებელი, მხეცური პრაქტიკის არსი და ამის შესახებ გავაფრთხილოთ ერი ღმრთისა. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია ღმრთის წინაშე ღმრთისმსახურებს, სამღვდელოებას.

"მხეცის საიდუმლო" - შინაარსი.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню