ანტიქრისტე - ანტიქრისტეს შესახებ 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ბ. დერევენსკი

ანტიქრისტეს შესახებ

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბორის გიორგის ძე დერევენსკი (დაბ. 1962 წ.) - რუსი მწერალი, ისტორიკოსი, რელიგიათმცოდნე. უმთავრესად ცნობილია მის მიერ გამოცემული პოპულარული კრებულით: "იესუ ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში" ("Иисус Христос в документах истории"), რომელიც მრავალჯერ გამოიცა (СПб.: «Алетейя», 1-е изд.: 1998; 5-е изд.: 2010). მეორე მისი ასევე ცნობილი კრებულია "სწავლება ანტიქრისტეს შესახებ ძველად და შუა საუკუნეებში" (2000 წ.) ("Учение об Антихристе в древности и средневековье").

შინაარსი



I. წინასახეები, ძველაღთქმისეული ასოციაციები


ძველ აღთქმაში, ანუ ებრაულ წმიდა წერილში (თანახში), ანტიქრისტე ნახსენები არ არის, ისევე როგორც არ არის მითითებული (უკიდურეს შემთხვევაში, მკაფიოდ) მესია (ქრისტე). ძვ. წ. V ს.-მდე იუდაიზმში არ ლაპარაკობდნენ სატანაზე, როგორც ღმრთის განსაკუთრებულ მტერზე, რომელიც წარმოედგინათ ზებუნებრივ პიროვნებად. მკაცრი მონოთეიზმი, რომელიც იუდეაში საბოლოოდ VI-V სს.-ში დამკვიდრდა (მეორე სჯულთა წიგნის გამოჩენით), გამორიცხავდა რაიმე ფიგურებს, რომელთაც შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ უფალ ღმერთისთვის ან თუნდაც გაებედა პრეტენზია განეცხადებინა მის განუყოფელ ძალაუფლებაზე სამყაროში. ღმერთი იაჰვე არის როგორც ყოველივე კარგის, ასევე ცუდის წყარო (1 მეფ. 16:14; 3 მეფ. 22:22). "მე ვერ უფალი, და არა არს სხვა ჩემს გარდა, - ვკითხულობთ მეორე-ესაიასთან, - მე გამოვსახავ ნათელს და ვქმნი ბნელს, ვაკეთებ სამყაროს და ვიწვევ უბედურებებს" (45:7).




ერთღმერთობის პრინციპთა გარდა ადრეისრაელურ საზოგადოებაში ჩეიმჩნევა აბსოლუტური სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების ცნებათა არსებობაც. ჯერ მსოფლიო ბოროტების ცნება არ იყო დამკვიდრებული, ამიტომ, არ იყო საჭირო ეძებნათ ვინმე სხვა, იაჰვეს გარდა, ძალა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბოროტებისთვის. "მომავალი სატანა ჩამწყვდეული იყო თვით იაჰვეში", როგორც მისი ხასიათის ბოროტი ნაწილი, მისი ძალაუფლების მავნე მხარე", - აღნიშნავდა ა. ვ. ამფითეატროვი თავის წიგნში, რომელიც ეძღვნება ეშმაკის გენეზისს.

საზოგადოებრივი მორალის განვითარებასთან ერთად დადგა საკითხი ბოროტების წყაროს შესახებაც. მოწყალე და კაცთმოყვარე მამა-ღმერთს, როგორც წარმოიდგენდნენ ამ დროიდან იაჰვეს, არ შეეძლო ექმნა უსჯულოება.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე V ს.-ში, იობის წიგნში (1:6-12) და ზაქარიას წინასწარმეტყველებაში (ზაქ. 3:1-2) სატანა პერსონიფიცირებულია, მაშინ როდესაც სიტყვა სატანა ყოველი მტრისა და მოწინააღმდეგის საზოგადო სახელი იყო (1 მეფ. 5:18; 3 მეფ. 29:4; 4 მეფ. 19:23). თუმცა, ძველი აღთქმის ჩარჩოებში "მსოფლიო მაცთურის" სახემ საკმარისი განვითარება ვერ ჰპოვა.

წარმოდგენა დაცემულ ანგელოზზე, ღმრთის მოწინააღმდეგეზე, ყველა ბოროტი სულის მეთაურზე, ჩაომყალიბდა უკვე ბიბლიისშემოდგომ ეპოქაში, ენოქის აპოკრიფული წიგნის გამოჩენის შემდეგ (II ს. ჩვ. წ.-მდე), რომელშიც აღწერილია ანგელოზთა ნაწილის დაცემა სამყაროს დასაბამში. გვიანიუდაურ ლეგენდებსა და თალმუდისტურ ლიტერატურაში სატანა, რომელსაც ასევე ეწოდება სამაელი, აზაზელი და სხვა, სიკვდილის ანგელოზად იქცევა (ВТ Бава-Батра, 16а), რომელიც არის მავნე არსება და მსოფლიო ბოროტების წყარო. ის მოგვაგონებს ზოროასტრულ ანგრო-მაინიუს (ახრიმანს). ხატავდნენ რა სატანის სახეს, რაბინები მიმართავდნენ იმ სიუჟეტებს და პერსონაჟებს ძველი აღთქმიდან, რომლებიც შესაბამის ასოციაციებს იწვევდნენ, და მათ ახლებურად განმარტავდნენ. ასე, მაგალითად, სიტყვა "იაჰვეს მრისხანება" (2 მეფ. 24:1) 1 პარალიპომენონში შეიცვალა სიტყვით "სატანა". ჩვეულებრივი გველი (ნახაშ (29)) ადამისა და ევას ცოდვით დაცემის ისტორიიდან (დაბ. 3:1) სოლომონის მეორე-კანონიკურ წიგნში (II ს. ჩვ. წ.-მდე) პირველად არის წარმოდგენილი როგორც ეშმაკი და სატანა (2:24). მოგვიანებით ასეთი განმარტება საყოველთაო გახდა.




ზუსტად ასე, ოღონდ უკვე უმეტესწილად ქრისტიანულ ნიადაგზე ყალიბდებოდა წარმოდგენა ანტი-მესიის, სატანის უფლებამოსილი პირის შესახებ, რომელიც გამოჩნდება სამყაროს აღსასრულის წინ უკანასკნელი და განსაკუთრებული განსაცდელების დროს. ამგვარი ასოციაციებისთვის უხვ საკვებს იძლეოდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები, რომელთა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ეხებოდა ისრაელის მოწინააღმდეგეებს, თან ახლდა მკაფიო, დამამახსოვრებელი სახეები. ამ სახეთა სიმკვეთრე ისეთი იყო, რომ დროთა განმავლობაში მათ იმ ისტორიული ეპოქისგან დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს, რომელშიც გაჩნდნენ.

ესაიას წინასწარმეტყველებაში, რომელსაც "ბაბილონის მეფეზე გამარჯვების გალობა" ეწოდება (14:3-27), ეს მძლავრი დესპოტი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა, ედარება "მთიებს" ("განთიადის ვარსკვლავს") (ანუ პლანეტა ვენერას), რომელიც ყველაზე მკაფიოდ კაშკაშებს ცისკრისა და საღამოს ცის კაბადონზე.  დაისი, ამ მნათობის გაქრობა განასახიერებდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყებ ამაყ მბრძანებელს. მოგვიანებით, რაბინისტულ განსწავლულობასა და ქრისტეანობაშიც, ეს მონაკვეთი სამყაროს დასაბამს სატანის დაცემად იქნა გააზრებული. ებრაული ეპითეტი ხილელ ბენ შახარ (ბუკვალურად: "მნათობი", სეპტუაგინტას თარგმანში:
ωοφρος, (ნათელმოსილი), ვულგატაში: Lucifer (ლუციფერი), სატანის ერთ-ერთი სახელი გახდა. ამასთან, იპოლიტე რომაელიდან მოყოლებული, ესაიას წინასწარმეტყველების ეს მონაკვეთი გამოიყენება ესქატოლოგიურ აღწერებში და დაკავშირებულია მომავალი ანტიქრისტეს აღზევებასა და დაცემასთან.

ანტიქრისტესთან დაკავშირებით იპოლიტე რომაელს მოჰყავს კიდევ ორი ფრაგმენტი წინასწარმეტყველური წერილიდან. პირველში, კერძოდ, ესაიას წინასწარმეტყველებაში, ნაწინასწარმეტყველევია ასურეთის დაღუპვა, რომელიც პერსონიფიცირებულია ასურეთის მეფესთან (10:12-19); მეორეში, კერძოდ, ეზეკიელ წინასწარმეტყველი მიმართავს ტვიროსის მეფეს, და უწინასწარმეტყველებს მას მისი ქალაქის დაღუპვას, რომელსაც უცხოტომელები აიღებენ (28:2-10). ამის შემდეგ იპოლიტე იმოწმებს ეზეკიელის წიგნის მონაკვეთს (28:11-19), რომელიც შემდეგ ასევე შევიდა ქრისტეანულ ესქატოლოგიაში. ტვიროსის მეფე აქ იწოდება "ცხებულ ქერუბიმად"ს, "მანათობელ ქერუბიმად" (საერთოდ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ბიბლიაში, როდესაც ასეთი ეპითეტი განეკუთვნება არაებრაელ, "წარმართ" მმართველს), რომელიც შთავარდა უსჯულოებაში და ამიტომაც საშინელი ცეცხლისგან უნდა დაიღუპოს. საეკლესიო ეგზეგეტიკაში ეს მონაკვეთი შეწყვილებულია "ბაბილონის მეფეზე გამარჯვების საგალობელთან" და განეკუთვნება სატანას, რომელიც ოდესღაც ქერუბიმის ხარისხსში იყო, მაგრამ შემდეგ ღმრთის წინააღმდეგ ამბოხისთვის გადმოგდებულ იქნა ციდან. არცთუ იშვიათად ეს წინასწარმეტყველება განეკუთვნებოდა ანტიქრისტეს.

ბოლო დროს საეკლესიო მწერლები ანტიქრისტეს "პოულობენ" ყველგან ძველ აღთქმაში. ფსალმუნში მომავალი ანტი-მესიას ხედავდნენ კაცში "მოსისხლესა და მზაკვარში", რომელიც "სძაგს უფალსა" (ფსალმ. 5:7), "ბოროტში", რომელიც  "ამპარტავნობით დევნის ღატაკს" (ფსალმ. 9:23/10:2), "; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. "უკეთურში", რომელიც დევნის "ობოლსა და ჩაგრულს" (ფსალმ. 9:23/10:2), და "ძლიერში", რომელიც "ტრაბახობს ბოროტებით" (ფსალმ. 51:3/52:1) და ა. შ.




მომავალ მტერს ხედავენ იერემიას წინასწარმეტყველებაში: "ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი" (იერ. 6:26), ხოლო მისი დაღუპვა - ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში, სადაც ლაპარაკია "ისრაელის, ბილწ და უსჯულო წინამძღვარზე" (ეზეკ. 21:25) და ა. შ. ანტიქრისტეს წინასახეებად და წინამორბედებად მიაჩნდათ ისეთი ბოროტმოქმედნი და მართალთა შემავიწროვებელნი, როგორებიც იყვნენ: კაენი, ლამეხი, ნიმროდი, ქოდოლოგომორი (ქედორლაღომერი) (დაბ. 14:5), ფარაონი, აბიმელექი, საული, გოლიათი, აბესალომი, ბალაამი და სხვა (31). შეუძლებელია გადმოცემულ იქნას ყველა ძველაღთქმისეული პასაჟი, რომელიც ქრისტეანული ტრადიციით ანტიქრისტესთან არის დაკავშირებული და ეს სია დღემდე გრძელდება. ამიტომაც ჩვენ შემოვიფარგლებით მით, რომ მოვიტანთ ესაიას და ეზეკიელის უკვე მითითებულ წინასწარმეტყველებებს, რომლებსაც ეკლესია ყველაზე ხშირად მიმართავს.




ესაიას წინასწარმეტყველების წიგნი

ესაია 10:12-19. "წინასწარმეტყველება ასურეთის მეფის შესახებ".




12. როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.

13. რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი.

14. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.

15. თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?

16. ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.

17. ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს.

18. გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება.

19. გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს.



ძველი ქართულით:

12. "და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,
13. რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.

14. და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.

15. ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,

16. არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.

17. და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა.

18. დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.

19. და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.



ესაია 14:3-27. "ბაბილონის მეფეზე გამარჯვების საგალობელი"



3. იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები.

4. წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!

5. როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი,

6. რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!
7. დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს.

8. ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან.

9. ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.

10. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე.

11. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.

12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!

13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.

14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!

15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.

16. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?

17. ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?

18. ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.

19. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.

20. ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ.

21. საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ. მიწის პირი.

22. აღვდგები მათ წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს, ამბობს უფალი.

23. ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

24. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.

25. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.

26. აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული!

27. ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?



ძველი ქართულით:

3. და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა განგისუენოს შენ უფალმან სალმობისაგან შენისა და გულისწყრომისა შენისა და მონებისა შენისა ფიცხლისა, რომლითა ჰმონებდი მათ.

4. და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე.

5. შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა.

6. დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა.

7. განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით.

8. და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.

9. ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.

10. ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.

11. ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი.
12. ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.

13. ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.

14. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა.

15. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა.

16. მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა,

17. დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა.

18. ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა,

19. ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა,

20. ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი.

21. განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ.

22. და ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად,

23. ვიდრემდის დაემკჳდრნენ გრძღაბნი ექინნი, და იყოს არარად. და დავდვა იგი თიჴისა მთხრებლად წარსაწყმედელად, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

24. ვითარსახედ ვთქუ, ეგრეთ იყოს, და ვითარსახედ განმიზრახავს,

25. ეგრეთ ეგოს წარწყმედად ასსურასტანელთა ქუეყანისა ზედა ჩემისა და მთათა ზედა ჩემთა. და იყვნენ დასათრგუნველ, და აღებულ იქმნეს მათგან უღელი მათი და ძალი მათი მჴართა მათთაგან აღებულ იქმნეს.

26. ესე განზრახვა, რომელსა განიზრახავს უფალი სრულსა ზედა მკჳდროანსა, და ესე ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა,

27. რამეთუ, რომელთა განიზრახავს ღმრთისა წმიდაჲ, ვინ დაჴსნას? და ჴელი მისი მაღალი ვინ გარემიაქციოს?



ეზეკიელის წინასწარმეტყველება

ეზეკიელი 28:1-19
"სიტყვა ტვიროსის მთავარს", "გოდება ტვიროსის მეფეზე"




1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს.

3. აჰა, დანიელზე ბრძენი ხარ და არცერთი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი.

4. შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,

5. ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,

6. ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ,

7. ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას.

8. საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები.

9. თუ იტყვი, ღმერთი ვარო, შენი მკვლელის წინაშე, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი,

10. წინადაუცვეთელის სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.

11. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

12. ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული.

13. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.

14. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.

15. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა.

16. უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.

17. გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.

18. ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ.

19. ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.



ძველი ქართულით:

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

3. ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა?

4. ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა.

5. ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა;

6. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

7. ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი.

8. წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა.

9. ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა.

10. სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი.

11. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, აღიღე გლოაჲ მთავარსა ზედა ტჳრელსა.

12. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.

13. საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.

14. შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.

15. იყავ შენ უბიწო დღეთა შინა შენთა, რომლით დღითგან აღეგე შენ, ვიდრემდის იპოვნეს უსამართლობანი შენნი შენ შორის.

16. სიმრავლისაგან ვაჭრობისა შენისა აღავსენ საუნჯენი შენნი უსჯულოებითა; და სცოდე და მოწყლულ იქმნეს მთისაგან ღმრთისაჲსა და განგიყვანა შენ ქეროვიმმან საშუალისაგან ქვათა ცეცხლისათაჲსა.

17. ამაღლდა გული შენი სიკეთესა შენსა ზედა, და განიხრწნა ზედმიწევნულობაჲ შენი სიკეთისა თანა შენისა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა ქუეყანასა ზედა მიგაგდებენ, წინაშე მეფეთასა დაგაგდე შენ სამაგალითოდ დადებად.

18. სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა და უსამართლოებისა ვაჭრობისა შენისა შევაბილწენ სიწმიდენი შენნი; და აღვაგზნა ცეცხლი საშუალ შენსა, ამან შეგჭამოს შენ და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა ზედა შენსა, წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

19. და ყოველნი მეცნიერნი შენნი წარმართთა შორის დაჭმუნდენ შენ ზედა; წარსაწყმედელ იქმნე და არა იყო მერმე უკუნისამდე.


გაგრძელება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню