ანტიქრისტე - მესია და ცრუ-მესია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

მესია (ებრაელი მაცხოვარი) და ცრუ-მესია - მაშიაყი და ფსევდო-მაშიაყი

იუდეველთა სწავლება ანტიქრისტეს შესახებ



"მაშ, განმტკიცდი, ადამიანო! ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები უკვე გაგიცხადეს, ამიტომაც შენც სიყვარულით აუწყე ყველას; თუ გყავდეს ძე ხორციელი, დაარიგე! და თუ შეგონებებით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაში ჰშევ ვინმე, დაიფარე მომავალი საფრთხისგან, რათა სიცრუე არ შეიწყნაროს ჭეშმარიტების ნაცვლად" (წმ. კირილე იერუსალიმელი. "ანტიქრისტეს შესახებ").

ანტიქრისტე

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: რაბი არიე კაპლანის წინამდებარე სტატია, წარმოადგენს ძალზედ შემოკლებულ გადმოცემას იმისა, თუ როგორ სწამთ ებრაელებს მაშიაყის, ანუ ვინ არის ის და რა მიზნით უნდა მოვიდეს ისრაელში. რა თქმა უნდა, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები არ ვიზიარებთ იუდეველი რაბის მწვალებლურ და სინამდვილესთან აბსოლუტურად შეუსაბამო თეორიას, მაგრამ ანტიქრისტეს შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სრულად აღქმისთვის, საჭიროდ ჩავთვალეთ მკითხველისთვის შეგვეთავაზებინა "მეორე მხარის", ანუ თვით იმ რელიგიის შეხედულება ანტიქრისტეზე, რომელიც მას მესიად მოელის. სტატიას გთავაზობთ კომენტარების გარეშე (მხოლოდ რამოდენიმე ადგილას ჩავსვით აუცილებელი განმარტება), რადგან მეტ-ნაკლებად საკითხში (ანტიქრისტეს ვინაობასა და მიზნებში) გათვითცნობიერებული მკითხველისთვის, ისედაც ყველაფერი ნათელი გახდება. ჩვენ მხოლოდ დავამუქეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელსაც იმედია მკითხველი ყურადღებას მიაქცევს, ხოლო სტატიის ბოლოს განვათავსეთ წმიდა მამათა სწავლება ანტიქრისტეს შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე.

მესიისადმი რწმენა ყოველთვის იყო ებრაული დოქტრინის შემადგენელი ნაწილი. ებრაელმა სჯულისმოძღვარმა მაიმონიდმა (რამბამი) ეს რწმენა იუდაიზმის ცამეტი ძირითადი პრინციპის რიცხვში შეიტანა. მესიის და მისი ეპოქის შესახებ წერდნენ სხვადასხვა ეპოქის ბრძენკაცები და რაბინები.

ებრაულმა ისტორიამ მრავალი ცრუმესია იცის. მათგან ყველაზე ცნობილი იყო იესუ, რომლის მომხრეებმა მას ქრისტე უწოდეს, რაც ბერძნულად "ცხებულს" ნიშნავს. "მესია" მომდინარეობს დამახინჯებული ებრაული სიტყვიდან "მაშიაყი". სხვანაირად რომ ვთვათ, სახელი ქრისტე - მხოლოდ ლინგვისტური (სემანტიკურად ნასესხები) კალკია წარმოებულიებრაული "მაშიაყისგან".

ქრისტეანები ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ქრისტე იყო ებრაელთა მაშიაყი. მაგრამ ებრაელებს სულ სხვა წარმოდგენა გააჩნიათ მაშიაყზე. ვნახოთ, რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავებანი.

მაშიაყის კონცეფცია დეტალურად არის შემუშავებული ებრაელი წინასწარმეტყველების მიერ. ლაპარაკია ებრაელ ლიდერზე, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული სიბრძნე, სიმტკიცე და სულიერი ძალა. სწორედ ის მოიტანს სრულ - ფიზიკურ და სულიერ - ხსნას ებრაელი ერისას. გარდა ამისა, მასზე იქნება დაკისრებული მოვალეობა მთელს დედამიწაზე დაამყაროს მარადიული მშვიდობა, აყვავება და ზნეობრივი სრულყოფილება.

ებრაელთა მაშიაყი - ხორცისა და სისხლისგან შემდგარი ებრაელი კაცია, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისგან იბადება.

როგორც თვით წინასწარმეტყველმა იეშაიაჰუმ თქვა (11,2), მაშიაყს ახასიათებს "სიბრძნისა და გულისხმისყოფის სული; სული რჩევიდა და ძლიერებისა; სული ცოდნისა და თრთოლვისა აშემის წინაშე". მაშიაყი ფლობს სამართლიანობის განვითარებულ გრძნობას, თალმუდის ხატოვანი გამოთქმით (ბაბილონის თალმუდი. სანჰედრინი 93, ბ), ის "ყნოსავს და განსჯის". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აქვს უნარი ინსტინქტურად მიხვდეს, დამნაშავეა ბრალდებული თუ არა.

შემდეგ წინასწარმეტყველი (11,4) განმარტავს, რომ მაშიაყი "თავისი ქადაგების მათრახით გაამათრახებს ქვეყანას; თავის ბაგეთა სულით მოჰკლავს უწმინდურს". ბოროტება და ტირანია ვერ გაუძლებენ მის მსჯავრს.

მიუხედავად ამისა, მაშიაყი - უპირველეს ყოვლისა არის მშვიდობისმყოფელი. ამიტომაც ასწავლიან ჩვენი ბრძენკაცები (დერეჰ ერეც ზუთა 1): "როდესაც მაშიაყი მოვა ისრაელთან, ის თავის პირს გააღებს მხოლოდ მშვიდობისთვის. რადგან ნათქვამია (იეშაიაჰუ 52,7): "რა მშვენიერია მახარობლის მთაზე შედგმული ფეხები"".

მაშიაყის პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რათა გაათავისუფლოს ისრაელი მადევართაგან და ბოლო მოუღოს განთესვას. ამავდროულად ის გაათავისუფლებს მსოფლიოს ბოროტების უღლისგან. მისი ძალისხმევით განადგურდება ტანჯვა, უღმრთოების ყველა ფორმა და ძალადობა ("უღმრთოების ყველა ფორმის განადგურებაში" უნდა ვიგულისხმოთ სხვა რელიგიათა დევნა, განსაკუთრებით კი ქრისტეანობისა - რედ.).
კაცობრიობა მიაღწევს ზნეობრივი სრულყოფის მწვერვალს (რაც ცხადია არ მოხდება ახალი რელიგიის შემოთავაზების გარეშე - რედ.); ღმრთის წინააღმდეგ და კაცთა მიერ ურთიერთწინააღმდეგ ჩადენილი ყველა ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება. მაშიაყის ეპოქაში შეწყდება ომები, მტრობა და ერთა შორის შუღლი.

ყველაზე მთავრი კი ისაა, რომ ებრაელი მაშიაყი ღმერთთან მიიყვანს დედამიწის ყველა ხალხს. ეს აზრი დაბეჯითებით არის გამოხატული ლოცვაში ალეინისადმი, რომლითაც მთავრდება სამივე ყოველდღიური ლოცვა - შახარითი, მინხა და მაარიბი. "დე გასწორდეს ქვეყანა ღმრთის ძალაუფლების ქვეშ. მაშინ კაცთა ძენი შეუვრდებიან შენს სახელს და დაგიბრუნდებიან დედამიწის ცოდვილები. დედამიწის ყველა მცხოვრები აღიარებს და მიხვდება, რომ შენს წინაშე უნდა მოიყარონ მუხლნი, და მხოლოდ შენს სახელს იფიცებდნენ... და ყველა მათგანი დაემორჩილება შენს სამეუფო ძლიერებას".

ასეთივე აზრია გატარებული ლოცვაში "ამიდა", რომელსაც კითხულობენ როშ-აშანში და იომ-ქიფურზე: "დაე მთელი ქმნილება ქედს იდრეკდეს შენს წინაშე. დაე გაერთიანდნენ ისინი ერთ საზოგადოებად, რათა აღასრულონ შენი ნება სრული მოსურვებით".

ამგვარად, ებრაელი მაშიაყი მოწოდებულია სამყაროს სრულყოფისკენ. ის გაათავისუფლებს ადამიანებს მონობისგან
(შედარებისთვის, ქრისტემ ადამიანები გაათავისუფლა ცოდვის მონობისგან, რომელიც მან საკუთარ თავს სამოთხეში დაცემით "მოუპოვა", რისი ან ვისი მონობისგან "გაათავისუფლებს" ებრაელთა მაშიაყი, ანუ ანტიქრისტე კაცობრიობას? - რედ.), ტანჯვისგან და მათ მიერ ჩადენილი ბოროტებისგან. ადამიანი თითქოსდა სამოთხის ბაღში დაბრუნდება, რათა უზრუნველად და მძიმე შრომის გარეშე დატკბეს მიწის სიუხვით (როგორ გვაგონებს ამ სიტყვებს ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" ბროშურებზე გამოსახული მიწიერი "სამოთხეები", რაც ბუნებრივია, რადგან "იეღოვას მოწმეთა" სწავლება არის იუდეო-ქრისტეანული და იუდაიზმის, როგორც რელიგიის დიდ ზეგავლენას განიცდის. - რედ.).

მაშიაყის ეპოქაში ებრაელი ერი თავისუფლად იცხოვრებს დედამიწაზე. მოხდება "განთესილთა შემოკრებვა", და ებრაელები დაბრუნდებიან ისრაელში. ყველა ეს მოვლენა შთააგონებს დედამიწის დანარჩენ ხალხებს აღიარონ ისრაელის ღმერთი
(ანუ ის, ვისაც ისინი სოლომონის მესამე ტაძარს აუშენებენ - რედ.) და მისი სწავლება (ანუ ახალი, ანტიქრისტეანული რელიგია - რედ.), რომელიც თორაშია მოცემული. ამიტომაც მაშიაყი იქნება არა მარტო ებრაელთა მეფე, არამედ, გარკვეულწილად, ყველა ერის მმართველიც.

რადგან გადარჩენა შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ ღმრთისგან, მაშიაყი მხოლოდ იარაღი იქნება ღმრთის ხელში - ხორციელ-სისხლისმიერი დამიანი, როგორც ყველა მოკვდავი. ამასთან ის იქნება კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენელი, რომელიც ფლობს უნიკალურ თვისებებს
(მაგ, იქნება სასწაულთმოქმედი - რედ.), რომელიც მიუწვდომელია დანარჩენი ადამიანებისთვის. თუმცა, არაფერი ზებუნებრივი მასში არ არის. სრულყოფილების უზენაეს საფეხურზე ასული, მაშიაყი მაინც ადამიანად რჩება. ამიტომაც, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ებრაელი მაშიაყის სამეფო "ამა სოფლისაგანია" (აქ სტატიის ავტორი რაბი არიე კაპლანი აშკარად პარალელს ავლებს ქრისტეს სიტყვებთან, რომელმაც ბრძანა: "ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოანე 18:36)).

იუდაიზმი არის რელიგია, რომელიც დაფუძნებულია ერთი ხალხის მიერ ერთი ღმრთისადმი მსახურებას. ამით ებრაელები ხდებიან "წინამძღოლნი" სხვა ხალხებისთვის, რომლებსაც ღვთიური სიმართლის ნათელი მიაქვთ დანარჩენ ხალხებთან. ამიტომაც ისრაელის გადარჩენა წინ უნდა უძღოდეს დანარჩენი კაცობრიობის სულიერ ამაღლებას. სანამ მთელს მსოფლიოს გაათავისუფლებდეს
(ვისგან? - რედ.), ღმერთი ჯერ თავის დაჩაგრულ, ტანჯულ და დევნილ ერზე იზრუნებს, დააბრუნებს ებრაელებს მათ მიწაზე და აღადგენს მათ განსაკუთრებულ სტატუსს.

მაგრამ ეს მისია არ ზღუდავს ისრაელს. ებრაელების გათავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული მთელი კაცობრიობის ემანსიპაციასთან და ბოროტებისა და ტირანიის განადგურებასთან
(ძნელი არ არის მივხვდეთ თუ ვის გულისხმობენ ისინი "ბოროტებასა" და "ტირანიაში" - რედ.). ასეთია ღმერთთან ადამიანის დაბრუნებს პირველი ნაბიჯი.

მაშიაყის ეპოქაში ყველა ადამიანი "ერთ საზოგდოებად" გაერთიანდება, რათა აღასრულოს ღმერთის ჩანაფიქრი და დაამყაროს "უზენაესის ძალაუფლება".

მართალია მაშიაყს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სამეფოში, მაგრამ მთავარი ფიგურა მასში იქნება არა ის, არამედ თვით ღმერთი.

ასეთია მოკლედ ებრაული მაშიაყის კონცეფცია.

წყარო: http://toldot.ru/tags/messia-mashiach

მართლმადიდებელ მამათა სწავლება ანტიქრისტეს შესახებ


წმ. კირილე იერუსალიმელი


"იქვე გვაუწყებენ თუ რა იქნება ამის შემდეგ: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)... მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით" (მათე 24:15, 23). ძმათმოძულეობა უკვე ანტიქრისტეს უთმობს ადგილს, რამეთუ ეშმაკი ერებში წინდაწინვე წარმოქმნის განხეთქილებებს, რათა როდესაც ანტიქრისტე მოვა, იოლად მიიღონ იგი. ნუ დაუშვებ, ღმერთო, რათა ქრისტეს მსახურთაგან, აქ ან სხვა რომელიმე ადგილას მყოფი შეუერთდეს ამ მტარვალს, რომლის აშკარა ნიშანი წარმოგვიდგინა თავის ეპისტოლეში მოციქულმა პავლემ: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:3-10).

აი, რას ამბობს პავლე. განდგომილება დღესაც არის, რამეთუ ადამიანებმა უღალატეს ჭეშმარიტებას; ზოგიერთები ძე-მამობას ქადაგებენ, სხვები კი იმას ამტკიცებენ, თითქოსდა ქრისტე არარსებობიდან არსად (ანუ ყოფიერებად) ყოფილიყო მოყვანილი. ადრე აშკარა მწვალებლები იყვნენ, ამჟამად კი ეკლესია აღივსო ფარული მწვალებლებით. დიახ, ადამიანები განუდგნენ ჭეშმარიტებას და "ყურის მოსაფხან" (2 ტიმ. 4:3) მოძღვრებებს მიექცნენ, ხოლო ჭეშმარიტ ქადაგებას უყრუებენ. უმეტესი ნაწილი განუდგა მართებულ მცნებებს. ბოროტებას უფრო ადვილად ეგუებიან, ვიდრე სიკეთეს. აი ის განდგომილება, რომლის შემდეგადაც უნდა ველოდოთ მტარვალს; და მანაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო თავის რჩეულთა მოვლინება, რათა გზა მოუმზადონ კაცთპყრობად.

ამიტომაც, თავს გაუფრთხილდი, ადამიანო, და განმტკიცდი სულიერად. ეკლესია მოწმობს შენთვის ცოცხალი ღვთის წინაშე და დროზე ადრე გაფრთხილებს ანტიქრისტეს შესახებ, და გაფრთხილებს მანამ, სანამ ის გამოჩნდება. მოხდება თუ არა ეს შენს სიცოცხლეში, არ ვიცით, არც ის ვიცით, მოხდება თუ არა ის შენს შემდეგ, ამიტომაც, რაკიღა წინასწარვე უწყი ყოველივე, კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოიჩენ.

* * *


12. ნაწინასწარმეტყველევი ანტიქრისტე მაშინ მოვა, როცა რომის სამეფოს დრო ამოიწურება და სამყაროს აღსასრული მოიწევა. ათი რომაელი მეფე ერთად აღზევდება, და შესაძლოა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთსა და იმავე დროს გამეფდება
(ლაპარაკია ბოლო ჟამინდელ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც სიმბოლური სახით "რომის სამეფოდ და "რომაელ მეფეებად" იწოდება - რედ.). მათ შემდეგ მეთერთმეტე იქნება ანტიქრისტე; იგი ბოროტი ჯადოსნური ხელოვნებით მიიტაცებს სამეფოს. სამს იმათგან, ვინც მასზე ადრე გამეფდებიან დაამხობს, შვიდს კი დაიმორჩილებს. ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს კეთილ, გონიერ და საღად მოაზროვნე კაცად; გამოიჩენს კაცთმოყვარებას; მაცდუნებელი და მომხიბლავი ჯადოქრობით, ნიშებითა და სასწაულებით ჯერ მესიის მომლოდინე იუდეველთ მოხიბლავს, შემდეგ კი არაადამიანურობითა და უსჯულოების ბოროტი საქმით გამოამჟღავნებს უღვთოებას, თანაც იმ ზომით, რომ ბევრად გადააჭარბებს მანამდე მცხოვრებ ყველა უსამართლო და უკეთურ ადამიანს.

კაცთმოძულეობა და უმოწყალობით გამძვინვარებული, განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენს ქრისტეანთა მიმართ. მისი ასეთი მძვინვარება 3 წელსა და 6 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მხოლოდშობილი ღმრთის ძის, უფლის ჩვენისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს ზეცითგან დიდებით მეორედ მოსვლის დროს აღიხოცება. ქრისტე მოკლავს ანტიქრისტეს "თავის ბაგეთა სულით" (2 თესალონიკ. 2:8) და ჩააგდებს გეჰენას.

* * *


14. ვინ არის ეს კაცი და როგორი ძალით იმოქმედებს განგვიმარტავს პავლე სიტყვებით: "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). მიგვანიშნებენ, რომ სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით".

სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონება, აჰა, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებს ვხედავთო, მაშინ, როდესაც ისინი მკვდრეთით არავის აღუდგენია; იხილავენ, როგორ უნაკლოდ გაივლიან კოჭლნი, ბრმებსაც თითქოსდა თვალი აეხილებათ, მაგრამ სინამდვილეში არავითარი განკურნება არ მოხდება.

15. და კიდევ ბრძანებს პავლე: "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). რომელ ტაძარში? ეს იქნება იუდეველთა დანგრეული ტაძარი და არა ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებთ. თუკი მას სურს ქრისტეს სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა, ხოლო ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩება, რომელიც ან თვითონ დაინგრევა სიძველისგან, ანდა დაანგრევენ იმ მიზნით, რათა ახალი ააშენონ, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზით აღიგვება პირისაგან მიწისა და მისი ქვები გაიფანტება. მე გარეგან ტაძარზე კი არ ვამბობ მხოლოდ, არამედ წმიდა წმიდათაზე, რომელშიაც ქერუბიმები იმყოფებოდნენ. და აი, სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე თავისი ცრუ სასწაულებით; ჯერ პირმოთნეობით კაცთმოყვარებას გაითამაშებს, ხოლო შემდეგ გამძვინვარდება, განსაკუთრებით კი ღვთის წმინდანებზე ამხედრდება, რადგანაც დანიელი ამბობს: "მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ" (დან. 7:21); და კიდევ სხვა ადგილას: "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1).

საშინელია ეს მხეცი, დიდი ურჩხული, კაცთაგან დაუძლეველი, რომელიც მზად არის, "ვინმე შთანთქას". მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა მოგვიწევს წმიდა წერილიდან, ამჯერად კი ჟამის სიმცირის გამო, ეს ვიკმაროთ.

16. რადგანაც უკვე გავიგეთ წინააღმდგომის ძლიერება, ასეთ რჩევას აძლევს უფალი ღვთისმოსავთ: "მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:16). ხოლო თუ ვინმე იგრძნობს, რომ ფლობს იმდენ ძალას, სატანას წინააღმდეგობა გაუწიოს, დე, წინ აღუდგეს მას (რამეთუ სულაც არ მიპყრობს სასოწარკვეთა ეკლესიის ძალმოსილების მიმართ) და თქვას: "რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?" (რომ. 8:35); თუ უძლურნი ვართ, მაშინ თავი დავიცვათ (სატანისგან), ხოლო თუ ჩვენი თავის იმედი გვაქვს, გავწიოთ წინააღმდეგობა "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21), მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც შეამოკლა დღენი ურვობისა, რამეთუ ბრძანებს: "რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22).

ანტიქრისტე იმეფებს მხოლოდ სამ წელიწადნახევარს და ამას იმგვარ წიგნთაგან კი არ გასწავლით, რომელთა ღმრთივსულიერება უცნობია, არამედ დანიელის წინასწარმეტყველებიდან: "ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დან. 7:25). "დროში" გულისხმობს იმ ერთ წელიწადს, როცა ის გამოჩნდება და გაძლიერდება; "ორ დროში" მისი უსჯულო მეუფების შემდგომი ორი წელიწადი იგულისხმება, რომლებიც პირველ წელთან ერთად შეადგენენ სამ წელიწად. ხოლო "ნახევარ დროში" გულისხმობს ექვს თვეს. და კიდევ სხვაგან იგივეს ბრძანებს დანიელი: "დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:7). ზოგიერთებს ამავე მნიშვნელობით ესმით ეს სიტყვაც: "ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!" ((მ. 12). ამიტომაც, გვმართებს გაქცევაც და დამალვაც, რამეთუ, შესაძლებელია "ვერ მოვასწროთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლა, რომ მოვა ძე კაცისა" (შეად. მათე 10:23).

17. ვინ არის ის ნეტარი კაცი, რომელიც იმ დროს ღვთისმოსაობისა და ქრისტესთვის ეწამება? ჩემის აზრით, იმდროინდელი მოწამენი ყველა ადრინდელ მოწამეებზე უმეტესნი იქნებიან. ადრე მოწამეებს ადამიანებთან უწევდათ შებრძოლება, ანტიქრისტეს დროს კი ისინი თვით სატანას შეებმებიან; და კვლავაც: თუკი ადრინდელი დევნულების აღმძვრელი მეფეები მხოლოდ კლავდნენ, მაგრამ არ აცთუნებდნენ, მკვდართა გაცოცხლებას არავის ჰპირდებოდნენ, მოჩვენებით ნიშებსა და სასწაულებს არ მიმართავდნენ, ანტიქრისტეს დროს ერთდროულად ამოქმედდება შიში და ცდუნება: "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

დე, ნურავინ ჩაინერგავს მაშინ გულში: უქნია კი უმეტესი სასწაული ქრისტეს? ან, რა ძალმოსილებით იქმს ის (ანტიქრისტე) ამას? ანდა კიდევ: ღმერთს რომ არ ენება, არ დაუშვებდა ამას. მოციქული კი სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს: " ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:11). "მოუვლენს", ე. ი. დაუშვებს, რომ მოხდეს ეს ყოველივე არა იმისთვის, რომ შემდგომ თავი იმართლონ, არამედ, იმისთვის, რომ ისაჯნენ ყოველნი. რატომ? იმიტომ, რომ "არ იწამეს ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბეს" (შეად. იქვე. მ. 12). ანუ სათნო ეყვნენ ანტიქრისტეს და დაუშვებს ყოველივე ამას ღმერთი დევნულების ჟამს, არა იმისთვის, რომ არ ძალუძს წინ აღუდგეს ყოველივე ამას, არამედ მოთმინებისთვის, თავის ერთგულთა გვირგვინსაყოფად, რათა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მსგავსად, ხანმოკლე ტანჯვა-წამების ფასად დაიმკვიდრონ მარადიული ზეციური სუფევა დანიელის სიტყვისამებრ: "იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1). ცხადია, რომ ეს არის სიცოცხლის წიგნი: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2). "მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე" (დან. 12:3).

18. მაშ, განმტკიცდი, ადამიანო! ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები უკვე გაგიცხადეს, ამიტომაც შენც სიყვარულით აუწყე ყველას. თუ გყავდეს ძე ხორციელი, დაარიგე! და თუ შეგონებებით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაში ჰშევ ვინმე, დაიფარე მომავალი საფრთხისგან, რათა სიცრუე არ შეიწყნაროს ჭეშმარიტების ნაცვლად. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაძრწუნებენ მე შფოთნი ერისანი, მაშინებენ საეკლესიო უთანხმოებანი, სიძულვილი ძმისა ძმის მიმართ; დე მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ, ღმერთო, ჩვენს დროში ნუ დაუშვებ ამას. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ანტიქრისტეს შესახებ, რაც ვთქვით ვფიქრობ საკმარისია" (sსრულად იხ. წმ. კირილე იერუსალიმელი. "ანტიქრისტეს შესახებ").



წმ. იპოლიტე რომაელი


"უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მისი სამეუფო და ბრწყინვალე ღირსებისთვის წმინდა წერილში წარმოდგენილია როგორც ლომი, მაგრამ ამავე სახით არის წარმოდგენილი წერილის მიერ
ანტიქრისტეც ლომის ველური მძვინვარებისა და ტირანიის გამო; და საერთოდ, მტარვალი ყველაფერში ცდილობს მიბაძოს ღმრთის ძეს. ლომია ქრისტე, ლომია - ანტიქრისტეც; მეფეა - ქრისტე, მეფეა, - თუმც მიწიერი, - ანტიქრისტეც. მაცხოვარი მოგვევლინა როგორც კრავი; მსგავსადვე, კრავივით მოგვაჩვენებს თავს ანტიქრისტეც, თუმცა შიგნიდან იქნება მგელი და მტაცებელი. მაცხოვარი წინადაცვეთილი მოევლინა ქვეყნიერებას, ასევე მოვა ანტიქრისტეც. უფალმა ყველა ხალხებთან წარაგზავნა თავისი მოციქულნი, მსგავსადვე მოიქცევა მაცთურიც და დააგზავნის დედამიწის ყველა კუთხეში ცრუმოციქულებს. მაცხოვარმა შეჰკრიბა თავისი განბნეული ფარა, ისიც შეჰკრებს მსოფლიოში განთესილ იუდეველთ. მისცა უფალმა ბეჭედი თავის მორწმუნეებს, ასევე მოიქცევა მაცთურიც და თავის ბეჭედს ჩამოარიგებს. ადამიანის სახით მოგვევლინა უფალი, ადამიანის სახითვე მოვა ანტიქრისტეც. მაცხოვარი იქმოდა სასწაულებს, მან მესამე დღეს, ვითარც ტაძარი, მკვდრეთით აღადგინა თავისი ჯვარცმული და დაფლული სხეული, ანტიქრისტეც აღადგენს ტაძარს, ოღონდ ქვის ტაძარს იერუსალემში...

ანტიქრისტე ყველაფერს გააკეთებს, რათა შეავიწროვოს წმინდანები. წინასწარმეტყველი და მოციქული კი ბრძანებს: "აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს". მაშ, ასე მის სახელთან დაკავშირებით რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია; ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ განსჯიდა მოცემულ შემთხვევაში იოანე და რა ეუწყა მას. რადგან მისი (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სახელის საიდუმლოს დრო გაამხელს, როდესაც გამოჩნდება თვით ანტიქრისტე. თუმცა, სავარაუდოდ მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ საგანზე რამდენიც ძალგვიძს; ასეთია (ანუ ამ რიცხვის შესაბამისია - მთარგმნ.), მაგალითად, სახელი - ტიტანი (Τειτάν), უძველესი და ცნობილი სახელი, ან ევანთასი (Εύάνθας), რომელიც ასევე შეესატყვისება მხეცის რიცხვს. ... გვმართებს შიშით ვიპყრათ გულში ღმრთის საიდუმლო და რწმენით დავიცვათ ის, რაც წინასწარმეტყველთა მიერ არის ნაუწყები, ეს იმისთვის, რათა გვეცოდინება რა წინასწარ იმ მშფოთვარებათა შესახებ, რომელიც მოიწევა, არ დავბრკოლდეთ. ხოლო როდესაც მოიწევა განსაზღვრული ჟამი, მაშინ გაცხადდება მტარვალიც, როგორც ნაწინასწარმეტყველევია და ყველას გამოეცხადება მისი სახელი (სრულად იხ.
წმ. იპოლიტე რომაელი "ქრისტე და ანტიქრისტე").



წმ. ირინეოს ლიონელი


"იქიდან, რაც ანტიქრისტეს დროს მოხდება, ჩანს, რომ მას, უსჯულოსა და ბოროტმოქმედს, სურს თაყვანსსცემდნენ მას, როგორც ღმერთს და პატივს მიაგებდნენ ვითარც მეფეს. მიიღებს რა მთელ ძალაუფლებას ეშმაკისგან, მოვა არა როგორც სამართლიანი და სჯულიერი მეფე არამედ, როგორც უკეთური, უსამართლო და უსჯულო, ღმრთისგან განდგომილი, ბოროტმოქმედი და კაცისმკვლელი, ყაჩაღი, რომელიც იმეორებს ეშმაკისეულ ღმრთისმბრძოლობას; ის გააუქმებს კერპებს, რათა შთააგონოს ყველას, რომ თვითონ არის ღმერთი, მაგრამ თვითონ გამედიდურდება და აღზევდება როგორც კერპი და საკუთარ თავში გაანივთებს ყველა ცთომილებათა მრავალფეროვნებას, რომელიც დამახასიათებელი იყო სხვა კერპებისთვის, რათა მათ, რომლებიც სხვადასხვაგვარი სიბილწეებით თაყვანს სცემდნენ ეშმაკს, ამ კერპის მიერ თაყვანი სცენ ანტიქრისტეს. მის შესახებ მოციქული თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში ბრძანებს: "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:3,4). მოციქული ნათლად აჩვენებს მის განდგომას ღმრთისგან და, რომ გადიდგულდება ყოველივეზე რაც კი იწოდება ღმერთად და წმიდად, ანუ ყველა კერპზე, რომლებსაც ადამიანები ღმერთებს უწოდებენ, მაგრამ არ არიან ღმერთები, ამიტომაც ის ტირანულად შეეცდება წარმოადგინოს თავი ღმერთად.

* * *

სამი წელი და ექვსი თვე იმეფებს ის დედამიწაზე. მასზე წერს მოციქულიც თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში, სადაც აჩვენებს მისი მოსვლის მიზეზსაც და ამბობს: "და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:8-12).

უფალიც ასე ამხილებდა მისდამი ურწმუნოთ: "მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5:43); "სხვაში" იგულისხმა ანტიქრისტე, რომელიც გაუცხოებულია ღმრთისგან: ის არის უსამართლო მსაჯული, ვისზეც უფალმა ბრძანა, რომ არც ღმრთის ეშინია და არც კაცისა რცხვენია (ლუკა 18:2); ეს ის არის, ვისაც მიმართა ღმრთისგან განდგომილმა ქვრივმა დედაკაცმა, ანუ მიწიერმა იერუსალემმა, რომელიც კაცს ევედრება მტრისადმი შურისგება. ამას მოიმოქმედებს ის სწორედ თავისი მეფობის დროს, გადმოიტანს თავის სამეფოს ამ ქალაქში და დაჯდება ღმრთის ტაძარში მრავალთა საცთუნებლად, ვითომცდა ქრისტეა.

და ანგელოზიც განუმარტავდა, რომ "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. მისი უღელი იქნება, როგორც ოქროს ჯაჭვი ყელზე, მზაკვრობა იქნება მის ხელთ და გაამპარტავნდება თავის გულში და თავისი მზაკვრობით დაღუპავს მრავალს..." შემდეგ მიანიშნებს მისი ტირანიის პერიოდსაც, როდესაც მრავალი წმინდანი შესწირავს ღმერთს წმიდა მსხვერპლს, ხოლო ანტიქრისტე "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27).

შვიდეულის ნახევარი კი ნიშნავს სამ წელსა და ექვს თვეს. აქდეან ცხადდება არა მხოლოდ წვრილმანები მისი საქმეებისა და ღმრთითგანდგომისა, რომელიც აღადგენს ეშმაკისეულ საცთურს, არამედ იმისაც, რომ ერთი და იგივეა მამა-ღმერთი, რომელიც იქადაგეს წინასწარმეტყველთა და გააცხადა ქრისტემ. რადგან თუ ღმერთმა დაადასტურა დანიელის წინასწარმეტყველება აღსასრულის შესახებ, რადგან თქვა: როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველევს; ხოლო დანიელს ხილვა განუმარტა გაბრიელ მთავარანგელოზმა, რომელიც არის ქვეყნიერების შემოქმედის მთავარანგელოზი და მახარობელი, რომელმაც მარიამს ახარა ხილული მოსვლა და განკაცება მაცხოვრისა, - ცხადი ხდება, რომ ერთი და იგივეა ღმერთი, რომელმაც მოავლინა წინასწარმეტყველნი და აღგვითქვა ძე, რომელმაც მისი შემეცნებისკენ მოგვიწოდა.

რადგან, ამ სამყაროში ზოგიერთნი სარწმუნოების მიერ მიეახლებიან ნათელს და შეუერთდებიან ღმერთს, სხვანი კი განიდრიკებიან ნათლისგან და ღმერთს საკუთარი ნებით განუდგებიან, გვეცხადება სიტყვა ღვთისა და ყველას გვიმზადებს ჯეროვანს სამკვიდრებელს, - მათ, ვინც ნათელშია, ნათლის სავანეებს, რათა მარადის ნეტარებდნენ მათით და ღმრთის სიკეთეებით, ხოლო მათ, ვინც ბნელშია თავიანთ ადგილს (ჯოჯოხეთს), რათა ამ ბნელისგან ჭირვებას განიცდიდნენ. ამიტომაც ამბობს, რომ მარჯვნივ მყოფნი დაიმკვიდრებენ მამის სასუფეველს, ხოლო ვინც მარცხნივ აღმოჩნდება, წავა საუკუნო ცეცხლში, რადგან თვითონ ისურვეს მოკლებულნი ყოფილიყვნენ ყოველგვარ სიკეთეს. ამიტომაც ამბობს მოციქული: "და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:10-12). რადგან როდესაც ანტიქრისტე მოვა, საკუთარი ნებითა და მეთაურობით განაახლებს განდგომილებას, დაჯდება უფლის ტაძარში, რათა მისით ცთუნებულებმა თაყვანისცენ მას, როგორც ქრისტეს, რის გამოც სამართლიანად იქნება შთაგდებულ ცეცხლის გეჰენაში.

ამიტომაც, ღმერთი, რომელმაც ყოველივე წინასწარ უწყის თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით, თავის დროზე მოავლენს ასეთ ადამიანს; ასე, რომ (ჭეშმარიტების უარმყოფელნი) დაუჯერებენ სიცრუის მოქმედს, რათა ყოველნი ცრუნი და უსამართლონი დაისაჯონ.


* * *


ყველაფერი შექმნილია ცხოვნების მოსურნე ადამიანისთვის რათა ის, რასაც გააჩნია თავისუფლება და ნებელობა, უკვდავებისთვის მომწიფდეს და უკეთ მომზადდეს ღმრთის მარადიული სიყვარულისა და მორჩილებისთვის. ამიტომაც ქმნილება შეთანაწყობილია ადამიანს, რამეთუ კაცი კი არ შეიქმნა ქმნილებისთვის, არამედ ქმნილება კაცისთვის. ხოლო ხალხები, რომლებსაც მზერაც კი არ მიუმართავთ ცისკენ, არ განუდიდებიათ შემოქმედი და არ მოუსურვებიათ ეხილათ ჭეშმარიტების ნათელი, არამედ ბრმა ვირთხებივით შთაფლულნი იყვნენ უმეცრების ჭაობში, არინ ჭურჭლიდან გადმოღვრილი წვეთებივით. ისინი იმდენად არიან სასარგებლო მართალთათვის, რამდენად სასარგებლონი არიან ღეროები ხორბლისთვის, თივა დასაწველად და ოქროს დასამუშავებლად. ამიტომაც, როდესაც ეკლესია როდესაც უეცრად აღტაცებულ იქნება აქედან, იქნება, როგორც ნათქვამია, ჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან და არც მომავალში იქნება. რადგან ეს არის მართალთა უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიაც ისინი, გაიმარჯვებენ და უკვდავებით გვირგვინმოსილ იქნებიან.

ამიტომაც მომავალ მხეცში აღსდგება და გაერთიანდება უკეთურებისა და მზაკვარების მთელი სისრულე, რათა ღმრთისგანდგომილების მთელი ძალა, მოქცეული მასში, შთაგდებულ იქნას ცეცხლის სახმილში. თანაც მისი სახელის რიცხვი იქნება ექვსას სამოცდა ექვსი, რადგან თავის თავში აღადგენს მთელ ბოროტებას რომელიც იყო წარღვნამდე და ანგელოზთა დაცემით წარმოიშვა. რადგან ნოე ექვსასი წლის იყო, როდესაც დაიწყო წარღვნა დედამიწაზე, რათა აღხოცილიყო ნოეს დროს არსებული მიწის მკვიდრთა უკეთური კერპთაყვანისმცემლობა. ასე, რომ ანტიქრისტეც აღადგენს წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ არსებულ ცთომილებებს, აღადგენს კერპებს, მოკლავს წინასწარმეტყველებს და ცეცხლს მისცემს მართალთ.

* * *


ხოლო იერემიამ გაგვიცხადა არა მარტო უეცარი გამოჩენა, არამედ ის ტომიც, საიდანაც იქნება ანტიქრისტე, როდესაც თქვა: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერემია 8:16). ამიტომაც, ეს ტომი არ არის დასახელებული ისრაელის ცხოვნებულ ტომთა შორის (გამოხ. 7:5-7).

* * *


როდესაც ანტიქრისტე მოაოხრებს ყოველივეს ამ სამყაროში, იმეფებს სამი წელი და ექვსი თვე და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ მოვა უფალი ციდან, ღრუბლებზე ამხედრებული, მამის დიდებითა და ბრწყინვალებით, და ჩააგდებს მტარვალსა და მის მიმდევართ ცეცხლის ტბასა და გეჰენაში, ხოლო მართალთ უბოძებს უხრწნელ სუფევას, ნეტარებასა და აღთქმას, რომელიც მისცა აბრაამს და აღსრულდება მისი ნათქვამი: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11)" (სრულად იხ.
წმ. ირინეოს ლიონელი. ამონაწერი თხზულებიდან "მწვალებლობათა წინააღმდეგ". "ანტიქრისტეს ტირანული სამეფოს შესახებ").


წმ. იოანე დამასკელი



"გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. მართალია, ანტიქრისტედ იწოდება ყველა, ვინც არ აღიარებს ღვთის ძისა და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ ის სრული ღმერთია და ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, მაგრამ საკუთრივი მნიშვნელობითა და უპირატესად ანტიქრისტედ იწოდება ის, ვინც საუკუნის (ე. ი. სამყაროს - მთარგმნ.) აღსასრულის წინ მოვა. ამიტომ საჭიროა, რათა პირველ რიგში ქადაგებულ იქნეს სახარება ყველა ხალხში, როგორ თქვა ეს უფალმა როდესაც ღმერთს ამხედრებულ იუდეველთ ამხილებდა, და ამის შემდეგ მოვა. რადგან უფალმა მათ უთხრა: "მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5,43). მოციქულმაც ბრძანა: "ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:11,12).

იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს" (დანიელი 11:37). და მოციქულიც ამბობს: "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი. მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:3). როდესაც მოციქული ამბობს "და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა", გულისხმობს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ძველ ტაძარს, რადგან ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან; ქრისტეს გამო კი არ მოდის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, ამიტომ იწოდება კიდეც იგი ანტიქრისტედ.

ამრიგად, საჭიროა უწინარეს ყოვლისა სახარება იქნას ქადაგებულ ყველა ხალხთა შორის (მათე 24:14) და მაშინ გამოჩნდება უსჯულო, რომლის მოსვლა იქნება სატანის შეწევნით სიცრუის ყველა მანქანებით, ნიშებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით და და დაამხობს მას თავისი გამოჩენის ძალით (2 თესალონიკ. 2:8,9). არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი, უფლის განკაცებისაებრ, - ნუმც იყოფინ! არამედ იშვება კაცი სიძვისგან და მიიღებს სატანის მთელ მოქმედებას. რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება დაუშვებს, რომ ეშმაკი შესახლდეს მასში.

როგორც ვთქვით, ის სიძვისგან იშვება. აღზრდიან საიდუმლოდ, შემდეგ უეცრად აღზევდება, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უკეთ კი ტირანიის დასაწყისში, თავს მოაჩვენებს წმინდად და სამართლიანად, ხოლო როდესაც განმტკიცდება, დაიწყებს ეკლესიის დევნას და გადმოანთხევს მთელ თავის ბოროტებას (2 თესალონიკ. 2:9). ხოლო მოვა იგი ცრუ ნიშებითა და სასწაულებით, რაც მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი და აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი მქონეთ ისე, რომ თუკი შესაძლებელი იქნება აცთუნოს რჩეულნიც (მათე 24:24).

მაშინ მოივლინებიან ენუქი და ილია თეზბიტელი (მალაქია 4:9), რომლებიც მამათა გულებს მოაქცევენ შვილებისკენ, ანუ სინაგოგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტესკენ და მოციქულთა ქადაგებისკენ, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან ანტიქრისტეს მიერ (გამოცხ. 11:3). და მოვა უფალი ციდან ისევე, როგორც იხილეს იგი წმიდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ (საქმე 1:11), ანუ მოვა სრული ღმერთი და სრული კაცი, დიდებითა და ძლიერებით, და მოკლავს უსჯულოს, წარწყმედის ძეს, თავისი პირის სულით. ასე, რომ ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვითონ დაგვიდასტურა" (სრულად იხ.
წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა").

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню