ანტიქრისტე - მხეცის რიცხვის საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

წერილები ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს, ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ

8. მხეცის რიცხვის საიდუმლო

ანტიქრისტე

მხეცის რიცხვი, ანუ 666, აპოკალიფსისის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო სიმბოლოა. "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18)

იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რიცხვი 666, იმ ადგილას, სადაც ის პირდაპირ მხეცის რიცხვად არის წოდებული, შეიძლება ითქვას ის, რომ, უეჭველად, მასაც, ისევე როგორც აპოკალიფსისის სხვა რიცხვებს, გააჩნია კერძო და განსაზღვრული მნიშვნელობა და ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დროს სრულიად გასაგები გახდება, მაგრამ ახლა მისი სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ მხოლოდ მიახლოებითი მსჯელობა თუ შეგვიძლია; ამიტომაც, მკითხველის სამჯსავროზე გამოგვაქვს ჩვენი რამოდენიმე მოსაზრება ამ საგანთან დაკავშირებით, რომელთაც, რა თქმა უნდა, ერთადერთობისა თუ ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტების მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს მხოლოდ მოსაზრებაა და სხვა არაფერი.

გამოცხადების გარდა, ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ეს რიცხვი. კერძოდ, ისრაელის მეფე სოლომონი სხვადასხვა ხალხებისგან ხარკს კრეფდა 666 ოქროს ტალანტის (საზომი ერთეული) ოდენობით, ანუ ეს სიმბოლო დაკავშირებულია მიწიერ დიდებასთან და სიმდიდრესთან. მრავალი კომენტატორი, რომელიც ანტიქრისტეს სახელის ამოცნობას ცდილობდა, ემხრობა ციფრობრივი შიფრის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ძველ ენებში ციფრები აღინიშნებოდნენ ასოებით. მკვლევარები ცდილობდნენ ეპოვათ ისეთი სიტყვა, რომლის რიცხობრივი მნიშვნელობა მხეცის რიცხვს წარმოქმნიდა. სხვადასხვა ვერსიებს შორის უპირატესობა ენიჭება სიტყვებს "კეისარი ნერონი" (იმპერატორ ნერონის, ქრისტეანთა უსასტიკესი მდევნელის სახელი, რომელიც რომის იმპერია I საუკუნის შუაწლებში მართავდა). სწორედ ამ იმპერატორში ხედავდნენ პირველქრისტეანები მომავალი ანტიქრისტეს პირველსახეს.

სხვა გავრცელებული განმარტება წმიდად სიმბოლურია.

ბიბლიის რიცხვების კვლევისას, ვრწმუნდებით იმაში, რომ ყველა რიცხვი, რომელიც ბიბლიაში გვხვდება, არ უნდა გავიგოთ ბუკვალური მნიშვნელობით, რადგან ზოგიერთი რიცხვი აშკარად სიმბოლური მნიშვნელობისაა.

მაგალითად, რიცხვი ერთი - ნიშნავს ერთობას, რომელიც განსხვავებას გამორიცხავს. რიცხვ ერთთან დაკავშირებულია აზრი ღმრთის ერთობისა და ერთადერთობისა.

ორი - გაყოფილობისა და განსხვავებულობის სიმბოლოა, მაგრამ ამასთან ჩვენ ამ რიცხვში ვხედავთ თანხმობის პრინციპსაც.

სამი - მისტიკური რიცხვია, რომელსაც გააჩნია დასაწყისი, შუა და დასასრული. რიცხვი სამი ღვთაებრივი სამების სიმბოლოა და ღმრთის სისრულის სიმბოლური გამოხატულებაა. სამნახევარი - ეს არის რიცხვი შვიდი გაყოფილი შუაში, რაც ნიშნავს განყოფას, უწესივრობას, დაუსრულებლობას და არასრულყოფილებას.

ოთხი - კოსმიური რიცხვია, რომელიც ქვეყნიერების ოთხ მხარეზე მიანიშნებს, ეს არის ასევე მთვარის ოთხი ფაზა და ა. შ. ეს რიცხვი - დედამიწის და მთელი ხილული სამყაროს სიმბოლოა. ჩვენ მას წმ. წერილში წინასწარმეტყველებაში ვხვდებით 4 ქარის, 4 ცხოველის (ეზეკიელი), ედემის 4 მდინარის (გამოცხ.) და სხვა მნიშვნელობებით.

ხუთი - ათის ნახევარია და უმცირესობაზე მიანიშნებს.

ექვსი - ადამიანური შეზღუდულობის, წარუმატებლობის, დამარცხების სიმბოლოა... ეს რიცხვი ძველ ებრაელთა წარმოდგენით დაკავშირებული გამოუვალ ჩიხთან, განწირულობასთან და დაღუპვასთან.

შვიდი - საღმრთო სრულყოფილების, დასრულებულობისა და სისავსის სიმბოლოა; ეს არის ასევე ერთ პირში რაღაცის თავმოყრისა და ღვთიური წესრიგის სიმბოლო.

რვა - ერთით მეტია შვიდზე, ამიტომაც, სიუხვეს ნიშნავს, ეს არის "ზომაზე მეტი", "ზებუნებრივი". რვა სული გადარჩა ნოეს კიდობანშ. ბიბლიაში ნახსენებია რვა შემთხვევა მკვდრეთით აღდგომისა და ა. შ.

ათი - ათობით ათვლის საფუძველი. ადამიანს ხელებზე და ფეხებზე ათი თითი აქვს. ათი ღმრთის წინაშე ადამიანის ბუნებრივობის სიმბოლოა: სინას მთის 10 მცნება, "მეათედი" შემოსავლისა, რომელიც ღმერთს უნდა შესწირო და სხვა.

თორმეტი - ბიბლიაში ყველაზე გავრცელებული რიცხვია. ის ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობასა და ასევე ადამიანთა ორგანიზებულობაზე მიანიშნებს: ისრაელის 12 ტომი, 12 წყარო უდაბნოში, იორდანეში ჩადებული 12 ქვა, 12 კერძი, თასი, სასაკმევლე, 12 მოციქული, მარგალიტის 12 კარი ახალ იერუსალიმში. 144.000 ნაწარმოებია 12-სგან, რომელიც გამრავლებულია 12.000-ზე და ღმრთის რჩეულებზე, ცხოვნებულთა სისრულეზე მიანიშნებს.ს

სამოცდაათი - შვიდი გამრავლებული ათზეა, ანუ ესეც ღვთიური სიმბოლოა, რომელიც ადამიანურ რიცხვზეა გამრავლებული. ეს რიცხვი დაკავშირებულია სიმრავლესთან: 70 საღმრთო შეკელი, 70 უხუცესი, ტყვეობის 70 წელი, 70 მოწაფე (მოციქულთასწორნი) და ა. შ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ყველა რიცხვის დოგმატიზირებისა, მაგრამ ბიბლიის მრავალ ადგილას ამა თუ იმ რიცხვის სიმბოლური მნიშვნელობა სრულიად აშკარაა.ს

როდესაც ვპასუხობთ კითხვას, რას წარმოადგენს რიცხვი "666", უპირველეს ყოვლისა უნდა გავარკვიოთ ის, რომ ეს რიცხვი აქ მოცემულია როგორც "ნიშანი" ან "მინიშნება" და უნდა მივიღოთ, როგორც ასეთი და არა როგორც არითმეტიკული ამოცანა, ბრძნული იგავი, შარადა ან რებუსი. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ წმიდა წერილს არაფერი აქვს საერთო გამოცანებთან და მათ ადამიანურ გაშიფრვასთან.

იმისთვის, რათა ჩამოვთვალოთ მრავალი ასწლეულის განმავლობაში დაგროვილი განმარტებანი, მიგნებანი და ვარაუდები, რომლებიც რიცხვ "666"-ს უკავშირდდება, უზარმაზარი წიგნი გამოგვივიდოდა. ამ რიცხვის საიდუმლოს ამოცნობის ძიებაში ადამიანები ხშირად სარგებლობდნენ ებრაული, ბერძნული, რომაული, არაბული და სხვა გამოთვლებით. და მრავალ შემთხვევაში პოულობდნენ, რომ ამა თუ იმ სახელის ასოთა მნიშვნელობა, "უეჭველად" შეესაბამებოდა "666"-ის რიცხვთა საერთო ჯამს. შედეგად, "ანტიქრისტეებად" ცხადდებოდა რამოდენიმე სახელი, რომელსაც რომის პაპები ატარებდნენ, ანტიოქოს ეპიფანე, ნერონი, ნაპოლეონი, მუსოლინი, სტალინი და სხვა... საერთო ჯამში, მოთხოვნას პასუხობდა უარყოფითი სახელებიც: "უნიჭო ბელადი", "ძველი შურიანი", "ბილწი კრავი", "ისრაელის მეფე" და მრავალი სხვა.

ჩვენი ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ რიცხვი "666" აქ ანტიქრისტეს სახელთან არის დაკავშირებული: "მხეცის სახელი", "მისი სახელის რიცხვი" არა უბრალო "დაღია", არამედ "სახელია", რომელიც იმ არსების შინაგან განწყობას განსაზღვრავს, რომელსაც ის მიეცა. სახელი, მისი პირველდაწყებითი მნიშვნელობით, - ეს არის ხასიათი, გულითადი მდგომარეობა, ადამიანის დაფარული სულიერი არსი, რომელმაც მიიღო ეს სახელწოდება.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ რიცხვი "6" - წარმოადგენს შეზღუდულობის, ნაკლულევანების, არასრულყოფილების, დაუსრულებლობის სიმბოლოს. ეს არის ჩვენი ადამიანური წახდენისა და არასრულყოფილების სიმბოლო. რიცხვი "6" ებრაელებში მრავალ ცრურწმენასთანაც არის დაკავშირებული. ადამიანი მე-6 დღეს შეიქმნაო და ამიტომაც არისო უბედური, - ამბობს ებრაელი. პარასკევი, - კვირის მეექვსე დღეა. დღის მე-6 საათი - შუადღის ხვატია. ებრაელებს ეშინოდათ ამ რიცხვისა და გაურბოდნენ მას.

რიცხვი "7", პირიქით, ბედნიერ რიცხვად განიხილებოდა. მას უკავშირებდნენ შაბათს და მრავალ დღესასწაულს. რიცხვი "7" - დასრულებულობის, სრულყოფილების, სისრულის სიმბოლოა. რიცხვი "6" ყველაზე ახლოს დგას რიცხვ "7"-თან, მაგრამ ის ყოველთვის თავისთავადად რჩება და ვერასოდეს მიაღწევს სრულყოფილებას.

ყველაფერი, რაც კი შეუძლია ადამიანს ღმრთის მადლის გარეშე, ყველაფერი, რასაც კი შეიძლება მან მიაღწიოს, გამოიხატება რიცხვით "6". ადამიანს, ღმრთის გარეშე, შეუძლია მრავალი რამის გამოგონება, მრავალის დაფარვა, შექმნა, განხორციელება, მაგრამ ყველა მის წარმატებას, ერთგვარ დაღად ყოველთვის რიცხვი 6 დაედება. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალური "6"-იანი გარდააქციოს მის მადლმოსილ და სრულყოფილ "7"-იანად. მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში "6" "ხორციელ ცხოვრებას" მიანიშნებს, "7" კი - "სულიერ ცხოვრებას".

ერთმანეთის გვერდით მიწერილი სამი "6"-იანი, რომელიც გარდაიქცევა "666"-ად, ნიშნავს იმას, რომ თვით ანტიქრისტეც, როგორ მამაც და გაბედულ ადამიანადაც უნდა მოგვაჩვენებდეს თავს, მაიცნ დარჩება თავშეუკავებელ, ხორციელ და უმადლო ადამიანად, ოღონდ შეუდარებლად გაზრდილ მასშტაბში. ზეგარდმო აღორძინებისა და გულის მადლმოსილი გარდაქმნის გარეშ, ყველაზე ზნეობრივი, მორალური, პატიოსანი და წესიერი ადამიანი ღმრთის თვალში მხოლოდ "666"-ია და მეტი არაფერი.

ქრისტემ უთხრა ნიკოდიმოსს: "ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი სული", სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "ხორცისგან შობილი - 666-ია, ხოლო სულისგან შობილი - 777. რიცხვი 777 - არის ის ერთადერთი, რაც არ ჰქონდა მდიდარს, რომელსაც ქრისტემ უთხრა: "ერთი რამ არ გყოფნის... არცთუ შორსა ხარ ღმრთის სასუფეველისგან...". ყოველ ცოდვილს ღმერთი ეუბნება: დატოვე შენი 666 და ჩემგან მიიღებ 777-ს. ამ აპოკალიფსური სიმბოლოს წაკითხვისას ეკლესიას არასოდეს გამოუცხადებია, თითქოსდა რიცხვი 666, არითმეტიკული თვალსაზრისით, რაღაც სიბილწეს წარმოადგენს.

მოციქულ იოანეს, რომელმაც იცოდა ბიბლიური რიცხვების სიმბოლიკა, თავისუფლად შეეძლო მოეცა ანტიქრისტეს სახელი ან არსი ამ მტარვალისა. და სრულიად ამაოდ ცდილობდნენ უსაქმო ადამიანთა გონებანი ამ რიცხვში დაენახათ ანტიქრისტეს რთული თავსატეხი, მისტიკური ციფრი ან იდუმალი ზედწოდებას. ეს არის კაცის რიცხვი... კაცისა ღვთაებრივის ნაცვლად; კაცის რიცხვია 6, ღმრთისა კი - 7. სულიერი სამყარო, ისევე როგორც ბუნებრივი, ღმრთის შეუვალ კანონებს ექვემდებარება: რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? უსჯულონი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ... ჯოჯოხეთში მჯდომ მდიდარს, რომელიც გეჰენიის ცეცხლით იტანჯებოდა სურდა დაერღვია ღმრთის ერთ-ერთი კანონი, მაგრამ პასუხად ესმა: ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ასე რომ ვერც აქედან იქეთ გადავა ვინმე და ვერც იქედან აქეთ გადმოვა..."

მხეცის რიცხვი ან მისი სახელი არ არის წმიდად ბუკვალური ნიშანი, არამედ სიმბოლური, საიდუმლო, რომელიც სავარაუდოდ გამოხატავს სარწმუნოების აღსარების ხასიათს ან კიდევ მზაკვარ აზროვნებას და ადამიანთა იმ საზოგადოების ცხოვრებას, რომელიც აქ მხეცად იწოდება.

ატარებდე მხეცის სახელს ან გქონდეს მისი სახელის ნიშანი, ნიშნავს აღიარებდე იმ სწავლებას, რომელსაც მხეცი ქადაგებს და მით განსხვავდება სხვებისგან. ამიტომაც, მხეცის ეს რიცხვი შეუძლებელია იყოს რომელიმე კონკრეტული პირის სახელი. რას ნიშნავს ეს სიმბოლური რიცხვი ან სახელი, შეუძლია განმარტოს მხოლოდ ამ გამოცხადების მიზეზმა, ხოლო ჩვენი საკუთარი განმარტებები ყოველთვის ვარაუდად და მორიგ ვერსიად დარჩება.

თუმცა ცნობილია, რომ ეს რიცხვი ნამდვილად გადაიქცევა სატანურ ნომრად მხოლოდ ანტიქრისტეს გამოჩენის შემდეგ, მრავალი უკვე ხელებითა და ფეხებით უკუაგდებს მას, ეშინია, რათა ამგვარად ანტიქრისტეს ზეგავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეს. მანამ, სანამ თვით ანტიქრისტე არ გამოაჩენს საკუთარ თავს, ამგვარი შიში უსაფუძვლოა.

ჩვენს დღეებში მრავალი ცდილობს ამ რიცხვს მიანიჭოს იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მას აქვს, ან "იმსახურებს", და აცხადებს, რომ 666-ს თითქოსდა ანტიქრისტესეული სულიერი აზრი და ძალა გააჩნია. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ბეჭედი მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩნდეს, როცა გამოჩნდება თვით კაცი უსჯულოებისა, თანაც მისი მეფობის მეორე ნახევარში. მხოლოდ მაშინ გადაიქცევა ეს ჩვეულებრივი რიცხვი, რომელსაც შეუძლებელია მანამ რაიმე სულიერი აზრი და დატვირთვა ჰქონდეს, გარკვეული როლის შემსრულებელ რიცხვად, რადგან მასში იქნება ანტიქრისტეს სახელის მინიშნება, რომელიც ჩვენთვის ჯერაც უცნობია.

წმ. ირინეოს ლიონელი, ეკლესიის ძველი მოძღვარი, ვარაუდობდა, რომ ამ რიცხვით შეჯამებულია კაცობრიობის ისტორია, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა უსჯულოების საიდუმლო, ანუ იფურჩქნებოდა ყოველგვარი განდგომილება, უსამართლობა და მზაკვარება, ცრუწინასწარმეტყველება და სიცრუე, რის გამოც ამ ქვეყანას წარწყმედა და ცეცხლი დაატყდება.

წმ. ირინეოს ლიონელის დროს (II ს. ქრ. შობიდან) ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობის ისტორია სამყაროს შექმნიდან 6000 წელს ითვლის. ამიტომაც, რიცხვი 666, რომელიც ექვსი ასეულის, ექვსი ათეულისა და ერთი ექვსიანისგან შედგება, ღმრთისგან განდგომის მომასწავებელია, რომელიც იყო დასაწყისში, იყო შუალედში და ჯამის აღსასრულსაც იქნება. ეს რიცხვი მიანიშნებს ადამიანს, რომელიც ღმერთს მტრობს და არ სურს განსვენების მეშვიდე დღის ხილვა, რომელშიაც უფალმა მის მიერ გაკეთებული საქმეებისგან დაისვენა (დაბ. 2:2), არამედ ცდილობს მისი ადგილის დაკავებას.

პირველი განდგომა მოხდა მაშინ, როდესაც ადამმა ღმერთივით ყოფნა ისურვა და ამ ზრახვაში ეშმაკის ჩაგონებას აჰყვა. მეორე განდგომა, რომელიც დღემდე გრძელდება, მრავალი მოვლენისგან შედგება და ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში აღსრულდება: ეს იყო ნოეს დღები, ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, მეფეების აქაბის, ნაბუქოდონოსორის დროება, რომის იმპერიის პერიოდი, ქრისტეანული აღმოსავლეთის ძალდატენებითი ისლამიზაციის ეპოქა, რენესანსისა თუ კომუნისტური რევოლუციების პერიოდები. მესამე განდგომილება კი უკანასკნელ ჟამს, ანტიქრისტეს დროს მოხდება და ის ჭშმარიტად უკანასკნელი იქნება. მაშინ დადგება აღსასრული.

ადამის განდგომა შეუდარებელია ბოლო ჯამისეულ განდგომასთან, რადგან ადამმა შეინანა და მიეტევა ღმრთისგან, თავისი ბრწყინვალე და დიდებული აღდგომით უფალმა იესუ ქრსიტემ აღმოიყვანა ის და ევა ჯოჯოხეთიდან. მესამე განდგომილება ყველაზე საშინელი იქნება თავისი მასშტაბებითაც, და შედეგებითაც, ის აღემატება ორივე წინამორბედ განდგომილებებს და დაასრულებს უსჯულოების საიდუმლოს განვითარებას.

ასე განმარტავს წმ. ირინეოსი რიცხვ 666-ის სულიერ მნიშვნელობას, მაგრამ ეს განმარტება, სამწუხაროდ, დღეს არავის ყურადღებას არ იპყრობს. მრავალს ავიწყდება, რომ ქრისტეანებს არ უნდა ეშინოდეთ ანტიქრისტესი, პირიქით, ისინი უნდა ემზადებოდნენ მის მოსასვლელად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ჩვენ ვართ უძლური, მცირედმორწმუნე, ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანები და ვნებებით სავსე ადამიანები ვართ, მაგრამ ამასთანავე არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ მუდმივად უნდა ვებრძოდეთ ცოდვას საკუთარ თავში, რადგან ამგვარი, ყოველდღიური ბრძოლის გამოცდილების გარეშე მივნებდებით მტარვალს და ნებაყოფლობით განდგომილებაში შთავცვივდებით. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ვართ, არა ისეთები, როგორც სხვები იყვნენ, არიან ან იქნებიან.

ჩვენ გვმართებს მღვიძარება. გავიხსენოთ, როგორ ევედრება მღვდელი უფალს სულიწმიდის ძალით განაძლიეროს მისი გონება (იხ. მე-2 მუხლმოყრითი ლოცვა სულთმოფენობის დღესასწაულის მწუხრზე). სულიერ ცხოვრებაში არაფერია იმაზე დამღუპველი და მცდარი, ვიდრე თავდაჯერებულობა, საკუთარ ძალებსა და გონებაზე დაყრდნობა, რწმენა იმისა, რომ სულის ცხოვნება საკუთარ ძალისხმევას ეფუძნება.

რიცხვი 666 შეგვახსენებს ღმრთისგან განდგომისა და დაცემის შესაძლებლობას, იმას, რომ ჩვენ ადვილად მიდრეკილნი ვართ ცთომილებისკენ, ვიმყოფებით ქრისტესგან განდგომილების საშიშროების ქვეშ, და შესაძლოოა შინაგანად ადვილად განვდგეთ მისგან. ამისი აცილება მხოლოდ ღმრთისადმი განუხრელი ლოცვით შეიძლება, ლოცვით, რომელშიც ღმერთს მორჩილების, თავმდაბლობის და ჩვენი განათლების მადლი უნდა გამოვთხოვოთ, რათა შეგვეძლოს მარხვა და ჭეშმარიტი მორჩილება ეკლესიისა.

წმ. ირინეოსი ამბობდა, რომ "თუმც ცნობილია რიცხვი ანტიქრისტეს სახელისა, არაფრის მტკიცება არ შეგვიძლია თვით ამ სახელთან დაკავშირებით, რადგან ეს რიცხვი მრავალ სხვა სახელსაც მიესადაგება".

წმ. ირინეოსი ასწავლის, რომ არ არის საჭირო მკითხაობა სახელზე, რომელიც, ცხადია, სპეციალურად არის დაფარული ჩვენგან. "მათ, ვინც თავიანთი მედიდურობით ბედავენ მცდარი და გამოგონილი სახელწოდებებით განსაზღვრონ ანტიქრისტეს სახელი, საკმაო ზიანი მიადგებათ, რადგან ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და მათდამი მორწმუნეთაც. პირველი ზიანი ის არის, რომ მათ გადაუხვიეს ჭეშმარიტებას და არარსებული მიიღეს ჭეშმარიტად, ამიტომაც ამდაგვარნი უეჭველად დაექვემდებარებიან არცთუ მცირე სასჯელს, როგორც ისინი, ვინც მიამატებს ან მოაკლებს რამეს წმიდა წერილს; გარდა ამისა, სხვა არანაკლები საშიშროებაც შეიძლება მიადგეს მათ, რომლებიც საკუთარ თავს მიაწერენ ანტიქრისტეს სახელის ცოდნას. რადგან, თუკი ისინი ერთ რომელიმე სახელს ანტიქრისტესად მიიჩნევენ, ის კი სხვა სახელით მოვა, ადვილად მოტყუვდებიან, რადგან იფიქრებენ, რომ მტარვალი ჯერაც არ მოსულა.

ამიტომაც, უფრო სწორი და უსაფრთხოა ველოდოთ წინასწარმეტყველების აღსრულებას, ვიდრე ვიმკითხაოთ და ვივარაუდოთ სახელები, რამეთუ შესაძლოა ვიპოვოთ მრავალი სიტყვა, რომელიც მხეცის რიცხვს შეიცავს. ამიტომაც, იბადება კითხვა, რომელი მათგანი იქნება ანტიქრისტესი? და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ არ ვუწყი თუ რომელი სიტყვა შეიძლება შეიცავდეს რიცხვს ანტიქრისტესი, არამედ ჭეშმარიტებისადმი ერთგულების გამო, რამეთუ სახელი "ეპანთასიც" შეიცავს რიცხვ 666-ს და "ლათინელიც". სავარაუდოა, რომ უკანასკნელი სამეფოც ამ სახელწოდებისა იყოს, რადგან ამჟამად ლათინელნი მეფობენ, მე კი სულაც არ მინდა ამ მიგნებით თავის შექება".

ამ რიცხვს შეიცავს სახელი "ტიტანიც" და შედგება ექვსი ასოსგან, თან ძველია და მისით ჯერ არავინ წოდებულა, - არც მეფენი და არც კერპნი, რომელთაც ღიად სცემდნენ თაყვანს ბერძნები და ბარბაროსები. თუმცა მრავალნი ისეთ პატივსაც კი მიაგებენ მას, რომ მზესაც კი ამ სახელს უწოდებენ, რადგან ერთგვარ მინიშნებას შეიცავს შურისძიებაზე; ანტიქრისტეც ხომ თავს დაჩაგრულთათვის შურისმგებლად მოიკატუნებს. გარდა ამისა ეს სახლი ძველია და შესაფერისია ტირანისთვის. ამიტომაც, დიდად სავარაუდოა, ანტიქრისტეც იწოდოს ამ სახელით. თუმცა, მე მაინც ვერ გავბედავდი მეთქვა, რომ მომავალი ანტიქრისტე სამყაროს მაინცა და მაინც ამ სახელით მოევლინება, რადგან დანამდვილებით ვუწყი, ჩვენი დროებისთვის საჭირო რომ ყოფილიყო ამის ცოდნა, დაუბრკოლებლივ გვამცნებდა ის, ვისაც უფლისგან ესოდენ დიდი საიდუმლონი ებოძა. რამეთუ, ეს გამოცხადება არცთუ შორეულ პერიოდში მოხდა, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანეს მეფობის მიწურულში.

ის (მოციქული იოანე - რედ.) გვაუწყებს ანტიქრისტეს სახლის რიცხვს იმისთვის, რათა ვიცოდეთ, როდესაც მოვა, ამოვიცნოთ მისი ვინაობა, მისი სახელი კი არ გვაუწყა, რადგან სულიწმიდისთვის უკადრისი იყო თვით წარმოთქმაც კი ამ სისაძაგლისა".

გერმანელი ეგზეგეტი ნ. ზ. ჰოფმანი, რომელიც ეთანხმება წმ. ირინეოსს იმაში, რომ ანტიქრისტეს რიცხვი ბერძნულ ასოთა რიცხობრივი მინიშვნელობით უნდა ამოვიცნოთ, თავის მხრივ ამატებს, რომ ამგვარი გამოთვლა ყოველი დროებისთვის მიუწვდომელია. მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოჩნდება უკანასკნელი სატანური დიქტატორი, ადამიანები, რომელთაც ექნებათ ამგვარი გამოთვლის აუცილებელი უნარი და შემეცნება, საკმაოდ ადვილად აღმოაჩენენ რიცხვს მტარვალისა, რადგან ყველაფერს, რაც კი ფასთან და ანგარიშთან არის დაკავშირებული, თავისი ჟამი გააჩნია. ყოველი დროისთვის უეჭველი გახდება, რომ ექვსობითი რიცხვი ყოველდღიური შრომისა და ღვაწლის რიცხვია, ეს არის მუდმივი დაღლილობისა და მშფოთვარების რიცხვი (666 ხომ კვირის სამჯერ აღებული სამუშაო დღეა); ხოლო ჭეშმარიტ შაბათს, ანუ განსვენებას მხოლოდ ქრისტე მოგვანიჭებს, მასთან ერთად კი ახალ დღეს დაუსრულებელი სიხარულისა და სასუფეველისა.

ამიტომაც, არ არის საჭირო ამდენი კვლევა და მკითხაობა, ანტიქრისტეს მოსვლის ჟამისა თუ მისი სახელის რიცხვის "ამოცნობა" და შემდეგ, მისი ამა თუ იმ ისტორიულ პიროვნებისთვის მიყენება; ამგვარი "მიგნებები" არაფერს მოგვცემს და სრულიად უსარგებლო შეიქნება. ჩვენთვის, ქრისტეანთათვის, უფრო სასარგებლოა შევიგრძნოთ მომავალ ჭირვებათა არსი და მიზეზი, და მოციქულის სიტყვისამებრ, "ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა" (1 თესალონიკ. 5:8), რათა მზად ვიყოთ ანტიქრისტეს მზაკვარებისგან თავდასაცავად, რომელიც, მოვა რა სამყაროს აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე, ეშმაკის საჭურველი შეიქნება და უმძიმეს დევნას გამოუცხადებს ქრისტეს ეკლესიას. სწორედ მაშინ უნდა "ვიფხიზლოთ და ვილოცოთ მარადჟამ, რათა შეგვეძლოს თავი დავაღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარვსდგეთ" (შეად. ლკ. 21:36).

"როდესაც ანტიქრისტე ყოველივეს მოაოხრებს ამ სამყაროში, იმეფებს სამი წელი და ექვსი თვე და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ მოვა უფალი ციდან, ღრუბლებზე ამხედრებული, მამის დიდებითა და ბრწყინვალებით, და ჩააგდებს მტარვალსა და მის მიმდევართ ცეცხლის ტბასა და გეჰენაში, ხოლო მართალთ უბოძებს უხრწნელ სუფევას, ნეტარებასა და აღთქმას, რომელიც მისცა აბრაამს და აღსრულდება მისი ნათქვამი: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11)" (წმ. ირინეოს ლიონელი. ანტიქრისტეს შესახებ).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню