ანტიქრისტე - ანტიქრისტეს შესახებ 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ბ. დერევენსკი

ანტიქრისტეს შესახებ

ანტიქრისტეს შესახებ

ბორის გიორგის ძე დერევენსკი (დაბ. 1962 წ.) - რუსი მწერალი, ისტორიკოსი, რელიგიათმცოდნე. უმთავრესად ცნობილია მის მიერ გამოცემული პოპულარული კრებულით: "იესუ ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში" ("Иисус Христос в документах истории"), რომელიც მრავალჯერ გამოიცა (СПб.: «Алетейя», 1-е изд.: 1998; 5-е изд.: 2010). მეორე მისი ასევე ცნობილი კრებულია "სწავლება ანტიქრისტეს შესახებ ძველად და შუა საუკუნეებში" (2000 წ.) ("Учение об Антихристе в древности и средневековье").

შინაარსი


ეკლესიის უკანასკნელი მტერი: "ბოროტების გვირგვინი"


სიტყვა "ანტიქრისტე", ისევე როგორც ლათინური antkhristus, ბერძნული
αντχριστος-იდან მომდინარეობს (αντι - "სანაცვლოდ", "წინააღმდეგ", და Χριστς - ქრისტე, მესია), რომელიც ქრისტიანის ან ქრისტე-მესიის საწინააღმდეგოს აღნიშნავს. ანტიქრისტეში გულისხმობდნენ როგორც ეკლესიისა და ქრისტეანული სწავლა-მოძღვრების მოწინააღმდეგეს, ანუ ანტიქრისტიანს (იგივეა რაც ქრისტეანობიდან განდგომილი, სქიზმატი, ერეტიკოსი), ასევე უფრო ვრცელი მნიშვნელობით - ყოველგვარ მოუნათლავს და არამართლმადიდებელ ადამიანს, "არაქრისტეს", უცხოს, სხვა სარწმუნოების ან რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს, ასევე უღვთოსა და ათეისტს. გარეგნულად თუნდ მართლმორწმუნე ქრისტეანიც ყოფილიყო, ხშირად ანტიქრისტეს სახელი ერქმეოდა ქრისტეანთა მადევარს, ტირანს, სუპოსტატს.

ტერმინ "ანტიქრისტეს" კანონიკურ განსაზღვრებას ვპოულობთ მოციქულ იოანეს ეპისტოლეებში, სადაც ის პირველად გამოჩნდა. ანტიქრისტე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის "ცრუ, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე... მამის და ძის უარმყოფელი" (შეად. 1 იოანე 2:22), მეორეც, ანტიქრისტე არის "მაცთური", რომელშიც იგულისხმება ადამიანი, "ვინც  არ აღიარებს ხორციელად მოსულ იესუ ქრისტეს" (შეად. 2 იოანე 1:7). როგორც ვხედავთ, ტერმინი "ანტიქრისტე" კრებითი სახელი გახლდათ.

თუმცა, იოანეს ეპისტოლე გვაფიქრებინებს, რომ ეს ტერმინი შეიძლება მისადაგებოდა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც მომავალში უნდა გამოჩნდეს: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). ეს სიტყვები მრავალმხრივ საინტერესოა. გარდა იმისა, რომ მრავალ ანტიქრისტეთა შორის გამოიყოფა ერთი, ყველაზე საშიში და ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი, შემდეგ ასევე მითითებულია, რომ ის მოვა "უკანასკნელ ჟამს", ანუ "სამყაროს აღსასრულის" წინ.

წარსულ და დღევანდელ მრავალ ანტიქრისტეთაგან განსხვავებით, ჩვენს წინამდებარე ნაშრომში
სწორედ ამ კერძო ანტიქრისტეზე ვილაპარაკებთ.



XIX ს.-ის მიწურულის მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა ა. დ. ბელიაევმა თავის კაპიტალურ ნაშრომში, რომელიც სამყაროს აღსასრულს მიეძღვნა, ასე ჩამოაყალიბა ეკლესიის შეხედულება: "ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, უშუალოდ მასზე უწინ, გამოჩნდება და იმეფებს ანტიქრისტე, ერთი კონკრეტული პიროვნება, ერთი ადამიანი, რომელსაც მოციქულმა პავლემ ცოდვის კაცი და წარწყმედის ძე უწოდა" (Беляев А. Д. О безбожии и Антихристе. Сергиев Посад, 1898. Репр. М., 1996. Ч. I. С. 505).

ამრიგად, ყველა წარსული და ამჟამინდელი ანტიქრისტე - განდგომილები, სქიზმატები, ერეტიკოსები, მტრები და სუპოსტატები - მომავალი ბოლო ანტიქრისტეს მხოლოდ წინასახეებია. ხოლო ეს მტარვალი სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება და შეარყევს მთელს მსოფლიოს. სწორედ ეს უკანასნკელი ანტიქრისტე, თავისი ანტიქრისტიანული სულით და სრულიად უნიკალური ძლიერებითა და ძალაუფლებით, მასშტაბებით შეიძლება შევუფარდოთ ქრისტეს, რომლის ანტინომიადაც ის გამოვა. თვით ტერმინში "ანტიქრისტე" ჩადებულია ეკლესიის დამფუძნებლისადმი მისი წინააღმდეგობა.

1993 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ წიგნში "ბიბლიის დიდი მეგზური" მთარგმნელებმა გერმანულიდან სიტყვასიტყვით გადათარგმნეს: "ანტიქრისტე - უკანასკნელ შერკინებაში ქრისტეს მოწინააღმდეგის სახელი, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება" (Большой путеводитель по Библии. М., 1993. С. 38). მაგრამ არის თუ არა სიტყვა "ანტიქრისტე" კერძო სახელი? ეკლესიაში ასე არავის მიუჩნევია. როგორც ქრისტეს გააჩნია კერძო სახელი, ასევე ანტიქრისტესაც კერძო სახელი ექნება, "ანტიქრისტე" - ეს ტიტულიც კი არ არის. ეს არის სპეციალური მინიშნება, რელიგიური ტერმინი, რომელიც გამოხატავს ქრისტეანთა დამოკიდებულებას ამ ფიგურისადმი. ის ისეთივე რელიგიური ტერმინია, როგორიცაა "ქრისტე", "მაცხოვარი", "ძე ღვთისა". ამ სინონიმების შესაბამისად ანტიქრისტე განისაზღვრება, როგორც: "წარმწყმედელი", "მაცთური", "მტარვალი" და, თუ გნებავთ, "ძე ეშმაკისა". და თუკი ქრისტე იყო ღმერტკაცი, ანტიქრისტე, როგორც ნ. ა. მოტოვილოვი წერდა, იქნება "კაც-ეშმაკა" (См.: Фомин С. Россия перед вторым пришествием: Материалы к очерку русской эсхатологии. Т. 1. Троице-Сергиева лавра, 1998. С. 405). ეკლესიის აზრით, ანტიქრისტეს კერზო სახელი მოცემულია "მხეცის" აპოკალიპტურ რიცხვში - 666 (გამოცხ. 13:18). ბევრი ეცადა გაეშიფრა ეს რიცხვი, აცხადებდნენ მრავალგვარ სახელწოდებასაც, სანამ ღვთისმეტყველებმა ყველა ამგვარი მცდელობა ამაოდ არ ჩათვალეს. ანტიქრისტეს კერძო სახელი - ეს არის საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მისი მოსვლის დროს გამჟღავნდება.

"ანტიქრისტე - ეს არის ქრისტეს მტრების მეთაური", - განმარტავს ბრიტანული ენციკლოპედია, და ხაზს უსვამს მომავალი მტრის ხელმძღვანელ როლს, მის ძალმოსილებრივ ფუნქციებს. ეს იქნება ბოლო მსოფლიო სამეფოს მმართველი. და თუ ქრისტეს სიმბოლურად ებოძა იუდეველთა მეფის ტიტული, მისი ჯოჯოხეთელი ორეული მსოფლიოს ნამდვილი მეფე გახდება.

მართალია ანტიქრისტე იმოქმედებს მსოფლიოში და თავს ადამიანებთან მიმართებაში გამოავლენს, ის ანტიქრისტედ მაინც სწორედ ქრისტესთან დაპირისპირების გამო იწოდება. "ეს იქნება კაცი, ყოველმხრივ ქრისტეს საწინააღმდეგო პიროვნება", - ნათქვამია 1905 წლის ოპტის უდაბნოს გამოცემაში, - ქრისტეს ანარეკლი, ოღონდ საწინააღმდეგო სახით". შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტე - ეს არის ქრისტეს მიწიერი ანტიპოდი. მაგრამ ასეთი სახელდებაც არასრულია. უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ანტიქრისტეს გამოარჩევს ქრისტეს ყველა სხვა დანარჩენი მტრებისგან, - მისი ესქატოლოგიური მნიშვნელობაა. ეს იქნება ყველაზე ბოლო და ყველაზე საშინელი მტერი ეკლესიისა. და რადგან ახლანდელი "ბოროტი წუთისოფელი" უნდა წარხდეს, წარწყმედის წინ ის მთელი ბოროტების კონცენტრირებას ანტიქრისტეში მოახდენს. "კაცთა მოდგმაში არსებული ბოროტება მასში თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწევს, - წერს ა. დ. ბელიაევი, - და ამიტომაც ანტიქრისტესა და მის თანამედროვე კაცობრიობაში ბოროტება დასრულდება" (Беляев А. Д. Указ. соч. С. 193).

როგორც ქრისტეს ორეული ანტიქრისტესაც ზოგჯერ ღმერთს უწოდებდნენ. ერთ ძველ რუსულ სიმღერასი არის ასეთი სიტყვები: "Сойдет на землю бездушный бог. Бездушный бог Антихристос" (Бессонов П. А. Калики перехожие: Сборник стихов. Вып. 5. М., 1864). ნიშანდობლივია, რომ როდესაც ესქატოლოგიურ სუპოსტატზე ლაპარაკობდა, დანიელ ანდრეევმა მას ანტიღმერთი, ანუ ანტიქრისტე კი არა, ანტითეოსი უწოდა (Андреев Д. Роза мира. М., 1993. С. 26). ცრუ-მესიის - მიწიერი ბოლო დიქტატორის სტატუსის ამაღლება უმაღლესი ზეციური იერარქიის უზენაეს წარმომადგენელამდე განპიროვებულია ამ ფიგურისადმი საკრალური დამოკიდებულებით. ანტიქრისტესი ეშინოდათ, მაგრამ მას ბოროტების უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევდნენ - და ასე თავისებურად პატივს ერიდებოდნენ მას.

რატომ მოდის ანტიქრისტე? როგორია მისი მიზანი? უპირველეს ყოვლისა, - ამბობს ქრისტეანული ესქატოლოგია, ანტიქრისტე მოდის იმისთვის, რათა "აცთუნოს ეკლესია". ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ ანტიქრისტე გამოიყენებს ქრისტეანულ სარწმუნოებას, რათა ის თავის სასარგებლოდ მიაქციოს, ქრისტეანთათვის გახდეს ის, რაც მათთვის არის ქრისტე, ან მეტიც, თუკი შეძლებს. მომავალი მტერი ეცდება მოატყუოს მორწმუნენი, რა თავი ღმრთის წარგზავნილად გამოაცხადოს, ის შეეცდება ხალხმა ქრისტედ (ალბათ, მეორედ მოსვლის ქრისტედ) მიიჩნიოს.

ანტიქრისტე არ გააუქმებს რწმენას: ის მას დაამახინჯებს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუ სარწმუნოებით შეცვლის, ანუ ქრისტესადმი რწმენას მისადმი, ანუ ანტიქრისტესადმი რწმენით შეცვლის. მიისწრაფვის რა დაიკავოს ქრისტეს ადგილი, უზურპატორი მოითხოვს მორწმუნეთაგან იმას, რაც ქრისტეს კუთვნილებაა: აბსოლუტურ ნდობას, მორჩილებას და თაყვანისცემას. ამ ეტაპზე ანტიქრისტე გამოვა როგორც ეკლესიის მაცთური, რომელიც მის სიმტკიცეს შეამოწმებს. ეკლესია უსიტყვოდ რომ დაემორჩილებოდეს მტარვალს, მაშინ, ალბათ, არც ანტიქრისტე მიმართავდა ძალადობას. მაგრამ რადგან ეს არ მოხდება ეკლესია მას მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს, და ისიც გადმოანთხევს მთელს თავის მრისხანებას და ქრისტეანობის უკანასკნელი საშინელი მდევარი გახდება.

რეპრესიების პარალელურად მოხდება არნახული ბუნებრივი კატასტროფები, საშინელი გვალვა და შიმშილი, რის შედეგადაც ადამიანთა უმეტესობა დაიღუპება, ხოლო გადარჩენილებს მიცვალებულებისა შეშურდებათ. თუმცა, არ არის გარკვეული, ეს ყველაფერი ანტიქრისტეს ნებით დაატყდება თავს კაცობრიობას, თუ მისთვისაც ისეთივე გამოცდა იქნება, როგორც ყველა დანარჩენისთვის. წყაროები ამაზე პასუს არ იძლევიან, რითაც მრავალი ვარაუდის არსებობის საფუძველს ქმნიან. ჩვეულებრივი მმართველები დაინტერესებულნი არ არიან ქაოსსა და უწესივრობებში. მათ სულაც არ აწყობთ თავიანთი სამფლობელოების არევა. პოეტი დანიელ ანდრევი კარგად გრძნობდა ამ მომენტს და თავის აღწერაში კოსმიური კატაკლიზმები ანტიქრისტეს მეფობის შემდეგ გადასწია: "მის დროს იქნება სასტიკი, სტალინის ტიპის დიქტატურა, და მხოლოდ შემდეგ, უკვე მის გარეშე, ბიძგი მიეცემა ყველა ნახსენებ კატაკლიზმებს" (Андреев, 1993. С. 285).

ანტიქრისტეს ხატების ისტორიას თუ მივმართავთ, დავინახავთ, რომ მისი მოსვლის შესახებ არსებულ ადრინდელ გადმოცემებში (მაგალითდ, თესალონიკელთა მიმართ მოციქულ პავლეს მეორე ეპისტოლეში) აქცენტი გაკეთებულია მის მზაკვარებაზე ეკლესიის მიმართ, მის ყალბ სასწაულთმოქმედებაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი იიმაზე, მის დროს მოხდება მსოფლიო კატასტროფა თუ მის შემდეგ. თხრობა მომავალი კატაკლიზმების შესახებ თავიდან ცალკე თემას წარმოადგენდა. აღმოცენდა რა ძველ ორაკულურ ლიტერატურაში, ამ მოთხრობებმა საბოლოო გაფორმება ებრაულ და ქრისტეანულ ესქატოლოგიაში მიიღეს, და რადგან ანტიქრისტეს სახეც ესქატოლოგიურ ხასიათს ატარებდა, მოსალოდნელი უბედურებების სურათში ისიც ჩართულ იქნა, თუმცა არც ისე წარმატებულად.

ამგვარად, ანტიქრისტეს ქრისტეანული სახე - ეს არის კვინტენსენცია იმისა, რაც სძულდა და რისაც ეშინოდა ეკლესია თავისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ეს ასევე არის ის, რაც ეკლესიას თავისი რიგების მოწესრიგებაში, ძალების მობილიზებაში ეხმარებოდა ამა თუ იმ მიზნების მისაღწევად; ეხმარებოდა გაეწია იდეოლოგიური ომი თავის მოწინააღმდეგეებთან. თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ისტორიული პიროვნება, მეფეიქნება ეს თუ  მხედართმთავარი, რომელიც გამოსულა ეკლესიის წინააღმდეგ და  უბრძოლია ქრისტეანული სახელმწიფოს გასანადგურებლად, ანტიქრისტეებად იწოდებოდნენ. რომის იმპერატორები ნერონი და ივლიანე, წინასწარმეტყველი მუჰამედი, სულთან სალადინი, ხანები ბატი და ტოხტამიში, და ბოლოს ნაპოლეონი და სტალინი თავის დროზე ასევე გამოუცხადებიათ ანტიქრისტეებად, ან მის წინამორბედებად და წინამსწრობებად.

ეს ხატი შიდასაეკლესიო ბრძოლის საყვარელი იარაღი გახდა, ჯერ კიდევ ორიგენე ასწავლიდა თავის მსმენელებს: "და ყოველთვის, მწვალებელთა ქადაგებებში ანტიქრისტეს დანახვა გმართებთ". არიანელები მართლმადიდებელ ქრისტეანებს "ანტიქრისტეს ბრბოს" უწოდებდნენ. თავის "საიდუმლო ისტორიაში" პროკოფი კესარიელი აპოკალიფსურ "მხეცს" ადარებს იმპერატორ ივლიანეს, რომელიც იდუმალად სძულდა. მარტინ ლუთერი ანტიქრისტეს უწოდებდა რომის პაპს, და ისიც ანალოგიურად უბრუნებდა ხურდას. კალვინიც ანტიქრისტეს უწოდებდა პაპს და მას პავლეს სიტყვებით "უსჯულოების კაცად" ხმობდა. მეტიც, ერთ-ერთი დაქვემდებარებული ეპისკოპოსი დასაჯა იმის გამო, რომ მან ესოდენ აშკარა ფაქტის აღიარება არ ისურვა. XVII ს.-ის რუსეთის ეკლესიის განხეთქილების დროს, XVII ს.-ის შუაწლებში ძველმოწესეთა ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ ანტიქრისტე მოსკოვის საპატრიარქოსა და სამეფო ძალაუფლების სახით უკვე მოვიდა
(რედაქციისგან: ესენი იყვნენ ე. წ. "უმღვდელონი", ანუ "ბეზპოპოვცები" - безпоповцы. ძველმოწესეთა დანარჩენ "მღვდლიან" ნაწილს ანტიქრისტეს მიმართ ზომიერი და სრულიად მართლმადიდებლური დამოკიდებულება გააჩნდა. ძველმოწესეების ლიდერი მღვდელი ამბაკუმი არწმუნებდა თავის თანამემამულეთ, რომ პატრიარქი ნიკონი შეუძლებელია იყოს ანტიქრისტე, რამეთუ წარმოშობით ის მორდოველი გახლდათ, ანტიქრისტე კი ისრაელის ერთ-ერთი ტომისგან წარმოსდგება). დღეს საეკლესიო ბეჭდვით მედიაში მუდმივად გაისმის განცხადებები, რომ ეკუმენისტური მოძრაობა, ანუ მართლმადიდებლობის გაერთიანების მცდელობა პროტესტანტებთან და კათოლიკეებთან სხვა არაფერია, თუ არა ანტიქრისტესთვის გზის მომზადება.


* * *



როგორ წარმოედგინათ მორწმუნეებს ანტიქრისტეს გარეგნობა? ჩვეულებისამებრ ეს იყო უსახური და ამაზრზენი მონსტრი, რომელმაც შეიწოვა ქრისტეანობამდელი მითიური ურჩხულების ნიშან-თვისებები: ციკლოპების, დრაკონების, ხიმერებისა და სხვა. შუასაუკუნეების მხატვრები ანტიქრისტეს ხშირად გამოსახავდნენ "უფსკრულიდან ამომავალი" აპოკალიპტური "მხეცის" სახით, - ეს იყო ოთხფეხება მხეცისმსგავსი ურჩხული მრავალი რქებით და უზარმაზარი გამოშვერილი ეშვებით. "ველურს წააგავს, - ვკითხულობთ ბიზანტიურ "ფსევდო-იოანეს აპოკალიფსისში", - მისი მარჯვენა თვალი როგორც მთიების ვარსკვლავი, ხოლო მეორე ვითარც ლომისა; პირი მისი (სიგრძით) ერთი იდაყვის ოდენაა, კბილები (სიგრძით) ერთი მტკაველია; შუბლზე კი "ანტიქრისტე" აწერია. ასეთივე საშინელ ურჩხულად წარმოედგინათ ანტიქრისტე აპოკრიფულ "დანიელის ხილვაში": "სიმაღლით 10 წყრთა იქნება, მისი თმები ფეხებამდე მიაღწევს, უზარმაზარია და სამთავა, მისი ფეხის ნაკვალევი ფართეა, თვალები კი მთიების ვარსკვლავივით უელავს. მისი კბილები გარედან რკინისაა, ხოლო ლოყები ფოლადისა. მისი მარჯვენა ხელი რკინისაა, მარცხენა კი - თუჯის; და მარჯვენა ხელი სიგრძეში 3 იდაყვს აღწევს".



ანტიქრისტეს სამი თავის ხსენება გვაგონებს ძაღლ ცერბერის აღწერას, რომელიც ძველბერძნულ მითოლოგიაში მკვდართა სამეუფოს იცავდა. მაგრამ ეს ურჩხული უფრო წააგავს ირანული მითოლოგიის აჟი-დახაკას (მოგვიანებით დახაკა, ზახაკა). აი როგორ არის აღწერილი ავესტაში აჟი-დახაკა (ბუკვ.: "ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი"):

"სამხახიანი, ექვსთვალება, მზაკვარი, ფლიდი, ბოროტი, დევების (1) მოდგმა.
ძლევამოსილი, ძლიერი; ქმნილი ანხრა-მანად
(2).
უძლიერესი სიცრუეში მთელი მსოფლიოს წარსაწყმედად,
მართალთ სულების წარსაწყმედად"
(Яшт 5, 34. Перевод И. М. Стеблин-Каменского (1993)).


კომენტარები:
______________


1. დემონების.

2. ბოროტების ღმერთი, ბოროტების საწყისი ზოროასტრიზმში.
______________

აჟი-დახაკა შეიძლება ანტიქრისტეს პირდაპირ წინასახედ ჩავთვალოთ არა მარტო გარეგნული სახით. აქ შინაგანი გენეტიკური კავშირიც სახეზეა. აჟი-დახაკზე ჰყვებოდნენ, რომ ეს იყო უზურპატორი, რომელმაც ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მთელი ირანი დაიპყრო, თავი გამოიჩინა სასტიკი მმართველობით და მოკლულ იქნა გმირ ტრაიტანის (ფარიდუნის) მიერ. შემდეგში ფიქრობდნენ, რომ ის კი არ მოჰკლეს, არამედ შეიპყრეს და ქვესკნელში ჩაამწყვდიეს, ან კიდევ ჩამქრალი ვულკანის დემავენდის პირზე მიაჯაჭვეს. თანდათანობით ზოროასტრიზმში ჩამოყალიბდა სწავლება, რომ არსებული სამყაროს მიწურულს - ანუ ფრაშო-კერეთის ერას დადგომისას, როდესაც დაიწყება უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, - - დახაკი (ზახაკი) თავს დაიხსნის საპყრობილიდან, კვლავ დაიპყრობს მსოფლიოს და, საბოლოოდ, მოკლულ იქნება ძლევამოსილი გმირის კერსასპას ან კიდევ კეთილი სულის სრაოშას მიერ.

მაგრამ მოდი კვლავ ანტიქრისტეს იკონოგრაფიას დავუბრუნდეთ. დროთა განმავლობაში, თითქოსდა დემონიზაციისგან გათავისუფლდაო, მისი სახე სრულიად ადამიანურ ფორმებს ღებულობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც იყო მასში რაღაც საძაგელი. "ის სრულიად მელოტია, პატარა თვალებით, შუბზე კი კეთრის ნაყარით, - გვიყვება "სატანის მომავალ ძეზე" ებრაული აპოკრიფი "სიმონ ბენ იოხაის საიდუმლო", - მისი მარჯვენა ყური დახურულია, მარცხენა ღია; როდესაც რაღაც კარგს ეუბნებიან, დახრის თავის დახურულ ყურს, და თუ ცუდს - მაშინ თავის ღია ყურს მიაპყრობს". არაბი ისტორიკოსის ხიშამ ალ კალბის თხრობით, წინასწარმეტყველ მუჰამედს ანტიქრისტე (ისლამში მას ად-დადჯაი ეწოდება) წარმოედგინა "ცალთვალა, შავგრემან და თმახუჭუჭა" ადამიანად. როდესაც დაახლოვებულმა პირებმა სთხოვეს მას მიეთითებინა ვინმეზე გარემოცვიდან, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მომავალი ბოროტმოქმედის გარეგნობაზე მსჯელობა, მუჰამედმა ეთიოპიელ აქსამ იბნ აბდ-ალ-უზზუზე მიანიშნა.

ამასთან არსებობდა იკონოგრაფიული ტრადიცია, რომელიც ანტიქრისტეს გარეგნობას ქრისტეს გარეგნობასთან აახლოვებდა. ამ ტრადიციის საფუძველში იდო თეოლოგიური განსჯა, რომელიც პარალელს ავლებდა ქრისტესა და ანტიქრისტეს პერსონალურ დუალიზმზე, თუმცა ურთიერთსაპირისპიროზე. ისინი სარკისებრ ურთიერთსაპირისპირონი იყვნენ, მაგრამ გარეგნულად მსგავსნი.



XI ს.-ში აპოკალიფსისის ანგლო-ნორმანდულ მინიატურაში ქრისტესგან მოკლული ანტიქრისტე გარეგნობით თავის მძლეველს წააგავს - იგივე წვერი, იგივე ხუჭუჭი თმები, - ოღონდ მტერს წინდახედულად ამხელენ პირიდან გამოშვერილი ეშვები, სახეზე მას სასოწარკვეთა აწერია, ხოლო თავზე მბრწყინავი ნიმბის ნაცვლად, რომელიც ქრისტეს ამშვენებს, მას მეფის დოლბანდი ახურავს.

XV ს.-ის ევროპულ ფერწერაში ანტიქრისტე ხშირად წარმოგვიდგება ლამაზ, ქერათმიან ახალგაზრდა კაცად, რაც არანაირად არ შეესაბამება "ურჩხულის" ცნებას. წიგნში Liber floridus არსებობს მინიატურა, სადაც ანტიქრისტე, როგორც იმპერატორი ამხედრებულია ლევიათანზე, თავზე გვირგვინი ადგას და მხარზე მანტია აფარია. ამ მინიატურაზე ის გამოსახულია აღსაყდრებული ქრისტეს ნიშნებითა და ჟესტებით. მხოლოდ ფიგურატიული კონტექსტი (დრაკონის მსგავსი ცხოველი) და შესაბამისი წარწერა გვამცნობს, რომ გამოსახული პიროვნება ანტიქრისტეა.



ანტიქრისტე. Liber floridus-ის მინიატურა


ანტიქრისტეს გარეგნობის მიმსგავსება მაცხოვრის გარეგნობასთან აპოგეას აღწევს ლუკა სინიორელის (1450-1523) ფრესკებზე იტალიურ ქალაქ ორვიეტოში. ჩვენ აქ ვხედავთ ანტიქრისტეს, რომელიც დგას პიედესტალზე და გარს თაყვანისმცემელთა ბრბო აკრავს. გარეგნულად ეს თითქოსდა ქრისტეა, როგორც გამოსახავენ მას ღმრთის ძის ეკლესიებში; მაგრამ ქრისტედ მის აღქმას ხელს უშლის ანტიქრისტეს თვალების რაღაც უცნაური, ჩამქრალი ბრწყინვალება, სახის არადამაჯერებელი გამოხედვა და მის ზურგს უკან მიმალული სატანა.



შუასაუკუნეების უამრავ მინიატურაზე რქებიან-კუდიანი სატანა გამოსახულია, როგორც მდგომი ანტიქრისტეს ზურგს უკან ან კიდევ გვერდით და წარმოადგენს იმავე ფიგურატიულ კონტექსტს. პარალელურად არსებობს ანტიქრისტეს "ორმაგი სახის" იკონოგრაფიული ტრადიცია. სუპოსტატის კეთილსახოვანი და სასიამოვნო ადამიანური გარეგნობის ზემოდან, გამოისახებოდა მეორე, სატანური გარეგნობა რქებითა და ჩლიქებით, რომელიც მის (ანტიქრისტეს) ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებდა.

ღრმად სიმბოლური ნახატია წარმოდგენილი ჰონორიუს ოტენელის (3) მინიატურაზე "ქებათა ქების განმარტება". ჩვენ ვხედავთ სამეფო მანდრაგორას ქალის თავწაკვეთილი სხეულის ფორმით, რომელიც ანტიქრისტეს პერიოდის ეკლესიის სიმბოლოს გამოსახავს. ტირანის ბატონობის დასასრული აღინიშნება ქრისტეს მოსვლით, რომელიც მანდრაგორას თავის თავს მიადებს ანტიქრისტეს მოკვეთილი და მიწაზე მგორავი გროტესკული თავის ნაცვლად.

კომენტარები:
______________


3. მომდინარეობს ფრანგული ქალაქის Autun-ის სახელწოდებიან (ლათ. Augustodunum).
______________




ანტიქრისტეზე დაწერილ ტრადიციულ თხზულებებში ყურადღებას იპყრობს რამოდენიმე მყარი მოტივი.

ჯერ-ერთი, ყველა სასტიკი ცრუ-მესიები და ცრუ-მაცხოვრები წარმოადგენენ ნამდვილი მაცხოვრის გაყალბებას. როგორც უკვე ვამბობდით, ანტიქრისტე თავისი ინტერესების სამსახურში ჩააყენებს ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფევლის დამყარებისადმი რწმენას. თავისთავად ეს მას საკუთარი თავის გამოვლინების, გამოცხადების, მოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ამგვარი რწმენის გარეშე, მისი სახელგანთქმული უნარებისდა მიუხედავად,  მაინც ძნელი იქნება მისთვის გახდეს მსოფლიო მასშტაბის ფიგურა. და პირიქით, ამგვარი რწმენის არსებობა მის ხელში გადაიყვანს მოქმედების თითქმის გამზადებულ პროგრამას. მან გარეგნულად უნდა მიჰბაძოს ქრისტეს. ოპტის უდაბნოს ბერები ასწავლიდნენ, რომ "ყოველივე, რაც კი ქრისტე შეჰპირდა ჯილდოდ თავის მიმდევრებს ("... ასმაგად მიიღოს სახლ-კარიც ... და ადგილ-მამულიც" (მარკოზი 10:30) - ბ. დ.), იგივეს აღუთქვამს მათ ანტიქრისტეც" (См.: О последних событиях, имеющих совершиться при кончине мира. Оптина пустынь, 1905).

მაგრამ, ეს იქნება კეთილდღეობისა და ნეტარების ქრისტეანული გაგების მზაკვრული შეცვლა. საეკლესიო ესქატოლოგია არ გამორიცხავს, რომ ანტიქრისტეს დროს დამყარდება საყოველთაო მატერიალური სიუხვე. ანტიქრისტეს სიცრუე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ის ვერ შეძლებს აყვავებისა და კმაყოფილების უზრუნველყოფას, არამედ იმაში, რომ ეს კმაყოფილება, მისი დაპირებებისდა მიუხედავად, მხოლოდ მცირე ხნით გაგრძელდება და საშინელი ნგრევით შეიცვლება. თუმცა, მისთვის გამოყოფილი დროს საკმარისი იქნება უამრავი ადამიანის მოსახიბლად და მისამხრობად. თავისი მმართველობის დასაწყისში ანტიქრისტე ადამიანებს მართლაც უსათნოეს პიროვნებად მოაჩვენებს თავს და ყველას აფიქრებინებს, რომ ღმრთის სასუფეველი ან ქრისტეს მეუფება უკვე დადგა.




რისი გაკეთება გვმართებს ასეთი შემთხვევისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არ გვაქვს ნათელი და მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის "მომავალი საუკუნე" და საერთოდ ღმრთის სუფევა? ანტიქრისტეს საცთურებს რომ არ შევყვეთ, მისი მსხვერპლი არ გავხდეთ და მასთან ერთად არ დავეცეთ, საჭიროა დროზე შევიცნოთ მასში ნაწინასწარმეტყველევი მტერი. ამ თემაზე სოლოვეცის მონასტრის ბერები გადმოგვცემენ ღირსი ზოსიმეს პასუხს, რომელიც მოხუცმა მისცა მოწაფეებს, რომლებიც მას ეკითხებოდნენ, თუ როგორ უნდა ეცნოთ ანტიქრისტე, როდესაც ის მოვა? ღირსმა ბერმა უპასუხა: "როდესაც გაიგებთ, რომ დედამიწაზე მოვიდა ან გამოჩნდა ქრისტე, იცოდეთ - ეს არის ანტიქრისტე". ეს არის უზუსტესი პასუხი! - მსოფლიო, ანუ კაცობრიობა, ვერ იცნობს ანტიქრისტეს; ის მას ქრისტე ეგონება და ქრისტედ აღიარებს... არ არის საჭირო და არც არის შესაძლებელი ადამიანებმა ერთმანეთს გადასცენ ცნობა ღმრთის ძის მოსვლის შესახებ. ის უეცრად მოვა; მოვა თავისი ყოვლადძლიერებით და მთელს დედამიწაზე ყველა ადამიანს ერთდროულად გამოეცხადება" (Брянчанинов И. О кончине мира. М, 1991).

ეს აზრი გამომდინარეობს სახარებისეული ჭეშმარიტებიდან: "ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:27), ასევე მოციქულთა საქმეებიდან: "ეს იესუ, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:11). ეს ვითარება უკარგავს ნდობას ნებისმიერ თვითმარქვია "ქრისტეს". ამავე დროს მომავალი ანტიქრისტე დაყენებული იქნება სერიოზული პირობის წინაშე: ახლა, საკითხში გარკვეული ადამიანების ცოდნა რომ დაძლიოს, მან უნდა მოახდინოს ციდან ქრისტეს მოსვლის იმიტაცია. და უეჭველად, ესქატოლოგიური აზროვნების ახალ წრეზე დახვეწილი მატყუარა შესაბაისი უნარებითაც იქნება აღჭურვილი. დანიელ ანდრეევის "მშვიდობის ვარდში" ("Роза мира") ანტიქრისტე ფლობს ბრწყინვალე სხეულს, ადვილად ამრავლებს თავის გარეგნობას, და ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ეცხადება, ასევე შეასრლებს თავბრუდამხვევ ტრიუკებს (См.: Андреев Д. Указ. соч. С. 283, 285).

ყოველივე ამას მივყავართ ანტიქრისტეს შესახებ არსებულ თხზულებათა სხვა მოტივთან, კერძოდ - ცრუსასწაულებთან. ქრისტეანობა აღმოცენდა როგორც სასწაულებრივისადმი, როგორც საკვირველი მესიისდამი რწმენა. ამიტომაც, ისევე როგორც ქრისტე, თავისი პირველი მოსვლის დროს აღასრულებდა ნიშებსა და სასწაულებს, რომელიც მის ღმრთითრჩეულობას ადასტურებდა, ანტიქრისტეც ანალოგიურად მოიქცევა. მრავალი საეკლესიო ავტორი, რომელიც ანტიქრისტეს თემას ამუშავებდა, აწყდებოდნენ პრობლემას: როგორ გამოვიცნოთ მისი სატანური მოქმედება, როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სასწაული ცრუსასწაულისგან? რა არის საერთოდ "ცრუსასწაული"?

ერთის მხრივ, გამოთქმულია აზრი, რომ ანტიქრისტეს სასწაულები სხვა არაფერი იქნება, თუ არა მოხერხებული ფოკუსი, ილუზია, ანუ მხედველობის მოტყუება. მეორეს მხრივ, ასვე ამბობდნენ: რადგან ანტიქრისტე იმოქმედებს "სატანის მთელი ძალით" (2 თესალონიკ. 2:9), ამ სასწაულთა სიცრუე მათ მოჩვენებითობაში კი არა, დემონურ, სატანურ წარმომავლობაშია, რადგან ეშმაკი "ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44). მაგრამ, არსებითად, ცრუსასწაულთა პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. არც ეკლესიის მამათა პერიოდში, არც მოგვიანებით ვერ შემუშავდა მკაფიო კრიტერიუმი სასწაულებთან მიმართებაში, თუნდაც იმათი მსგავსი, რომლებიც დაწესებულ იქნა ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველთა მიმართ (მეორე სჯ. 18:20-22); ან, მაგალითად, მოგვიანებით აპოკრიფად მიჩნეულ "თორმეტ მოციქულთა მოძღვრებაში" იქნა დაწესებულ მოციქულთა მიმართ (თ. 11).

შეიძლება გავიგოთ ეს სიძნელე. საკვირველების სფერო თავისი განსაზღვრებით ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება რაიმე მოწესრიგებას ან ნორმირებას. სასწაული თავისთავად არის ბუნების კანონთა გამოწვევა, ბუნებრივ საგანთა თანმიმდევრობების დარღვევა ან მათზე აღმატებული მოვლენა. სასწაულისადმი რაიმე კრიტერიუმის მიყენება რომ იყოს შესაძლებელი, ეს უკვე სასწაული აღარ იქნებოდა. ოპტინელი ბერები მოგვიწოდებენ დავეყრდნოთ რწმენას: "ბოლო ჟამის მზაკვარებისა და ეშმაკობის, პირმოთნეობისა და მუხთლობის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ საცთურებსა და მახეებს შორის, რომელიც ადამიანთა შესაპყრობად დაგებულა - რისი გაკეთება ძალუძს საწყალ მწირს სულის საცხოვნებლად? რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია და მართებს ეშმაკის ყველა საცთურის დასაძლევად იმას, ვისაც წილად შეხვდება ამ საშინელ დღეებში ცხოვრება? ჩვენი უფლის, იესუ ქრისტესადმი რწმენა, მყარი რწმენა, რომელიც არ იქნება არანაირი ნიშებითა და სასაულებით მიმოტაცებული, თუნდაც ისინი ძლიერი და დამარწმუნებელნი იყვნენ, რათა ჩვენი გონება არ დაეთანხმოს მას და არ მიიღოს ჭეშმარიტად, - ასეთ რწმენას შეუძლია მხოლოდ ძველი გველის ნებისმიერი მზაკვარებისა და საცთურების მოგერიება". შემდეგ ბერები გვთავაზობენ ვიქონიოთ ზეგარდმო შეწევნის სასოება: "საერთოდ, ყველა, ვინც კი ისურვებს წინ აღუდგეს ანტიქრისტეს, იპოვის ამის საშუალებას, ან უკეთესი იქნება ვთქვათ, უფალი მიანიჭებს მას ძალებს და საშუალებებს, რათა შეიცნოს ცრუწინასწარმეტყველის ეშმაკობა და მზაკვარება" (О последних событиях… С. 96).

მტრის შესახვედრად სრულ მზადყოფნასთან ერთად, საეკლესიო მწერლები გამოხატავენ უკიდურეს პესიმიზმს, როდესაც ლაპარაკი ეხება გარემომცველ არაქრისტეანულ სამყაროს. ამაზე მეტყველებს ანტიქრისეს შესახებ სწავლების მესამე მყარი მოტივი: სატანის წარგზავნილის გამალებული მსოფლიო აღზევება და მისი განუსაზღვრელი ძალაუფლება კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ამის შესახებ ნათქვამია: "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7). როგორც მოსალოდნელია, ანტიქრისტე შეძლებს სხვადასხვა ერებისა და ხალხების მოტყუებას, რომლებიც მას მესიად ან ღმერთად აღიარებენ და გაჰყვებიან. "როდესაც მრავალი წოდება და ერი იხილავს ანტიქრისტეს ასეთ სიკეთესა და ძალას, - წერს ეფრემ ასურელი, - ყველას უცებ ერთი აზრი შეიპყრობს და უდიდესი სიხარულით აღიარებენ მას თავიანთ მეფედ და ერთმანეთს ეტყვიან: მოიოპოვება კი სადმე ესოდენ სათნო და მართალი კაცი?". ანტიქრსიტეთი გატაცებული ადამიანები დიდი მოშურნეობით შეუდგებიან ყველა მისი განკარგულების აღსრულებას, უპირველეს ყოვლისა იმისას, რაც ქრისტეანთა წინააღმდეგ იქნება მიმართული. "მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. - გვაფრთხილებს ქრისტე სახარებებში, - "და მიგცემენ სამართალში" ... "უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო" (მათე 24:9; მარკოზი 13:9; ლუკა 21:12). როგორც ა. დ. ბელიაევი წერდა: "თავისთავად ანტიქრისტე იქნება იმ წუთისოფლის ნაყოფი, რომელიც "ბოროტსა ზედა დგას" (1 იოანე 5:19), რომელსაც სძულს ღმერთი, ქრისტე და მისი მიმდევრები" (Беляев А. Д. О безбожии и Антихристе. Сергиев Посад, 1898. Репр. М., 1996. Ч. I. С. 194). ეს მოტივი ქრისტიანულ ესქატოლოგიაში შევიდა, გამოიტანა რა იგი ეკლესიამ თავისი არსებობის თავდაპირველი პერიოდიდან, როდესაც ქრისტეანული თემი ჯერ კიდევ იუდაური სექტის მდგომარეობაში განიხილებოდა, და მოგვიანებითაც, რომის კატაკომბების პერიოდიდან, როდესაც ქრისტეანობა ჯერ კიდევ თავს ნათლის პატარა კუნძულად მიიჩნევდა, რომელიც ეფინებოდა მის გარშემო გამეფებულ წყვდიადს.




სახარების მითითება "ყველა ერზე", რომლებიც მტრობენ ქრისტეანთ, ალბათ რიგორისტულ გადაჭარბებად ჩაითვლებოდა ებრაულ წინასწარმეტყველურ ლიტერატურაში შესაბამისი ანალოგები რომ არ ჰქონოდა. ჯერ კიდევ ყუმრანელი ესეები, ამ ჩაკეტილი იუდაური სექტის წევრები, რომლებიც თავისი მდგომარეობითა და სულისკვეთებით ახლოს იდგნენ ქრისტეანებთან, ელოდნენ "ნათლის ძეთა" მომავალ ომს, რომელშიც საკუთარ თავს გულისხმობდნენ, "ბნელეთის ძეთა" წინააღმდეგ, რომელ კატეგორიაშიც დანარჩენი კაცობრიობა და მათ შორის დანარჩენი იუდეველებიც მოიაზრებოდა. ეს ომი, თუმც "ნათლის ძეთა" გამარჯვებით მთავრდებოდა, მაინც ყველაზე სასტიკი, მომქანცველი და სისხლისმღვრელი ომი უნდა ყოფილიყო იმ ომებს შორის, რომელიც კი ოდესმე დედამიწაზე გაჩაღებულა. მკვლევარები არ გამორიცხავენ ესეური ესქატოლოგიის პირდაპირ ზეგავლენას ადრინდელ ქრისტეანთა ესქატოლოგიაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საერთო მსოფლმხედველობასა და რელიგიურ ფსიქოლოგიაზე. როგორც ყუმრანელი განდეგილები, პირველ საუკუნეთა ქრისტეანებიც იმ საშინელი პერიოდის მოლოდინით ცხოვრობდნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ ანტიქრიტეს მიერ დარაზმული მსოფლიო გაერთიანდება.

არაქრისტეანებთან, როგორც პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან და ანტიქრისტეს მომავალ მსახურებთან დამოკიდებულება, განსაკუთრებით შესამჩნევია ეკლესიაში მისი არსებობის გარიჟრაჟზე და დღემდეც შეიმჩნევა, თუმცა ძალთა თანაფარდობა უკვე სულ სხვაგვარია. ორი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტეანობა გაიზარდა და უდიდეს მსოფლიო რელიგიად იქცა, რომელმაც უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა იმავე არაქრისტეანულ ხალხებზე, რომლებთან მიმართებაშიც, სახარებისა და ადრექრისტეანული წინასწარმეტყველებების თანახმად, სიფრთხილე მართებდათ და მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ დარტყმების მოსაგერიებლად. მართალია, კატაკომბური განწყობილებები უკვე აღარ არიან განმსაზღვრელნი, მაინც დრო და დრო თავს მაინც გვახსენებენ. რუსეთში ასეთი განწყობა დამატებით შეფერილია ტრადიციული ეროვნულ-პატრიოტული ტონებით. მაგალითად, სერაფიმე საროველი წინასწარმეტყველებდა, რომ ანტიქრისტე გამეფბდება ყველგან, რუსეთის გარდა. "ანტიქრისტეს დროს რუსეთი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ქვეყანა იქნება, - უთითებს არქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი. - ხოლო ყველა სხვა ქვეყანა, რუსეთისა და სლავური მიწების გარდა, ანტიქრისტეს ძალაუფლებას დაემორჩილება" (Цит. по: Фомин С. Указ. соч. С. 372). სქიმონაზონი ანტონი ჩერნოვი წერს: "ანტიქრისტე რუსეთს წარმოაჩენს როგორც მშვიდობის მტერს, რადგან ის თავს მართლმადიდებლურად გამოაცხადებს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში მართლმადიდებლობა გაქრება" (Там же. С. 371).

მეორეს მხრივ, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დასავლეთის ეკლესიაში გაბატონებულია აზრი, რომ სწორედ რუსეთი გახდება ანტიქრისტეს უმთავრესი მოკავშირე და პლაცდარმიც კი
(4).

კომენტარები:
______________


4. ჯერ კიდევ ბიზანტიელები აკავშირებდნენ ეთნონიმ "რუსს" ბიბლიურ "როშთან", "როსთან" σ), - ანუ იმ ერთან, რომელიც, ეზეკიელის თანახმად, გოგის მეთაურობით სამყაროს აღსასრულის წინ დაღუპავს მიწის მკვიდრთ (ლეონ დიაკვანი. ისტორია. IX 6). 988 წლამდე პოპულარულ წინასწარმეტყველებებში ბიზანტიის მომავალ დაღუპვას როს-რუსებისგან ელოდნენ.
______________

ასეა თუ ისე, არავინ ეჭვობს, რომ ანტიქრისტე მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას. კაცობრიობის უმეტესობა მისით სრულიად მოიხიბლება. როგორც ოპტინელი ბერები ამბობენ, - "მსოფლიო საერთოდ მიემართება არა ზემოთ, ზნეობრივი სრულყოფის გზით, არამედ ქვემოთ, ანუ ზნეობრივი თვალსაზრისით მსოფლიო უარესდება".

ანტიქრისტეს დროებას ახასიათებს არა მარტო საყოველთაო აგრესია ქრისტეანობის მიმართ, არამედ გამყიდველობა და განდგომილება თვით ეკლესიის რიგებშიც. უფრო ვრცლად რომ ვთქვათ, "სამყაროს აღსასრულის წინ" ზნეობის საყოველთაო დაცემა ეკლესიასაც შეეხება და მისგან არცთუ მცირე ნაწილს მიიტაცებს. უსჯულოება, როგორც ელიან, გავრცელდება თვით ქრსიტეანობის წიაღშიც. ეს ახალი მოტივი (კუმრანიტების თხზულებებში ეს არ შეიმჩნევა) გამოჩნდა უკვე ახალ აღთქმაში. "და მაშინ, - წინასწარმეტყველებს ქრისტე მათეს სახარებაში, - დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას" (მათე 24:10). აქ გამოყენებული ტერმინი
σκανδαλισθσονται ("დაბრკოლება") განსაზღვრულად ეხება ქრისტეანული თემის წევრებს (შეად.: მათე 13:21; 18:6; 26:31; იოანე 6:61; 16:1; რომ. 16:17). ახალი აღთქმის თანამედროვე თარგმანებში ეს მუხლი ასე ჟღერს: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს". დაახლოებით იგივეს გულისხმობს სხვა სახარებისეული გამოთქმები: "მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლუკა 18:8) და "მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი" (მათე 20:16).

როდესაც "წარწყმედის ძეზე" ლაპარაკობს, მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ ჯერ უნდა მოხდეს განდგომილება (აპოსტასია). ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში ის განმარტავს: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1). თითქმის იმავე სიტყვებით განმარტავს მოციქული იუდაც: "თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი" (იუდ. 1:17-19). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიტყვები იმის შესახებ, რომ ურჩხული "კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად" (გამოცხ. 12:4), ეკლესიაში გაიგება იმ ქრისტეანთა რაოდენობით, რომლებსაც ანტიქრისტე შეაცდენს.

აპოსტასიის, ანუ განდგომილების კავშირი ანტიქრისტეს მოსვლასთან სრულიად მკაფიოდ არის ხაზგასმული II ს.-ის ქრისტეანულ აპოკრიფულ თხზულებაში "ესაიას ამაღლება", სადაც ნათქვამია: "და მართალთა და წმიდათა მრავალი რაოდენობა დაინახავს მასში (ანტიქრისტეში) იმას, ვისზეც ისინი იმედოვნებდნენ და ვინც ჯვარს ეცვა, - უფალ იესუ ქრისტეს, იმის შემდეგ რაც მე, ესაიამ, ვიხილე ისინი, რომლებიც მცირედნი იყვნენ; რადგან ამ დღეებში დარჩებიან მართალნი, რომლებიც უდაბნოში გაიქცევიან და თავიანთ საყვარელ უფალს იქ დაელოდებიან" (4:13). ამა თუ იმ ხარისხით ეს მდგომარეობა აღწერილია ეკლესიის მამებთანაც, და შემდგომი პერიოდის საეკლესიო ავტორებთანაც. ეს მოტივი შემთხვევით როდი წარმოიშვა. ადრინდელმა ეკლესიამ სრულად განიცადა თავისი წევრების განდგომილების სიმწარე. როდესაც მოციქული პავლე ტიმოთესადმი ეპისტოლეში იუწყებოდა "ზოგიერთთა განდგომას რწმენისგან", თვით მოციქული უკვე დატოვეს გუშინ ჯერაც ერთგულმა მოწაფეებმა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, "შეიყვარეს ეს საწუთრო" (2 ტიმ. 4:10).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ქრისტეანთა რიგები ირყეოდა მოციქულთა დროსაც, როდესაც, ისე ჩანდა, რომ რომის იმპერიაში ის ძლევამოსილად მიისწრაფვოდა წინ და წინააღმდეგობებს ვერ ხვდებოდა. უეჭველია, რომ დევნულების დროს, უფრო ზუსტად, იმპერიულ ხელისუფლებასთან ეკლესიის ურთიერთობის გართულების მომენტებში განდგომილება იზრდებოდა და ძლიერდებოდა, რადგან ისინი, ვინც შეყპრობილი არ იყო რელიგიური ფანატიზმით, ასეთ მომენტებში ძლიერის, ანუ იმპერიული ძალაუფლების მხარეს იკავებდა. როდესაც II ს.-ის დასაწყისში პლინიუს მცირემ ბითვინიაში ქრისტეანთა საქმის გამოძიება დაიწყო, დაკითხვაზე დაბარებულთა ნაწილმა ის დაარწმუნა, რომ უკვე დატოვეს ქრისტეანთა საზოგადოება: "ზოგიერთებბა სამი წლით ადრე, ზოგიერთებმა რამოდენიმე წლის უკან, ხოლო ვიღაცეებმა ოცი წლის წინათ" (Письма, X 96. 6). პირველი სერიოზული კრიზისი ეკლესიის შიგნით, რომელიც დაახლოებით იმავე დროს მოხდა და დაკავშირებულია უახლოეს დროში ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ღმრთის სასუფევლის დამყარების რწმენის დაკარგვასთან, განდგომილების ახალი ტალღით აღინიშნა. არსებობს ზოგიერთი საფუძველი ვიფიქროთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება სწორედ იმიტომ გაჩნდა, რათა ეს კრიზისი გადაელახა და შენელებული რწმენისთვის ახალი ძალები შთაებერა.  

ეს დრამატული მოვლენები ეკლესიის მეხსიერებაში დაილექა. მაგრამ იმპერიაში ქრისტეანობის გამარჯვების შემდეგაც დადგა მრავალრიცხოვანი შიდა განხეთქილებები, რაც იწვევდა მორწმუნეთა გაორებას და ანტიქრისტეს წინაშე ეკლესიის სიძლიერეში ბევრს აეჭვებდა. ამიტომაც ავტორები, რომლებიც აღწერენ ამ უკანასკნელ ჟამს, ყველაზე უსასტიკეს კრიზის და ეკლესიის უკანასკნელ, ყველაზე ძლიერ დევნულებას, კანონზომიერად ელოდნენ, რომ ქრისტეანთა რიგები მნიშვნელოვნად შეთხელდება. "ერები, რომლებიც ოდითგანვე ქრისტეანები იყვნენ, შესაძლოა, ქრისტეანებად მხოლოდ სახელწოდებითღა დარჩნენ, - ამბობდა ა. დ. ბელიავი, - სწორედ მათში გამოჩნდება ღრმა ზნეობრივი გახრწნილება, ქრისტეს სარწმუნოების პირმოთნე აღიარება, ყოველგვარი სექტანტობა, ქრისტესგან განდგომა და უღვთოება" (Беляев А. 4- Указ. соч. С. 179).

ანტიქრისტეს შესახებ ქრისტეანული სწავლების კიდევ ერთი დამახასიათებელი მოტივი გახლავთ ანტისემიტიზმი. ყველა დროის საეკლესიო ესქატოლოგიისთვის საკმაოდ ხშირია ანტიებრაული გამოხდომები. 4-ე სახარებაში წარმოდგენილი ქრისტეს სასტიკი და შეურიგებელი მტრები, იუდეველები (= ებრაელებს)
(5).

კომენტარები:
______________


5. "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: აქ ავტორს ვერ დავეთანხმებით, რადგან იმდროინდელი იუდეველობა ნიშნავდა იუდაური სარწმუნოებისადმი მიმდევრობას და იუდეველი და ებრაელი სინონიმებს წარმოადგენდა, მაგრამ დღეისთვის ეს ასე როდია. დღევანდელი ებრაელი, შესაძლოა სულაც არ იყოს იუდეველი, ანუ იუდაური წარმოდგენების მიმდევარი. ამიტომაც, ავტორს აქ მეტი კორექტულობა მართებდა და ეს კორექტულობა უპირველეს ყოვლისა, რაც გინდ უცნაურად ჟღერდეს, დარღვეულია ქრისტეანთა მიმართ.
______________

ამ ლოგიკის თანახმად, ისინი ქრისტეს ანტიპოდის, ანტიქრისტეს მეგობრები და მიმდევრები უნდა გახდნენ. უმთავრესად აქ გადამწყვეტი გახდა სიტყვები, რომლებითაც იესუმ თავის თანამემამულეებს მიმართა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). "სხვაში" გარკვეული პერიოდიდან ანტიქრისტეს გულისხმობენ. ეს გამონათქვამი თითქმის სავალდებულო გახდა საეკლესიო ნაშრომებში, რომლებიც "ბოლო ჟამსა" და ცრუ-მესიის მოსვლას ეძღვნება.  მას მხოლოდ კერძო მოსაზრებები დაემატა. "საკმარისი იყო ეს მტკიცებულებაც, - წერდა იოანე ოქროპირი, - რომ მათ (= იუდეველთ) არ უყვართ ღმერთი, რადგან არ მიიღეს ის, ვინც საკუთარ თავზე ამბობდა, რომ ღმრთის წარმოგზავნილია. მაგრამ ამ შემთხვევაში ის (ქრისტე) აჩვენებს მათ უსირცხვობას საპირისპირო მხრიდანაც - იქიდან, რომ ისინი მზად არიან მიიღონ ანტიქრისტე". "მართალია, მრავალი იუდეველი ირწმუნებს ქრისტეს ილიას წინასწარმეტყველების მიხედვით, მაგრამ უდიდესი ნაწილი ანტიქრისტეს მიემხრობა", - ამტკიცებდა ფსევდო-ამბროსი. თეოდორიტე კვირელმა განსაზღვრა, რომ ღმერთი იმიტომაც დაუშვებს ანტიქრისტეს მოსვლას, რათა "ამხილოს იუდეველთა ბოროტზნეობა". "ჩვენთან კი არ მოვა, - წერდა იოანე დამასკელი, - არამედ იუდეველებთან; ქრისტესთვის კი არა, ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ მოვა". სტატიაში, რომელიც ეძღნება პავლე მოციქულის ცნობილ წინასწარმეტყველებას თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში (თესალონიკ. 2:1-12)ს, მ. ბოგოსლოვკსი მივიდა იმ დასკვნადმე, რომ ეკლესიაში ანტიქრისტეს ეპიზოდს უყურებდნენ როგორც იუდაიზმის აღზევებასა და გამარჯვებას (См.: Богословский М. Человек беззакония: История толкования 2Фес. 2:1-12 // Православный собеседник. 1885. Т. 2. С. 269-270). არავინ ვარაუდობდა იმას, რომ ანტიქრისტე აღზევდებოდა ქრისტეანობის წიაღიდან. შუასაუკუნეების მრავალი ლიტერატურული და ეგზეგეტიკური ტექსტი პირდაპირ ამბობს  რომ "საძაგელი ებრაელები, როგორც ანტიქრისტეს მსახურები და ჯარისკაცები, უმთავრეს როლს შეასრულებენ ქრისტეანული მსოფლიოს გასაპარტახებლად" (СошА. Jewish Shock-Troops of the Apocalypse: Antichrist and the End, 1200-1600 // Journal of Millennial Studies. Vol. I. Issue 11998. P. 2).

"თვით სახელწოდება "ანტიქრისტე" მეტყველებს მის ებრაელ ეროვნებაზე, - წერდა არტურ პინკი 1923 წელს. - სახელწოდება "ანტიქრისტეს" ორმაგი მნიშვნელობა გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ ის დაუპირისპირდება ქრისტეს, - და იქნება მისი მტერი. მაგრამ ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ის იქნება ცრუ-ქრისტე, ქრისტეს იმიტაცია, პრო-ქრისტე, ფსევდო-ქრისტე. ასევე იუწყებიან, რომ ის იქნება ქრისტეს მაიმუნი და საკუთარ თავს წარადგენს როგორც ისრაელის ნამდვილი მესია. ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად ებრაელი უნდა იყოს" (Pink A. W. The Antichrist. Swenge!, 1923).




ფილმი ანტიქრისტეს შესახებ "The Omen" ("ნიშანი") (აშშ)

1480 წელს სტრასბურგში გამოცემული წიგნის "ანტიქრისტეს შესახებ" ერთ-ერთ მინიატურაში, გამოსახულია მომავალი სუპოსტატი, რომელსაც ებრაელები წინადაცვეთენ იერუსალემში. ის მათ უცხადებს, რომ ის არის "მათთვის აღთქმული მესია, ვისაც ესოდენ დიდხანს ელოდნენ". სხვა მინიატურა ასახავს იმ მომენტს, როდესაც "ანტიქრისტე აღბეჭდავს იუდეველთა შუბლებსა და ხელებს ნიშნად იმისა, რომ მათ სწამთ მისი, როგორც ეს ნათქვამია იოანეს აპოკალიფსისში" (Cow A. Op. dt. P. 6-7).

ისტორიული ფაქტი: XIII ს.-ში ტორტოზაში (ესპანეთი) იუდეველებთან სავაჭრო ხელშეკრულებათა დადების დროს მათგან ითხოვდნენ, რათა დაეფიცებინათ "მესია, რომელსაც ანტიქრისტეს უწოდებენ და რომლის მოსვლას თქვენი ადამიანები (ქრისტიანები) ელიან". შუასაუკუნეების ევროპელისთვის თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ქრისტიანები უნდა იფიცებდნენ ქრისტეს, ხოლო ებრაელები - ანტიქრისტეს. ამის შემდეგ ეს ხელშეკრულება შემდგარად ითვლებოდა და ურთიერთ ნდობით აღჭურვილი მხარეები იშლებოდნენ.

1897 წელს ოფიციალურად გაფორმებული სიონისტური მოძრაობა, შემდეგ კი 1948 წელს შექმნილი ისრაელის სახელმწიფო ანტისემიტიზმის ახალ ტალღებს იწვევს. ჯერ კიდევ "ანდრია სალოსის" (X ს.) ბიზანტიურ ცხოვრებაში ნათქვამია, რომ სამყაროს აღსასრულის წინ ღმერთი აღადგენს ისრაელის სამეფოს, შემდეგ კი მისგან გამოვა ანტიქრისტე. 1917 წელს ბერდიაკვან ზოსიმესადმი მიწერილ წერილში ცნობილი მართლმადიდებელი პუბლიცისტი ს. ა. ნილუსი ამბობს: "უწყოდეთ, რომ "ებრაელი ერის" მხეცის ბეჭედი (გერბი) - ანტიქრისტეს ბეჭედია (გერბია). მას "მოჰინ დავიდს" უწოდებენ. ეს არის ფარი, იგივე დავითის გერბი. ამ ბეჭედში მოიაზრება რიცხვი 666. დავითი ხომ არ იქნება ანტიქრისტეს სახელი? ჩემის აზრით, დიახ, ასეც იქნება ..." (Цит. по: Фомин С. Указ. соч. С. 89).




ჩვენ დეტალურად არ შევჩერდებით იუდაიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთობაზე. მხოლოდ აღვნიშნავთ იმას, რომ ანტისემიტიზმს, რომლითაც არის გამსჭვალული სწავლება ანტიქრისტეს შესახებ, ერთგვარი ობიექტური მიზეზი გააჩნია. ორთოდოქსული იუდაიზმი არ ცნობს იესუ ქრისტეს მესიად და თავისი საკუთარი მესიის მოლოდინს აგრძელებს, რომელიც შეკრებს განთესილ ებრაელ ერს და ისრაელის მსოფლიო ბატონობას დაამყარებს. აქედან მომდინარეობს ამ ორის სახის პრინციპული შეუსაბამობა და ურთიერთწინააღმდეგობა. ისრაელის მესია - ეს არის ქრისტეანობის ანტიქრისტე. მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველება, რომ "წარწყმედის ძე" "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4), ქრისტეანთ აფიქრებინებდა, რომ ეს მოღვაწე აღადგენდა ქრ. შ.-დან 70-ე წელს დანგრეულ იერუსალიმის ტაძარს, ანუ განახორციელებდა იმას, რასაც ელიან ებრაელები ისრაელის მესიისგან. ამ აზრის განვითარება მიდიოდა იქამდე, რომ "წარწყმედის ძე" განსაკუთრებით მოეპყრობა ებრაელებს და, შედეგად, იქნება სწორედ ის მესია, რომელსაც ისინი ელიან. "ხოლო უბილწესი... ყველასთან ლმობიერი იქნება, მაგრამ განსაკუთრებით იუდეველ ერს შეიყვარებს, რადგან ისინი ელიან მის მოსვლას", - წერდა ეფრემ ასურელი.

ისრაელის საბოლოო და მსოფლიო გამარჯვების ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებები ქრისტეანობაში გააზრებულ იქნა როგორც წინასწარმეტყველება "ახალ ისრაელზე" - ქრისტეს ეკლესიაზე. ასევე ისრაელის ტომთაგან გადარჩენილთა დეტალური ჩამონათვალი იოანეს გამოცხადებაში (7:4-8) სიმბოლურად იქნა აღქმული და აღნიშნავს ქრისტეან მართლმორწმუნეთ. რაც შეეხება "რჩეულ ერს", რომელმაც ქრისტეანული მესია უარყო, საეკლესიო ესქატოლოგიის მიხედვით, არცთუ შესაშური ბედი ელის. "იუდეველები ვერ ცხონდებიან და ვერ აიცილებენ საუკუნო სასჯელს, - ნათქვამია "ანდრია სალოსის ცხოვრებაში", - რადგან თუკი დევნულებამ
(= პალესტინიდან განდევნა - ბ. დ.) ვერ დაარწმუნა ისინი მხოლოდშობილი ღმრთის ძის მაცხოვნებლობაში, როგორ დაარწმუნებს მათ ე. წ. სიხარული (= ანტიქრისტეს დროს პალესტინაში დაბრუნებისა და იერუსალიმის ტაძრის აშენების სიხარული - ბ. დ.)?



სოლომონის ტაძრის მაკეტი


თუმცა, ახსოვს რა პირველდაწყებითი თემი, რომელიც ძირითადად პალესტინელი იუდეველებისგან შედგებოდა, ეკლესია შეიწყნარებდა იმ ებრაელებს, რომლებიც არ ღებულობდა ანტიქრისტეს და ერთგულებას უცხადებდა ქრისტეს. მართალია, ცხოვნებულ ებრაელთა რაოდენობას იმდენად მცირეს ვარაუდობდნენ, რომ მათთან მიმართებაში დაიწყეს ბიბლიური გამოთქმის გამოყენება: "ისრაელის ნატამალი (ნაშთი)" ("იაკობის ნაშთი" იხ. მიქა 5:8). "ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება" (რომ. 9:27). ამ თემამ მოულოდნელი განვითარება ჰპოვა VIII-X სს.-ის დასავლეთქრისტიანულ ავტორებში, რომელთა თხზულებები ეძღვნება ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულს. ჰონორიუს ოტენელისა და ადსონ მონტე-ენ-დერელის თხზულებებში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველები ენოქი და ილია, შეეჭიდებიან რა სუპოსტატს, სინაგოგაში იქადაგებენ და მრავალ იუდეველს მოაქცევენ სარწმუნოებისკენ. ესენი იქნებიან ის იუდეველნი, რომლებიც მუხლს არ მოიდრეკენ ანტიქრისტეს წინაშე და მიიღებენ მოწამეობრივ გვირგვინს. გასაოცარია, რომ იესუ ქრისტესკენ სინანგოგის მომავალ მოქცევაზე ლაპარაკია თვით ანტიქრისტესადმი მასობრივი თაყვანისცემისა და მორჩილების პარალელურად! პოპულარულ პიესაში Luaus de Antichrist ენოქისა და ილიას მიერ მოქცეული ებრაელები უგალობენ წმიდა სამებას, მაშინ როდესაც ქრისტიანი მეფეები და სამეფოები ემსახურებიან ანტიქრისტეს. და ეს პიესა წარმატებით გადიოდა შუასაუკუნეების ევროპაში, რომელიც მთლიანად გამსჭვალული იყო ანტისემიტიზმით!

ცალკე ხსენების ღირსია ლეგენდა ისრაელის "ათი დაკარგული ტომის" დაბრუნების შესახებ, რომლებიც ოდესღაც აშურელთა ტყვეობაში წაასხეს და ისტორიის ფურცლებიდან გაქრნენ. დღეს ხომ ყველა თანამედროვე ებრაელი მხოლოდ ორი - იუდასა და ბენიამენის ტომების შთამომავლებად ითვლებიან. ლეგენდა დატყვევებულ ძმათა დაბრუნებაზე ჩაისახა ჯერ კიდევ ძველ პალესტინაში: ებრაელებს არ შეეძლოთ შერიგებოდნენ საკუთარი ერის უდიდესი ნაწილის დაკარგვას. ებრაულ აპოკალიფსისებსა და სიბილას წიგნებში გაჩენილი ეს ლეგენდა, ზოგიერთ ადრექრისტეანულ ნაწარმოებშიც გადავიდა, რომლებშიც "დაკარგულ ტომებს" განეკუთვნებოდა მნიშვნელოვანი ესქატოლოგიური როლი. კომოდიანეს (III ს.) თხრობით, "საუკუნის დასასრულს" ამ ტომებს ერგებათ პატივი იყონ ღმრთის წინამძღოლობის ქვეშ და დაამხონ ანტიქრისტეს სამეფო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თვით ქრისტეანები ამ შთამომავლებს არ აღიქვამენ ძველ ისრაელიტებად, როგორც ებრაელი ერის ნაწილად. მათ არ ადევთ ღვთისმკვლელობის დამღა, და ისინი განხილებიან როგორც მართლმორწმუნენი, რომლებიც ყოველგვარ ნდობას იმსახურებენ. სხვათა შორის, ქრისტეანობის ჩარჩოებში ამ ლეგენდამ დროს ვერ გაუძლო და თანდათანობით ამოიშალა საეკლესიო ესქატოლოგიიდან.

კიდევ ერთი მყარი მოტივი - ერთგულ ქრისტეანთა აქტიური წინააღმდეგობა ანტიქრისტესადმი ძველი ეპოქის გამოჩენილ ადამიანთა წინამძღოლობით. ამ წინააღმდეგობის წინამძღოლად და არნახული უბედურებების ქვეშ მყოფი ეკლესიის დასახმარებლად გამოვა ღმრთის მიერ წარმოგზავნილი ორი წინასწარმეტყველი. ამ წინასწარმეტყველთა ირგვლივ, რომლებიც თამამად ამხელენ სუპოსტატს და თანაც შემოსილნი იქნებიან ზებუნებრივი უნარებით (სასწაულთმოქმედებით) (გამოცხ. 11:3-11), თავს მოიყრიან ეკლესიის მტკიცე წევრები, ანუ მორწმუნეთა ის ნაწილი, რომლებიც უნდა გადარჩნენ სამყაროს აღსასრულის წინ და დაიმკვიდრონ ღმრთის სასუფეველი. მართალია, ანტიქრისტე უფრო ძლიერი აღმოჩნდება და მოკლავს ამ წინასწარმეტყველებს, მაგრამ ვერ შეძლებს წინააღმდეგობის ტალღის ჩახშობას. თვით წინასწარმეტყველთა სიკვდილი და მათი საკვირველი აღდგომა მკვდრეთით (ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მსგავსად) ანტიქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლთ უფრო მეტად შთააგონებს და მეტ ძალას მისცემს.




ეს ორი წინასწარმეტყველი პირველად ჩნდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ იწოდებიან სახელებით. ცოტა მოგვიანებით მათში მოიაზრეს ძველაღთქმისეული პატრიარქი ენოქი და წინასწარმეტყველი ილია, რომლებიც არ მომკვდარან, არამედ ცოცხლად იქნენ ატაცებულნი ცაში, სადაც იმყოფებიან კიდეც მანამ, სანამ მონაწილეობას არ მიიღებენ ესქატოლოგიურ დრამაში. კიდევ მოგვიანებით ამ ორ წინასწარმეტყველს მიამატეს მესამეც - თვით იოანე ღვთისმეტყველი (თავისებური ხარკი "გამოცხადების" ავტორობისთვის)
(ჩვენი აზრით აქ ავტორი ცოტას აჭარბებს. იოანე ღვთისმეტყველის მესამე წინასწარმეტყველად გამოცხადება ეფუძნება თვით "გამოცხადების" ტექსტს, სადაც იოანეს ებრძანება კვლავ წინასწარმეტყველება და ტაძრის (ანუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა) გაზომვა. იხ. აპოკალიფსისი. 10:8-9; 11:1-4 - "აპოკ". რედ.), რომელიც, როგორც ელოდნენ, ასევე მოვა დედამიწაზე, რათა გამოვიდეს თავისი ხილვის საშინელი პერსონის წინააღმდეგ. შესაძლოა, იოანე ღვთისმეტყველის შეყვანა დრამის მონაწილეთა რიცხვში განპირობებულია იოანეს სახარების 22:20-23 მუხლებით, სადაც ლაპარაკია ოდესღაც არსებულ ლეგენდაზე, თითქოსდა იოანემ უნდა იცოცხლოს სამყაროს აღსასრულამდე და იხილოს ქრისტეს მეორედ მოსვლა.

თავისთავად ეკლესიის მხრიდან ანტიქრისტესადმი წინააღმდეგობის მოტივი განმარტებას არ საჭიროებს. ის ბუნებრივია. მეტიც, მეორადია. უფრო მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ მომავალი ტირანის უმთავრესი მტრები იქნებიან არა მომავალი, მისი თანამედროვე ქრისტიანები, არამედ წარსულის ადამიანები, თანაც ქრისტეანობაში ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული წმინდანები. ნიშანდობლივია, რომ პირველ ხანებში თვით ანტიქრისტეც წარმოედგინათ როგორც "დაფარული ადგილიდან" მომავალი ან როგორც მკვდრეთით აღმდგარი რომაელი იმპერატორი ნერონი. რა მოვლენასთან გვაქვს აქ საქმე? ეს არის რწმენა, რომელიც პოსტბიბლიური ეპოქის ებრაელთა შორის და მათგან გადავიდა ქრისტეანებზე. აი როგორ აღწერდა ამ რწმენას გასული საუკუნის რუსი მკვლევარი ა. ვესელოვსკი: "არაფერი დიადი, მნიშვნელოვანი, რაც ერთხელ გაჩნდა ცხოვრებაში, უკვალოდ არ ქრება, არამედ დროებით მალავს თავის ძალებს, რათა კვლავ გამოავლინოს იგი უკიდურესი, გამოუვალი საშიშროების წუთებში. მაშინ დიადი საბაედისწერო ადამიანები კვლავ გამოდიან გამათავისუფლებელთა და გადამრჩენელთა როლში... როდესაც ლეგენდა ღებულობს ესქატოლოგიურ ხასიათს, მაშინ დიდი ადამიანები, რომლებიც ხალხთა ბედში უპირველეს როლს თამაშობდნენ, კვლავ სცენაზე გამოდიან - ოღონდ, უკვე ისტორიის დამამთავრებელთა როლში" (Веселовский А. Опыты по истории развития христианской легенды // Журнал министерства народного просвещения. 1875. Ч. I. С. 284-285).

შეიძლება თუ არა ენოქსა და ილიას ვუწოდოთ მსოფლიო ისტორიის პიროვნებები, რომლებიც ღირსნი არიან მონაწილეობა მიიღონ მის დასრულებაში? მრავალი თანამედროვე ისტორიკოსი ღრმა ეჭვს გამოთქვამს, რადგან ისტორიას გააჩნია თავისი საზომები. მაგრამ ადრინდელი ეკლესიის თვალში ეს სწორედ ასე იყო. და ენოქიც, და ილიაც, შემდეგ კი იოანე ღვთისმეტყველიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქრისტეანულ გადმოცემებში. მათი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მრავალრიცხოვან აპოკრიფებსა და ფსევდოეპიგრაფებს მათი სახელი ენიჭებოდათ. ასეთია, მაგალითად, "ენოქის წიგნი", რომელიც უდიდესი პოპულარობის სარგებლობდა პირველ ქრისტეანებში, ასევე "ილიას ამაღლება", "იოანე ღვთისმეტყველის ხილვა" და მთელი რიგი სხვა თხზულებები.

უნდა ითქვას, რომ ილიას მოსვლას ელოდნენ I საუკუნეში. მას უნდა ეხარებინა ქრისტეს მოსვლა მალაქიას წინასწარმეტყველების მესიანური განმარტების მიხედვით: "აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე" (მალ. 3:2; მთ. 11:10). იესუს თქმით, ილიას მოსვლა ნამდვილად მოხდა, თუმცა სიმბოლურად: მის როლში გამოვიდა იოანე ნათლისმცემელი (მათე 11:14).

დასასრულ, ანტიქრისტეს შესახებ სწავლების ბოლო მოტივი, რომელზეც გვსურს ყურადღების მიპყრობა გახლავთ მისი ბატონობის ხანმოკლე პერიოდი. გამოცხადებაში მითითებულია ორმოცდა ორი თვე, ანუ სამ წელიწად ნახევარი, რომლის განმავლობაშიც "მიეცემა იგი წარმართთ და ... გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:2) და ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს "ზღვიდან ამომავალი მხეცი" (გამოცხ. 13:5), რომელიც ანტიქრისტესთან არის გაიგივებული. ეს ვადა გაჩნდა დანიელის ძველაღთქმისეული წიგნის ზეგავლენით (?), სადაც ლაპარაკია "დროზე - ორი დროსა და ნახევარი დროზე" (ძვ. ქართ.: "მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა") (დან. 7:25; 9:25). ანტიქრისტეს ეს სამნახევარი წელი განმტკიცდა ქრისტეანულ ესქატოლოგიაშიც, რასაც ხელს უწყობდა ასევე იესუს სამწლიანი მსახურების პერიოდი. მმართველობის ანტიქრისტესთვის გამოყოფილი წლები, სხვათა შორის, წარმოადგენს იესუ ქრისტეს მოღვაწეობის ვადის ალუზიას.

ერთდროულად ვარაუდობენ, რომ ღმერთი შეამოკლებს ანტიქრიტეს ბატონობას. "და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, - ნათქვამია სახარებებში, - ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მთ. 24:22; მკ. 13:20). ასეთ მიდგომაში არსებობს შინაგანი წინააღმდეგობა. თუ ღმერთს შეუძლია გადახედოს მის მიერ დადგენილ ვადებს და უკვე პირობას დებს, რომ გააკეთებს ამას, უმჯობესი არ არის მოცემულ იქნას ახალი ვადები? არის თუ არა სამწელიწადნახევარი საბოლოო ვადა, თუ ის უკვე გადასინჯულია? შემოკლდება თუ არა ეს პერიოდი? ზოგიერტი ქრისტეანი ფიქრობდა სწორედ ასე: "სამი წელი გაგრძელდება ის დრო, - ვკითხულობთ ფსევდო იოანეს აპოკალიფსისში, - და გავაკეთებ (მე, ღმერთი) ის სამ წელს როგორც სამ თვეს, და სამ თვეს, როგორც სამ დღეს, და სამ დღეს, როგორც სამ საათს, და სამ საათს, როგორც ერთ გაელვებას".




* * *


ანტიქრისტეს სახე ნამდვილად უნივერსალურია. მან ადგილი ჰპოვა არა მარტო ქრისტეანობაში, არამედ გადაეცა სხვა რელიგიებსაც. ძალიან კარგად ეწერება "წარწყმედის ძე" მუსლიმურ ლეგენდებში.

წარმოდგენა ესქატოლოგიური მტრის შესახებ აღიქვეს შუასაუკუნეების ებრაელებმაც, თუმცა, თავისებურად, და ანტიქრისტეს არმილუსი (= რომულუსი, ანუ რომაელი) უწოდეს. რა თქმა უნდა, ანტიქრისტეს სახე ქრისტეანობის ჩარჩოებში დარჩებოდა და სხვა კულტურებში ვერ შეაღწევდა, იქაც რომ არ ყოფილიყო ამისი საფუძვლები. საქმე იმაშია, რომ ამ სახის ფესვები შეიძლება ვპოვოთ სხვადასხვა ხალხების მითოლოგიაში. მართალია, ასეთ შემთხვევაში სამართლიანი იქნება ვილაპარაკოთ არა ანტიქრისტეზე, საკუთრივ ქრისტეანული გაგებით, რომელიც ქრისტეს პირადი მტერია, არამედ რომელიღაც მოსალოდნელ უჩვეულო პიროვნებაზე, რომელიც უჩვეულო იქნება თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობებით (მნიშვნელობა არა აქვს იმას, წარმწყმედელი იქნება ეს უნარები თუ სასარგებლო; თუმცა, ხშირად უფრო წარწყმედელია მისი თვისებები), - ეს იქნება ჯადოქარი, რომელიც აღასრულებს არნახულ სასწაულებს; სუპერმენი, რომელიც აღჭურვილი იქნება განსაკუთრებული უნარებით დაიმორჩილოს სხვა ადამიანები; ურჩხული, რომელიც დააშინებს გარშემომყოფთ. ასეთი პერსონაჟი, რომელიც გამოხატავს ადამიანის მარადიულ ლტოლვას ზღაპრულისადმი, საკვირველისადმი, უკვე სცილდება ეკლესიის საზღვრებს, საეკლესიო სწავლებებს, ზოგჯერ კი რელიგიის საზღვრებსაც კი, რადგან ეკუთვნის სახალხო ფანტაზიას, რომელიც არის ზღვასავით მღელვარე და დაუდგრომელი.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, ზოროასტრელთა საშინელი აჟი-დახაკი - ანტიქრისტეს პირდაპირი წინასახეა. მაგრამ მესიის მომავალ მოწინააღმდეგეს პარალელები ჰყავს სხვა კულტურებშიც. ასეთია პრატივიშნუ ჯაინურ მითოლოგიაში. პრატივიშნუ - ვიშნუს, ამ კეთილი გმირის შეურიგებელი მტერია, რომელიც ჩნდება "დროის ბორბლის" ყოველ ნახევარწერზე (კალაჩაკრა), უფრო ზუსტად, ამ ნახევარწრის მეოთხედზე. პრატივიშნუ იპყრობს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს, და ვიშნუ მის წინააღმდეგ დაიწყებს გამათავისუფლებელ ბრძოლას, გაიმარჯვებს მასზე და შთააგდებს ჯოჯოხეთში. ჯაინების თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს დაღმავალი ნახევარწრის (კალაჩაკრის) უკანასკნელი, მეხუთე პერიოდი. ეს პერიოდი, რომელიც ჯაინური შკალით ხასიათდება როგორც "ცუდი", დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6-ე საუკუნეში და გაგრძელდება 21 ათასი წელი. შემდეგ დადგება აღმავალი ნახევარწრე (უტსარპინი). მომდევნო პრატივიშნუ (არის რამოდენიმე პრატივიშნუ) გამოჩნდება მხოლოდ ამ ნახევარწრის მეოთხედ პერიოდში (Волкова О. Ф. Джайнская мифология // Мифы народов мира. 1987. Т. 1.С. 371-372).


* * *


წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს ისტორიული დოკუმენტების კრებულს, რომელშიც ლაპარაკია ან უშუალოდ ანტიქრისტეზე, ან უფრო ვრცლად, მსოფლიო ბოროტმოქმედზე, რომელიც უნდა გამოჩნდეს სამყაროს აღსასრულის წინ. ეს არის ამონაწერები ბიბლიიდან, ბიბლიური აპოკრიფებიდან და ფსევდოეპიგრაფებიდან, სწავლა-მოძღვრებითი წიგნებიდან, საეკლესიო მწერალთა წიგნებიდან, ასევე სხვადასხვა წინასწარმეტყველებებიდან და ორაკულებიდან. მთელი ეს მასალა განლაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და დაჯგუფებულია განყოფილებებში.

I განყოფილების დოკუმენტები თითქმის მთლიანად ეხება ძველებრაულ წინასწარმეტყველურ და აპოკალიპტურ ლიტერატურას. თუმცა განყოფილებას ხსნის ძველაღთქმისეული დამწერლობის ფრაგმენტები, მისი დოკუმენტების უმეტესობა წარმოადგენს ე. წ. აღთქმათაშორის პერიოდს, - დაახლოებით 400 წელს ებრალი ბიბლიის ძირითადი კორპუსის (თანახის) დასრულებიდან ვიდრე ბერძნულენოვანი ახალი აღთქმის გამოჩენამდე. სწორედ ამ პერიოდში ინტენსიურად ვითარდება ებრაული ესქატოლოგია, ჩნდება ისრაელის განსაკუთრებული მტრებისა და მომავალი მესიის სახეები. "მეოთხე მხეცი" და "მცირე რქა" დანიელის წინასწარმეტყველებაში, "უსჯულო" და "ურჩხული" სოლომონის აპოკრიფულ ფსალმუნებში, მრისხანე "კედარი" ბარუქის აპოკალიფსისში, სიბილას წინასწარმეტყველებების ბელიარი - ეს ყოველივე გახლავთ ქრისტეანული ანტი-მესიის წინასახეები, რომელსაც გადაეცა მრავალი მათი ნიშან-თვისება. შემთხვევითი არ არის, რომ ადრექრისტეანულ ლიტერატურაში, როდესაც მინიშნება "ანტიქრისტე" ჯერაც არ იყო საყოველთაოდ მიღებული, ქრისტეს მოწინააღმდეგეს არცთუ იშვიათად უწოდებდნენ ბელიარს, "მხეცს", "ურჩხულს" ("დრაკონს") და სხვა სახელებითაც ხმობდნენ, რომლებიც ებრაული ესქატოლოგიიდან არის ნასესხები.

II განყოფილება უშუალოდ ეხება ქრისტიანულ ტრადიციას. მაგრამ აქ სწავლება ანტიქრისტეს შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს არის ადრექრისტეანული წინასწარმეტყველებანი მომავალ მტრებზე - ის, რის შედეგადაც აღმოცენდა ესქატოლოგიური მტრის საეკლესიო ხატი. სახარებებში ლაპარაკია მრავალ ცრუ-ქრისტეებზე და ცრუწინასწარმეტყველებზე. თესალონიკელთა მიმართ მოციქულ პავლეს მეორე ეპისტოლეში პირველად ჩნდება ტერმინი "ანტიქრისტე", რომელიც აღნიშნავს, როგორც ეკლესიის მოქმედ მტრებს, ასევე ერთგვარ განსაკუთრებულ ფიგურას, რომელიც მომავალში უნდა გაჩნდეს.

ანტიქრისტეს შესახებ საეკლესიო სწავლებაზე უზარმაზარი ზეგავლენა იქონია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებამ. აქ დანიელის წიგნის "მეოთხე მხეცი" გამოდის წარმართთა წინამძღოლად, რომელიც მსოფლიო მმართველობას ფლობს და ერთგული ქრისტიანების წინააღმდეგ იბრძვის. მას უჩნდება თანაშემწე, სხვა "მხეცი", რომელსაც ასევე ცრუწინასწარმეტყველი ეწოდება. ამ ორი მტრის დაღუპვა წინ უსწრებს სამყაროს აღსასრულს და ღმრთი სასუფევლის დადგომას.

III განყოფილება წარმოადგენს ამონაწერებს ადრექრისტეანული თხზულებებიდან, ცნობილი მოძღვრებისა და ეკლესიის მამათა ნაშრომებიდან, რომლებიც გვიყვებიან "ამ წუთისოფლის უკანასკნელ ჟამზე". ჩვენ აქ ვხედავთ უკვე სრულიად ჩამოყალიბებულ სწავლებას ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, რომელშიც აკუმულირებულია წინა ეპოქების ძირითადი იდეები.

მომდევნო ორი განყოფილება აგრძელებენ საეკლესიო ტრადიციას. IV განყოფილებაში წარმოდგენილია აღმოსავლეთის ეკლესიის მწერლები, რომლებიც ბერძნულ ენაზე წერდნენ, ხოლო V განყოფილებაში - დასავლეთის ეკლესიის მწერლები, რომლებიც ლათინურად წერდნენ. გარდა ამისა, როგორც ერთ, ასევე მეორე განყოფილებაში ჩართულია მთელი რიგი ამონაწერები და თხზულებები, რომელთა ავტორების ვინაობა დადგენილი არ არის და, რომლებიც შეცდომით მიეწერება ამა თუ იმ საეკლესიო ავტორს. მაგრამ, როგორც წესი, სწორედ ამგვარი ნაწარმოებები შეიცავენ მსოფლიო სუპოსტატის ყველაზე დეტალურ აღწერას. ამ ნაწარმოებებმა დიდი წვლილი შეიტანეს ანტიქრისტეს შესახებ საეკლესიო სწავლებაში და არსებითი ზეგავლენა მოახდინეს ზოგადქრისტეანულ ტრადიციაზეც. მათთან ერთად წარმოდგენილია რიგით მორწმუნეებში განსაკუთრებულად პოპულარული აპოკრიფული აპოკალიფსისები და წინასწარმეტყველებანი, რომლებიც გვიყვებიან ესქატოლოგიური მტრის მოსვლაზე და, რომლებმაც ასევე დიდი როლი ითამაშეს ოფიციალურ საეკლესიო ლიტერატურაზე. ამ ნაწარმოებთაგან ზოგიერთი პირველად ქვეყნდება რუსულ ენაზე (ჩვენი თარგმანით კი ალბათ, ქართულ ენაზეც. ამ ნაწარმოებთა ქართული ვერსიები ჩვენ არ მოგვიძიებია, ამიტომაც დაბეჯითებით ვერ ვიტყვით არსებობს თუ არა მათი ქართული თარგმანები - "აპოკ." რედ.).

I და II განყოფილებების დოკუმენტებს, რომლებიც, როგორც წესი, წარმოადგენენ უნიკალურ მასალას, წინ უძღვის მოკლე ისტორიული ცნობები. III-IV განყოფილებების დოკუმენტებს, რომლებშიც წარმოდგენილია საეკლესიო მწერალთა თხზულებები, ყოველი მათგანი სათითაოდ არ ანონსირდება, მაგრამ გააჩნიათ ზოგადი დახასიათება ყოველი განყოფილების დასაწყისში. გამონაკლისს წარმოადგენენ ორიგინალური ნაშრომები, რომლებიც უშუალოდ მოცემულ თემას, ანტიქრისტეს მოსვლას ეძღვნება. ასეთ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ყოველ ასეთ ნაშრომს წინ უძღვის მისი გაჩენის დრო და ვითარებანი, ასევე მოცემულია მისი დახასიათება.

დოკუმენტების ტექსტებს თან ახლავს სქოლიოები, რომლებიც უთითებს წყაროებს და პარალელურ ადგილებს, ასევე სტრიქონებქვეშა კომენტარები - როგორც ისტორიული, ასევე ფილოლოგიური ხასიათის, რომლებიც განმარტავენ ამა თუ იმ ტერმინისა და გამოთქმის მნიშვნელობას.

ბიბლიური წიგნების სახელწოდებები, მათ შორის არაკანონიკურების, ასევე ბიბლიური აპოკრიფებისა და ფსევდოეპიგრაფების მოცემულია მეცნიერებასა და საღვთისმეტყველო ლიტერატურაში მიღებული შემოკლებებით, მაგალითად: ეს. 10:12 (= წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი, თავი 10, მუხლი 12); 1 ენ. 53:45 (= ენოქის 1-ლი წიგნი, თავი 53, მუხლი 45); მთ. 24:24 (= მათეს სახარება, თავი 24, მუხლი 24); ჰერმ. (= ჰერმესისი "მწყემსი", თავი 4, მუხლი 1). ასევე შემოკლებულია თალმუდის ტრაქტატების სახელწოდებები. დანარჩენი წყაროების სახელწოდებები არ მოკლდება.

მკითხველისთვის რომ მოსახერხებელი იყოს ბიბლიური ტექსტები და ციტატები ორიენტირებულია რუსულ სინოდალურ თარგმანზე
(ჩვენს შემთხვევაში, ახალქართულ თარგმანზე - "აპოკ." რედ.), მაშინ როდესაც ადრე ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებების პუბლიკაციის დროს ისინი ჩვეულებისამებრ დამოწმებულია საეკლესიო-სლავური (ჩვენს შემთხვევაში ძველქართული - "აპოკ". რედ.) თარგმანით. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველგან სიტყვა-სიტყვით მივდევთ სინოდალურ ტექსტს; ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანი დაზუსტებულია და შესწორებულია ორიგინალის ტექსტის შესაბამისად. მაგრამ ყველა სეთი შემთხვევა განსაკუთრებულად არის აღნიშნული, და სინოდალური ტექსტი მოცემული შენიშვნებში. სხვა საქმეა, როგორ ხდება წმიდა წერილის ციტირება ყოველ კონკრეტულ დოკუმენტში. ჩვენს გამოცემაში განმეორებულია ბიბლიის ან სხვა ავტორების ციტირების ყველა თავისებურება. თუ ამ ციტატებში არსებობს არსებითი განსხვავება ბიბლიურ ტექსტთან, ისინი აღნიშნულია სტროფქვეშა კომენტარებში.

იქ, სადაც ბიბლიური ციტატა უშუალოდ ტექსტის დოკუმენტშია მოცემული, ის აკრეფილია კურსივით (ჩვენ მხოლოდ წინწკლებში ვსვამთ - "აპოკ". რედ.), როგორც არის ეს მიღებული საეკლესიო გამოცემებში, თანაც აქვე მრგვალ ფრჩხილებში მოცემულია მისი წყარო. ბიბლიის ციტირების ყველა სხვა შემთხვევაში, როგორც ჩვეულებრივი ციტატების დამოწმებისას, ისინი აღნიშნულია "ბრჭყალებით". ზოგჯერ შიდა ბიბლიურ ციტატებში, რომელიც დოკუმენტის ტექსტშია დამოწმებული გვხვდება სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც ჩვეულებრივი შრიფტით არის აკრეფილი. ეს ნიშნავს, რომ ასეთი სიტყვები და გამოთქმები წყაროში არ არის და ის თვით დოკუმენტის ავტორის მიერ არის ჩასმული. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ბიბლიის კანონიკურ ტექსტებს, რომლებმაც ასეთი სახე მიიღეს მხოლოდ დროთა განმავლობაში. არ არის გამორიცხული, რომ ესა თუ ის ძველი ავტორი, რომელიც იმოწმებს წმიდა წერილს და როგორც ჩვენ გვგონია იხრება ბიბლიური ტექსტისგან, შესაძლოა სინამდვილეში სარგებლობდა წმიდა წერილის სხვა ან უფრო ძველი და ადრინდელი რედაქციით.

წყაროები შესავალ სტატიებში და შენიშვნებში გაფორმებულია შიდატექსტურად და მოცემული ფრჩხილებში, მაგალითად: ((Полибий. Всеобщая история, 21.34), ან კიდევ, ავტორის ვინაობა მოცემული ტექსტში, შემდეგ კი მოდის წყაროს სახელწოდება: (Всеобщая история, 21.34). შიდატექსტურ დოკუმენტებში წყაროები გვხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეყრდნობა თვით დოკუმენტი. ყველა წყარო, რომელიც ეფუძნება სამეცნიერო-კვლევით ლიტერატურას გაფორმებულია სქოლიოების სახით. ასევე გაფორმებულია გამოქვეყნებული ტექსტების წყაროები.

წინამდებარე გამოცემაში განახლებულია ხალხთა, ტომთა და ეთნიკურ ჯგუფთა სახელწოდების ძველი ტრადიცია იწერებოდნენ მთავრული ასოებით (ეს ქართულ თარგმანს არ ეხება, რადგან ქართულ ენაში ასეთი ტრადიცია არ არსებობს - "აპოკ". რედ.). ამავე დროს მოწესრიგებულია ზოგიერთი საღვთისმეტყველო ტერმინის დაწერილობა. კრებული აღჭურვილია აპარატით, რომელშიც შედის სახელთა საძიებელი, ძირითადი ტერმინებისა და ცნებების საძიებელი, რომლებიც ტექსტებში გვხვდება, ასევე წყაროებისა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის სიები.

გაგრძელება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню