ანტიქრისტე - მხეცი ამომავალი ზღვიდან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

წერილები ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს, ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ

6. ანტიქრისტეს რელიგია

ანტიქრისტე

ანტიქრისტე და მისი წინამორბედი, უდიდესი ცრუწინასწარმეტყველი, აპოკალიფსისში მხეცებად იწოდებიან. ბერძნული სიტყვა "მხეცი" ისეთ არსებას აღნიშნავს, რომელსაც ახასიათებს ისეთი მხეცური მძვინვარება, როგორც მაგალითად: გიენას, მგელს, ვეფხვს, ავაზას და ა. შ. განსხვავებით შინაური პირუტყვებისგან, ან ისეთი ბუნება, როგორიც გააჩნია გველს სხვა ქვეწარმავლებთან შედარებით.

შემდეგ, ეს სიტყვა ბერძნული ენაში გამოიყენება მხეცის აღსანიშნად, ადამიანურობის საპირისპიროდ, ხოლო მოციქულ პავლესთან სიტყვა "მხეცი" ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში გამოყენებულია იმგვარი ადამიანის აღსანიშნად, რომელსაც მხეცური ზნეობა გააჩნია: "კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი" (ტიტ. 1:12). გააფთრებულ მხეცის ველური მძვინვარება, ერთის მხრივ, და გველის მზაკვარება, მეორეს მხრივ, თავმოყრილია "მხეცის" სახელწოდებაში, რომლითაც აპოკალიფსისში აღინიშნება ანტიქრისტე და მისი ცრუწინასწარმეტყველი.

თვით "მხეცის" სახელწოდება (ბერძნ.: "თერიონ" 11:7), როგორც ეს მისი შემდგომი აღწერიდან ჩანს, ცხოველის, ანუ მხეცის ზოგადი მნიშვნელობით კი არ არის გამოყენებული, არამედ იმ აზრით, რომ იმისთვის, რაც ზღვიდან ამოდის დამახასიათებელია მხეცური ბუნება. მხეცი ისეთი არსებაა, რომელსაც ადამიანისგან განსხვავებით (ტიტ. 1:12) ახასიათებს სისასტიკე (2 ტიმ. 4:17; ებრ. 11:23) და სისხლისმსმელობა (1 კორ. 15:32).

როგორც ზოგიერთი ადამიანს უწოდებენ ხოლმე მხეცს და ეს ნათლად აჩვენებს როგორ დაუკარგავთ ამდაგვართ ღმრთის ხატება და მსგავსება, რომ ღმრთის სუნთქვის მაგიერ მათში დამკვიდრებულა მზაკვარება, ვერაგობა და სიმუხთლე, - ასევე მიანიშნებს ეს სიტყვა ანტიქრისტეს ანალოგიურ თვისებებს ოღონდ უმაღლეს ხარისხში.

თუმცა, აღსანიშნავია რომ მხეცებად მათი წოდება ყურადღებას უფრო ამახვილებს მათ უკიდურეს ველურობაზე, დაუოკებელ მძვინვარებაზე, ვიდრე მზაკვარებასა და ეშმაკობაზე. და მართლაც, ჩვენ დავინახავთ, თავისი მხეცური ბუნების ძალით აპოკალიფსური მხეცები, ანუ ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი, როგორ შეეწინააღმდეგებიან ღმერთს და ყოველივეს, რაც ღმრთისგანაა, და ამასთან ქრისტესა და მისი წმიდა ეკლესიისადმი სიძულვილით არიან გამსჭვალულნი.

"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა" (გამოცხ. 13:1-10).

სწორედ ასეთი მხეცის, საშინელი არსების ზღვიდან ამოსვლა იხილა იოანემ და გვამცნო, რომ ეს მხეცი წარწყმედას უქადის ყველას. წმიდა წერილის ენაზე "ზღვა" ძალზედ ხშირად ხალხთა სიმრავლის აღსანიშნად გამოიყენება. ამრიგად, "ზღვისგან ამომავალ მხეცში" თითქმის ყველა კომენტატორი ხედავს ანტიქრისტეს, რომელიც ამოდის "ცხოვრებისეული ზღვის", ანუ ზღვასავით მღელვარე კაცთა მოდგმისგან. აქედან ცხადი ხდბა, რომ ანტიქრისტე სული ან დემონი კი არ იქნება, არამედ კაცის მოდგმის ნაშიერი; ის იქნება არა განკაცებული დემონი, როგორც ზოგიერთი ფიქრობდა, არამედ ადამიანი.

მუქი ფერებით ხატავს წმ. იდუმალთმხილველი ქრისტეს ეკლესიის ამ უკანასკნელ და მძვინვარე მტერს. ეს მხეცი წააგავს აფთარს, ფეხები დათვის ტორებს მიუგავს, ხოლო პირი ლომის ხახასავით დაუღია. ამგვარად, ანტიქრისტეს პიროვნებაში შეერთებულია სამი ყველაზე მძვინვარე მხეცის თვისება. თავი მასაც ისევე შვიდი აქვს, როგორც თვით ეშმაკ-ურჩხულს, თანაც ეს თავები მოკაზმულია ღმრთისმგმობი სახელებით, რაც ხატოვნად მიანიშნებს მის შინაგან უკეთურეობას და სიძულვილს ყოველივე წმიდისადმი. მას ათ რქაზე ადგას გვირგვინები ნიშნად იმისა, რომ მთელი ძლიერებით გამოიყენებს საკუთარ ღმრთისმბრძოლ ძალაუფლებას დედამიწაზე. ამ ძალაუფლებას კი ურჩხულის, ანუ ეშმაკისგან მიიღებს, რომელიც გადასცემს მას საკუთარ ტახტს.

იდუმალთმხილველმა შენიშნა, რომ მხეცის ერთ-ერთი თავი "თითქოს სასიკვდილოდ მოიწყლა", მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, რამაც მთელი დედამიწა გააოცა და დაშინებულ ადამიანებს დამორჩილება აიძულა, რომლებიც დაემონენ, როგორც ურჩხულს, რომელმაც ხელმწიფება მხეცს გადასცა, ასევე თვით მხეცსაც. ყველამ თაყვანი სცა მას და ამბობდნენ: "ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?". ეს ყოველივე აღნიშნავს, რომ ძალაუფლება მთელს კაცობრიობაზე ანტიქრისტეს ადვილად როდი მიეცემა. თავიდან მას უსასტიკესი ომების ჩატარება მოუწევს და გარკვეულ მომენტში ძლიერ დამარცხებასაც იწვნევს, მაგრამ შემდეგ ამას მისი გასაოცარი გამარჯვება და მსოფლიოზე გაბატონება მოჰყვება. გაბატონებულ ანტიქრისტეს მიეცემა ღმრთის მგმობარი ბაგენი, რომლითაც ის ამაყად და ღმრთისმგმობელურაად იმეტყველებს, თუმცა მისი ხელმწიფება სულ ორმოცდაორი თვე გაგრძელდება.

ამგვარად, ანტიქრისტეს მეფობა ხანმოკლე იქნება, რადგან სხვაგვარად, როგორც მაცხოვარმა ბრძანა, ძეხორციელი ვერ გადარჩებოდა. აპოკალიფსისის 13-ე თავის 6-10-ე მუხლებში მითითებულია ანტიქრისტეს მოქმედების ფორმები: ის გამოირჩევა ღმრთისმგმობელობით, ძალადობით ადამიანებზე, რომლებიც მას არ დაემორჩილებიან, და მიეცემა მას "ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას"; ანუ ის აიძულებს მთელს კაცობრიობას თაყვანი სცენ მას როგორც ღმერთს და დაიმორჩილებს ყველას, თუმცა მხოლოდ იმათ, ვინც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში.

წმინდანები მხოლოდ მოთმინებითა და რწმენით დაიცავენ თავს ანტიქრისტესგან, წმ. იოანე ღვთისმეტყველი ასე ანუგეშებს მათ: "ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება", ანუ ანტიქრისტეს სამართლიანი შურისგება ელოდება.

წმიდა წერილი ანტიქრისტეს "მხეცს" უწოდებს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სინამდვილეში ის მხეცის მსგავსი ან ამაზრზენი გარეგნობის უმახინჯესი ადამიანი იქნება?

ცხადია, არა! ის, რომ ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში გამოსახულია მრავალი თავებითა და რქებით, არის მხოლოდ სიმბოლური მინიშნება, რომელიც არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად. სინამდვილეში, ანტიქრისტე სულაც არ იქნება მახინჯი, გარეგნულად შესაზარი პიროვნება. პირიქით, ის მოკაზმულია "ათი გვირგვინით", რომლებიც სამეფო ხელისუფლებისა და სიდიადის სიმბოლოა. მას ექნება "ტახტი", ის უბრძანებს "მიწიერ მეფეთ", მის კონტროლქვეშ იქნება ვაჭრობა და კვება. და ამ ძალაუფლებას ის "პირმოთნეობით" მიაღწევს, თავის გზაზე კი გაანადგურებს ყველა მტერსა და წინააღმდგომს.

თავისი მმართველობის სისტემას ის დანიელის წინასწარმეტყველებაში აღწერილი ოთხი მხეცისთვის დამახასიათებელ თვისებებს მიანიჭებს: ბაბილონურ სიმდიდრესა და მეფურ სიდიადეს; მიდო-სპარსულ ამპარტავნებასა და სისასტიკეს; ბერძნულ მეუფებას, რომელმაც ყველა გააკვირვა თავისი უმაღლესი მეცნიერებებით, დახვეწილი გემოვნებით, ხელოვნებითა და გართობებით; რომაულ იმპერიალიზმს, რომელიც ცნობილია თავისი რკინისებური დისციპლინით, სიმკაცრით და დესპოტიზმით. ეს ყოველივე ჩართული იქნება ანტიქრისტეს პოლიტიკურ სისტემაში.

მიუხედავად ამისა, ანტიქრისტე ბევრ რამეში მიჰბაძავს ქრისტეს. "ზღვიდან ამომავალი" ეს მხეცი, სიხარულით მიიღებს სატანისგან იმას, რაც თავის დროზე მან ქრისტეს შესთავაზა (უდაბნოში გამოცდის დროს), მაგრამ რაც კატეგორიულად უარჰყო მაცხოვარმა; "და მისცემს ურჩხული ანტიქრისტეს მთელს თავის ძალას, თავისი ტახტსა და უსაზღვრო ხელმწიფებას".

სხვა ნიშანი, რითაც ანტიქრისტე შეეცდება მიჰბაძოს ქრისტეს, მისი ჭრილობაა. "მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოიწყლა, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ".

აქ აშკარა მიბაძვაა ქრისტეს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა. "ქრისტეს წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ", მისი მკვდრეთით აღდგომა დასტურია მაცხოვრის ღვთაებრიობისა და აბსოლუტური სიწმიდისა.

როდესაც ნათქვამია, რომ ანტიქრისტე "სასიკვდილოდ დაიჭრა", ბერძნულ ორიგინალში ეს ვითარება გამოხატულია სიტყვებით: "დაკლულ იქნა სიკვდილამდე". ეს ის სიტყვებია, რომლებიც ქრისტეზეც არის ნათქვამი, სადაც ის ნახსენებია კრავად, რომელიც "დაიკლა..."

მესამე, და არანაკლებ დამახასიათებელი ნიშანი, არის ის, რომ მრავალი ირწმუნებს ანტიქრისტესას და თაყვანსსცემენ მას: "განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს..."

უარყოფენ რა "ქრისტეს ჭრილობებს" - ჩვენი გამოსყიდვის, გამართლებისა და ცხოვნების სიმბოლოს, ხალხები "ანტიქრისტეს ჭრილობებს" ეთაყვანებიან. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში დაეჭვებულები ანტიქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დაიჯერებენ, ირწმუნებენ "სიკვდილამდე დაკლული" ანტიქრისტეს საოცარ განკურნებას, ირწმუნებენ და თაყვანსსცემენ მას.

მსოფლიო ნელ-ნელა მწიფდება ამგვარი "თაყვანისცემისთვის"...

ადამიანმა შეიძლება ღმრთისგან მიიღოს "ახალი გული" და უნარი ემსგავსოს ქრისტეს, თუკი ის სუილთა და ჭეშმარიტებით იცხოვრებს. თუკი მისი სული აღივსება სულიწმიდით, მაგრამ აუღორძინებელი ადამიანი ადვილად ჩაეშვება ცოდვის ჭაობში და არა თუ ანტიქრისტეს დაემსგავსება და თაყვანს სცემს "ხატს მხეცისა", არამედ, ამგვარი თაყვანისცემის შედეგად, თვითონაც იქცევა მხეცად. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ნების მიხედვით ვემსგავსოთ ქრისტეს ან ანტიქრისტეს, ვატაროთ "ხატი ზეციერისა" და "ხატი ქვესკნელისა". ყოველი ადამიანი, ვინც უარს ამბობს სინდისზე, ხელს აიღებს ნამუსზე, ზურგს აქცევს საღ აზრს და ადამიანურ გრძნობებს, ან პირუტყვს ან კიდევ სისხლისმსმელ მხეცს ემსგავსება.

ამ თავში ექვსჯერ მეორდება ფრაზა: "და მიეცა მას"... ჩვენს დღეებში ანტიქრისტეს ჯერ "არ მისცემია" ძალაუფლება, ჯერ მისი "ჟამი არ დამდგარა" და "ბნელეთის ძალაუფლება" თავის სრულ უფლებებში არ შესულა. მაგრამ ჩვენ ყველანი მივემართებით ამ "ბოლო ჟამისკენ", როდესაც ის, რაც აკავებდა მტავრალის მოსვლას, ის რასაც ღმერთი ჯერაც არ უშვებდა, უცებ დაიშვება, "მიეცემა" და მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე...

"მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი..."


ურჩხული სწორედ ასეთ "ამპარტავან გულს" უბოძებს ანტიქრისტეს და ასე "დაუბნელებს გონებას"... რაოდენ საშინელია სიტყვები, რომელსაც შემდეგ ვკითხულობთ: "და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი".

მთელს თავის კადნიერებას ის ღმრთის წინააღმდეგ წარმართავს. სატანა ამაში სიამოვნებას ხედავს და ამით არის დასაქმებული დასაბამიდან: "ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს" (1 იოანე 2:22).

"და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას..."

ანტიქრისტეს აღიარებს მთელი მსოფლიო, როგორც გაუგონარ გენიოსს და კაცობრიობის უდიადეს კეთილისმყოფელს, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, განახორციელა საყოველთაო თანასწორობა და "მსოფლიო მმართველობა". აპოკალიფსისი გვამცნობს, რომ ამ დროს ადამიანები გაკვირვებით ეტყვიან ერთმანეთს: "ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?". თვითმპყრობელური, შეუზღუდავი ძალაუფლება ანტიქრისტეს სისხლიან დესპოტიზმამდე მიიყვანს, ხოლო დეპოტიზმი - დაკაბალებამდე და მონურ კერპთაყვანისმცემლობამდე. მხეცის ხატის თაყვანი ერთადერთი საშუალება იქნება სიკვდილის თავიდან აცილებისა, რადგან: სიკვდილით დაისჯება ყველა "ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).

დიდი ჭირი იქნება ამ დროს დედამიწაზე და წმინდანთა საშინელი დევნა დაიწყება. "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14:22), - ბრძანებს მოციქული. იქ სადაც ტანჯვა, განსაცდელი და დევნულებაა, იქვეა წმინდათა რწმენა და მოთმინება, რომლებიც მათი განუყრელი თანამგზავრი გახდება.

ანტიქრისტეს სახელი ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მისი სახელის რიცხვი - "666". წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის განმარტებით, "მისი სახელი იმიტომ არ არის ცნობილი, რომ სულიწმიდისგან მოხსენიების ღირსი არ არის" (Против ересей, кн. 5, гл. 30) და არც ინება მტარვალის სახელით წმიდა წერილის შებილწვა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню