ანტიქრისტე - ანტიქრისტეს ჩასახვის, შობისა და გამეფების შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ანტიქრისტეს ჩასახვის, შობისა და გამეფების შესახებ

ანტიქრისტე

მღვდელი ოლეგ სტენიაევი პასუხობს მკითხველთა შეკითხვებს.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! ჩემს წიგნში
(იგულისხმება ო. სტენიაევის წიგნი: "საუბრები აპოკალიფსისზე" - რედ.) ანტიქრისტეს ჩასახვა აღწერილია როგორც მეძავ ქალსა და ეშმაკს შორის ბილწი კავშირის ნაყოფი, სადაც ეშმაკს მიღებული აქვს თხის სახე. რადგან მე ყოველთვის ვცდილობ ნათქვამის დადასტურებას წმიდა წერილიდან და წმიდა მამათა თხზულებებიდან, დამისვეს კითხვები, სადაც აინტერესებთ, როგორი სულიერი აზრი შეიძლება ჰქონდეს ჩადებული თვით ანტიქრისტეს თავის დემონურ ბეჭედში და რატომ სჭირდება მას ეს.

ანტიქრისტეს ჩასახვისა და მისი გაბატონების საკითხი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. რადგან თვით მთავარი ანტიქრისტეს მოსვლას წინ უსწრებს აპოსტასიის პერიოდი. ანტიქრისტეს მმართველობის სიმბოლო გახდება ავადსახსენებლი ელექტრონული ანუ ნანობარათი, და ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბიომონობა. მომავალი აპოსტასიის უფრო არსებით გამოხატულებებს წარმოადგენენ ბიბლიაში აღწერილი დროება წარღვნის წინ და დროება სოდომისა და გომორას წარწყმედის წინ. თვით ძე ღმრთისა გვთავაზობს პირველი სამყაროს დაღუპვის პასუხები ვეძებოთ იმ სამყაროში, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. მოვლენათა აღწერილობაში, რომელიც წინ უსწრებდა პირველი სამყაროსა და სოდომის დაღუპვას, ნათქვამია: "და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას" (ლუკა 17:26-29).

პირველი სამყაროს დაღუპვის არსებით მიზეზს, როგორც წმიდა წერილის გვერდებზე ვკითხულობთ, სხვა მიზეზებს შორის წარმოადგენდა ღმრთის შვილთა შერევა კაცთა ასულებთან: "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6:2-7). თუ ვუპასუხებთ კითხვას ვინ იყვნენ ღვთისშვილები, და ვინ კაცთა ასულები, მივუახლოვდებით ანტიქრისტეს წარმომავლობის ან "განხორციელების" საიდუმლოს. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ წმიდა მამებისეულ ლიტერატურაში მოცემულ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერ ვპოულობთ.

ამრიგად, მოცემულ საკითხზე არ არსებობს კრებითი დადგენილებებიც, ამიტომაც ის შესაძლო ძიებების, შესწავლის და ვარაუდების სფეროში მდებარეობს. ჩემს წიგნში "საუბრები აპოკალიფსისზე" მე, გადმოვცემ რა წმიდა მამებისეულ ორ ძირითად მიდგომას მოცემულ საკითხთან, უპირატესობას არცერთს არ ვანიჭებ, რადგან თვით მკითხველს ვთავაზობ აწონ-დაწონოს და შეაფასოს მამათა როგორც ერთი, ასევე მეორე ჯგუფის არგუმენტები.

მამათა პირველი ჯგუფი - ეს არის უძველესი ჯგუფი, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა საკუთარი მოდგმის წარმოებას ქალებთან შერევით. აი რას წერდა წმ. იუსტინე ფილოსოფოსი თავის "აპოლოგიაში": "ჯერ კიდევ უძველს დროს ბოროტი დემონები ღიად ეცხადებოდნენ დედაკაცებს, ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს და ადამიანებს შემაძრწუნებელ შიშის ზარს სცემდნენ. ასე რომ ისინი, ვინც შიშით არიან შეპყრობილნი და გონებით არ მსჯელობენ მათ ქმედებებზე, და ასევე არ იციან, რომ ესენი იყვნენ ბოროტი დემონები, მათ ღმერთებს უწოდებდნენ და აძლევდნენ ისეთ სახელწოდებებს, რომელსაც თითოეული დემონი თვითონ ირჩევდა". აგერ კიდევ წმიდა ირინეოს ლიონელის მოწმობა. თავისი ნაშრომის "სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება" 18-ე პარაგრაფში ის წერს: "ხოლო ბოროტება ისე გავრცელდა, რომ მოიცვა კაცთა მთელი მოდგმა, თან იმდენად, რომ მცირე დარჩა მასში სიმართლის მარცვალი. დედამიწაზე ერთმანეთს შეერივნენ სხვადასხვა სტიქიონები, რადგან ანგელოზები შეერეოდნენ კაცთა ასულებს, რომლებიც მათ შვილებს უშობდნენ, და რომლებიც თავიანთი გიგანტური ზომების გამო მიწისნაშობებად იწოდებოდნენ". მსგავს რამეს წერენ ათენაგორა და კლიმენტი ალექსანდრიელიც (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელის "პედაგოგი", წიგნი III). ამას ადასტურებენ ანგელოზები, რომლებმაც წარმავალი სილამაზის გამო დაუტევეს ღმრთის სილამაზე და ციდა დედამიწაზე ჩამოემხნენ. წმ. ამბროსი მედიოლანელიც შეეხო ამ საკითხს, რომელიც თავის განმარტებაში "ნოეს შესახებ" აღნიშნავს: "ღვთაებრივი წერილის ავტორი მიწის შვილებს ბუმბერაზებს გადატანითი მნიშვნელობით როდი უწოდებს, არამედ ამ სახელით ანგელოზთაგან და მიწიერ ქალთაგან ნაშობთ აღნიშნავს, და მათი სხეულების უზარმაზარ ზომებზე მიანიშნებს".

მეთოდე პატროველიც თავის თხზულებაში "აღდგომის შესახებ" (განყოფილება მეშვიდე) წერს: "სხვები დარჩნენ იმავე მდგომარეობაში, რომელთათვისაც შექმნა ისინი ღმერთმა და რომელიც მათ განუწესა. მაგრამ ეშმაკი მედიდური იყო და გარყვნა მისდამი მინდობილი სამწყსო, როგორც მათ, რომლებიც მოგვიანებით მოხიბლულ იქნენ ხორციელი სიამოვნებებით და კაცთა ასულებთან უსჯულო შეერთებით დაეცნენ. რადგან როგორც მათ, ასევე მამაკაცებს, უფალმა მიანიჭა არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი ნება". აი აქ მეთოდე პატროველი ყურადღებას აქცევს იმას, რომ გონიერ არსებებს - ანგელოზებს - ამ საკითხში თავისუფალი არჩევანის ნება ჰქონდათ, კერძოდ, შეინარჩუნებდნენ ისინი სულიერ სიყვარულს თუ ხორციელით ცთუნდებოდნენ. ეპისკოპოსი ფილარეტ დროზდოვი, რომელიც იზირაებდა სხვა თვალსაზრისს, ამ საკითხს როცა ეხებოდა იმოწმებდა წყაროებს, რომლებშიც ზემოთნათქვამი ვერსიაა გაზიარებული. მაგალითად, ალექსანდრიული ბიბლიის ტექსტთან დაკავშირებით ის წერს: "ღმრთის ანგელოზები - ამ აზრს იზიარებენ ლაქტანციუსი და ძველთაგან იუსტინე და აპოლოსი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ანგელოზთა და კაცთა ასულთა შერევით წარმოიშვნენ დემონები". ათენაგორა ანგელოზთა და კაცთა ასულთა ამ შეერთებაში ხედავს ანგელოზთა დაცემას და მათგან ბუმბერაზთა წარმოშობის მიზეზებსაც. ტერტულიანეც სწორედ ამ ანგელოზებს მიაწერს ასტროლოგიის, ძვირფასი ქვების, მეტალებისა და ზოგიერთი სამკაულების შექმნის ტექნოლოგიებს. თვით ფილარეტ დროზდოვი არ იზიარებდა ამ შეხედულებას, მაგრამ ის იმოწმებდა ეკლესიის ავტორიტეტულ მსახურებს, რომლებიც მას მისდევდნენ (იხ. Святитель Филарет Московский "Записки, руководствующие к основательному разумению книги бытия". М., 1867, с. 108).

მამათა მეორე ჯგუფი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ბოროტ სულთა თვითწარმოებას დედაკაცთა მეშვეობით, არიან წმიდა იოანე ოქროპირი, ღირ. ეფრემ ასურელი, ნეტ. თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, და განსაკუთრებით ღირ. იოანე დამასკელი. საკუთრივ, უფრო ძველ მითითებებს ღვთის შვილებზე, როგორც ანგელოზებზე, ჩვენ ვპოულობთ ე. წ. "ენოქის წიგნში". უეჭველია, რომ მოციუქლ იუდას (არა ისკარიოტელის - რედ.) ეპისტოლეში, სადაც დამოწმებულია ეს წიგნი, და თვით მთელი ეპისტოლე დაწერილია ამ წიგნის ზეგავლენით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო და მხოლოდ XIX საუკუნეში აღმოაჩინეს. აი ციტატა მოციქულ იუდას ეპისტოლედან: "ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი" (იუდ. მ. 6-7, 14-15).

აი აქაც ნათქვამია, რომ ეს ერთგვარი ზეციერი არსებები მრუშობენ, სოდომისა და გომორას მსგავსით, რაც ეხმიანება წმ. იუსტინე ფილოსოფოსის ნათქვამს, რომელიც ამბობდა, რომ ეს დემონები არა მარტო ქალებს, არამედ ყრმებსაც აუპატიურებდნენ.

ახლა უკვე შეგვიძლია განვიხილოთ წმიდა მამათა მოწმობანი უკანასკნელი ანტიქრისტეს არაბუნებრივი ჩასახვის შესახებ. წმიდა მამები ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ თვით ჩასახვა, ამ საკითხისადმი სხვადასხვა მიდგომისდა მიუხედავად, მაინც ბუნების საწინააღმდეგოა.

ანტიქრისტეს ჩასახვის შესახებ ორი ვერსია არსებობს.

პირველი ვერსიის მიხედვით, რომელიც უფრო გავრცელებულია, მას გააჩენენ, რა თქმა უნდა, საშინლად ცოდვილი და გარყვნილი ადამიანები. მაგრამ ჩასახვამდე ეშმაკი შევა ანტიქრისტეს დედის საშოში, და ეშმაკის ძალა ასაზრდოებდა და იფარავდა დედის წიაღს. ამგვარად, ანტიქრისტე უკვე დედის მუცლიდანვე არის ეშმაკით შეპყრობილი. მზაკვარი ეშმაკი შეითავსებს თავისი შვილის, ანტიქრისტეს ბუნებას ჭეშმარიტი ქრისტეს მსგავსად, რომელზეც ნათქვამია, რომ ის სულიწმიდით აღივსო ჯერ კიდევ დედის მუცელში. მაშინ როდესაც ანტიქრისტე ბოროტების სულით სწორედ დედის მუცლიდანვე უნდა იქნეს აღვსილი. ეფრემ ასურელის თანახმად, უკვე სიყრმის ასაკშივე მომავალი ანტიქრისტე გაენდობა ამ საიდუმლოს.

სხვა თვალსაზრისის მიხედვით, რომელიც ძირითადად ძველი ქრისტეანი ავტორებისთვის არის დამახასიათებელი, ქრისტეს განკაცების მსგავსად, რომელიც ღმრთის ძეა, ანტიქრისტე იქნება დემონის პირმშო, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს. ის იქნება მეძავის, გარეგნულად ვითომ ქალწულის, მაგრამ შინაგანად სრულიად გახრწყნილი ადამიანის ნაშობი. ღირ. ნილოს მირონმდინარე, მეორე თვალსაზრისის მომხრრე, ანტიქრისტეს ჩასახვის შესახებ ამბობდა: "ეჰა, განხორციელდება ბოროტება, ანუ დაიბადება ანტიქრისტე ყოველგვარი მამაკაცური თესლის გარეშე. მართალია, ის თესლით დაიბადება, მაგრამ არა მამაკაცურით, არამედ დაღვრილი თესლით. რა არის ანტიქრისტეს უნივთო თესლი? ეს არის ბოროტება და ტანჯვა" (რუსულად: "Ей, воплотится зло - то - есть родится антихрист безо всякого мужнего семени, ей, с семенем родится, но не с семенем человеческим, а с излитым семенем воплотится. Что же такое есть семя невещественное антихристово? Семя невещественное антихристово есть злоба, попечение, забота, истязания") (Посмертное откровение преподобного Нила Мироточивого "Дух Христа и Дух антихриста", гл. 32).

მსგავსადვე ასწავლიდა ძველი ქრისტეანი ავტორი ლაქტანციუსი. ის წერდა: "და გამოჩნდა სხვა მეფე სირიიდან, რომელიც იშვება ბოროტი სულისგან, და რომელიც იქნება კაცთა მოდგმის გამანადგურებელი და წარმწყმედელი. პირველი წინასწარმეტყველის, ანუ ილიას მიერ მოვლენილი სასჯელი რომ შეაჩეროს, ის შეებრძოლება ღმრთის წინასწარმეტყველს, ანუ ილიას, დაამარცხებს მას და მოჰკლავს. ილია დაუმარხავად იწვება ქუჩაში, მაგრამ სამი დღის შემდეგ აღდგება მკვდრეთით, და გაოცებული ადამიანების თვალწინ ზეცად ავა. იგივე საშინელი მეფე, ანუ ანტიქრისტე, იქნება ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც თვითნებურად გამოაცხადებს თავს მეფედ და გასცემს განკარგულებას, რათა პატივი მიაგონ მას როგორც ღმრთის ძეს... და მიეცემა მას სასწაულთა ქმნის ძალი, რომელთა მიერაც მრავალს შეაცდენს, ციდან ცეცხლს გადმოიყვანს, მზეს გააჩერებს, ქანდაკებას აამეტყველებს და ეს ყველაფერი მოხდება მისი სიტყვისამებრ".

წმიდა მარტინ ტურელიც (Martinus Turonensis) (წმ. მარტინე მოწყალე. 316-397 - რედ.) წერდა ამ თემაზე (იხ. მისი "დიალოგი", თ. 2. განყოფილება 14). ის ამტკიცებდა, რომ ანტიქრისტე ჩაისახება ბოროტების სულისგან. ნეტარი თეოდორიტე კვირელიც წერს: "ნათქვამს აუცილებლად უნდა მივუმატოთ ის, რომ ქრისტეს დიდებით მოსვლის უწინარეს, მოვა კაცის ბუნებით შემოსილი კაცი-წარმწყმედელი, უღვთო დემონი, ღმრთის სახელის მიმტაცებელი. და როგორც ძველთაგან, მის მიერ მიტაცებული ღმრთის სახელი თვითონაც მიისაკუთრა და თავისი მზაკვარების შემწეებსაც უწოდა, ადამიანებს შთააგონა აღევლინათ მისთვის საღმრთო პატივი" (იხ. "Краткое изложение божественных догм", раздел 23).

ნეტ. თეოდორიტე აჩვენებს, რომ ანტიქრისტე მისი გაგებით არის განხორციელებული ეშმაკი, რომელიც ძველთაგანვე აცთუნებდა ადამიანებს და აქეზებდა მათ კერპთაყვანისმცემლობისკენ. ადამიანებიც, პატივს მიაგებდნენ რა კეპრებს, ამით პატივს მიაგებდნენ დაცემულ ანგელოზებს, დემონებს, მომავალ ანტიქრისტესა და თვით სატანას. იუსტინე ფილოსოფოსთან, როგორც ეს უკვე წავიკითხეთ, ეს დემონები თვითონ აირჩევენ თავიანთ სახელს. ვიღაცას ერქმევა აპოლონი, ვიღაცას ზევსი, ვიღაცას ჰერაკლე და ა. შ. წმ. იოანე ოქროპირი კატეგორიულად უარყოფს ეშმაკის ანტიქრისტეში განხორციელებას. ის წერს: "ვინ იქნება იგი, ნუთუ სატანა? არა, ეს იქნება ერთგვარი ადამიანი, რომელიც მიიღებს მთელს მის ძალას, ანუ სატანის მთელ ძლიერებას. უარყოფს ყველა ღმერთს და ბრძანებს მას სცენ თაყვანი ღმრთის ნაცვლად. დაჯდება ღმრთის ტაძარში, არა მარტო იერუსალიმისაში, არამედ ყველგან ეკლესიებში". შემაშფოთებელია წმ. იოანე ოქროპირის ეს წინასწარმეტყველება. ეს არის მისი განმარტება თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლეზე (2 თესალონიკ. 3:2). ის ამბობს, რომ ანტიქრისტე გახდება მთელი დედამიწის ყველა ეკლესიის რელიგიური ლიდერი. არა მარტო იერუსალემის ტაძარში იქნება ამგვარი საცთური, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში. სხვადასხვა მწვალებლობების არსებობა აჩვენებს, რომ ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია.

სხვათა შორის, ღირ. იოანე დამასკელი არ იზიარებს იოანე ოქროპირის თვალსაზრისს, რომ ანტიქრისტე გამეფდება არა მარტო იერუსალიმის ტაძარში, არამედ ყველა ეკლესიებში, ანუ ქრისტეანულ ტაძრებშიც. დამასკელი წერს: "და მოციქულმა დაწერა "გამოჩნდება უსჯულოების კაცი. ძე წარწყმედისა, წინააღმდგომი და აღმატებული ყოველივეზე, რაც კი ღმერთად არის წოდებული, და დაჯდება ღმრთის ტაძარში როგორც ღმერთი და თავს მოაჩვენებს ყველას ღმერთად". მოციქული, როდესაც ლაპარაკობს ღვთის ეკლესიაზე, წერს იოანე დამასკელი, გულისხმობს არა ჩვენსას, არამედ ძველ, იუდაურს, რადგან ის ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან. არა ქრისტესთვის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, რის გამოც იწოდება კიდეც ანტიქრისტედ. ეს ნათქვამია იოანე დამასკელის "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" განყოფილება. 4:26). მაგრამ მრავალ წმიდა მამასთან, სამწუხაროდ, ვხედავთ სხვა თვალსაზრისს, რომელიც გამოთქვეს თვით მოციქულებმა, რომ მათი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ეკლესიაში მოკალათდებიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომლებიც თავიანთ სამწყსოს არ დაინდობენ.

მსგავსი გარეგანი ურთიერთწინააღმდეგობა სინამდვილეში მოწმობს ჩვენი ტრადიციების სიმდიდრეზე, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა მიდგომას სხვადასხვა საკითხებისადმი. და ამ აზრით, ამა თუ იმ ხარისხით, წმიდა მამათა ყველა განმარტება შეიცავს ჭეშმარიტებას. მაგრამ როგორც ძვირფასი ქვა, ეს ჭეშმარიტება გვეხსნება სხვადასხვა ჭრილში, თუმცა ისინი ერთია უმთავრესში, რასაც ჩვენ მამათა თანხმობას ვუწოდებთ.

წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი ანტიქრისტეს ბუნების შესახებ ამბობდა: "ის იქნება არც ანგელოზური ბუნების მფლობელი და არც ადამიანურისა". ის ასევე წერდა ანტიქრისტეზე, თანაც არა ზემოთთქმულიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, რომ ანტიქრისტეს დროს ცხადი გახდება, რომ როგორც განდგომილი და ბოროტი მოისურვებს, რათა მას თაყვანი სცენ როგორც ღმერთს, და კაცი-მონა მეფედ აღიარებას მოისურვებს. ის, მიიღებს რა ეშმაკის მთელ ძალას - აქ ირინეოსის აზრი ემთხვევა წმ. იოანე ოქროპირისას, რომელიც ასევე ამბობს "თუმც კაცი იქნება ანტიქრისტე, მაგრამ სწორედ მასში იქნება კონცენტრირებული ეშმაკის მთელი ძალა", - მიიღებს მას როგორც ავაზაკი, რომელიც ეშმაკის განდგომილებას გაიმეორებს.

სხვა მნიშვნელოვან თარგმანში: "შეისრუტავს ეშმაკის მთელს განდგომილებას (აპოსტასიას)". განსაკუთრებული პრინციპულობით უარყოფდა ეშმაკის ანტიქრსიტეში განკაცებას იოანე დამასკელი. ჩვენი ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ. ის წერდა: "ამრიგად, თვით ეშმაკი კი არ შეიქმნება კაცად, როგორც განკაცდა ქრისტე, ნუმც იყოფინ, არამედ დაიბადება კაცი სიძვისგან და მიიღებს სატანის მთელ ძლიერებას. რადგან ღმერთი, რომელმაც წინდაწინ უწყის მისი ნების გარყვნილება, მიუშვებს ეშმაკს შესახლდეს მასში. ის უბრალო ეშმაკეული კი არ გახდება, არამედ ერთგვარ სასახლედ შეიქნება თავისი სულიერი მამის ეშმაკისთვის".

ჩემი წიგნის მომდევნო გამოცემებში, მე ასეთ შენიშვნებს გამოვიტან სქოლიოში, რათა "საუბარი აპოკალიფსისზე" კიდევ უფრო საინტერესო და აპოლოგეტურად მძაფრი გახდეს. ის, რომ ანტიქრისტე შეეცდება ყველაფერში მიჰბაძოს ქრისტეს წერს III საუკუნის რომის წმიდა პაპი იპოლიტე: "უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მისი სამეუფო და ბრწყინვალე ღირსებისთვის წმინდა წერილში წარმოდგენილია როგორც ლომი, მაგრამ ამავე სახით არის წარმოდგენილი წერილის მიერ ანტიქრისტეც, ლომის ველური მძვინვარებისა და ტირანიის გამო; და საერთოდ, მტარვალი ყველაფერში ცდილობს მიბაძოს ღმრთის ძეს. ლომია ქრისტე, ლომია - ანტიქრისტეც; მეფეა - ქრისტე, მეფეა, - თუმც მიწიერი, - ანტიქრისტეც. მაცხოვარი მოგვევლინა როგორც კრავი; მსგავსადვე, კრავივით მოგვაჩვენებს თავს ანტიქრისტეც, თუმცა შიგნიდან იქნება მგელი და მტაცებელი. მაცხოვარი წინადაცვეთილი მოევლინა ქვეყნიერებას, ასევე მოვა ანტიქრისტეც. უფალმა ყველა ხალხებთან წარაგზავნა თავისი მოციქულნი, მსგავსადვე მოიქცევა მაცთურიც და დააგზავნის დედამიწის ყველა კუთხეში ცრუმოციქულებს. მაცხოვარმა შეჰკრიბა თავისი განბნეული ფარა, ისიც შეჰკრებს მსოფლიოში განთესილ იუდეველთ. მისცა უფალმა ბეჭედი თავის მორწმუნეებს, ასევე მოიქცევა მაცთურიც და თავის ბეჭედს ჩამოარიგებს. ადამიანის სახით მოგვევლინა უფალი, ადამიანის სახითვე მოვა ანტიქრისტეც. მაცხოვარი იქმოდა სასწაულებს, მან მესამე დღეს, ვითარც ტაძარი, მკვდრეთით აღადგინა თავისი ჯვარცმული და დაფლული სხეული, ანტიქრისტეც აღადგენს ტაძარს, ოღონდ ქვის ტაძარს იერუსალემში" (Творения Святого Ипполита, Епископа Римского, в русском переводе. Выпуск II. Казань. Издание Казанской Духовной Академии, 1899, стр. 9-46).

აღწერს რა ანტიქრისტეს დედას, ნილოს მირონმდინარე ამბობს: "უწმინდური მეძავი ქალისგან იშვება ანტიქრისტე. ამ ქალში მოიყრის თავს გარყვნილება და ის იქნება სიძვის საცავი. მსოფლიოს ყოველი ბოროტება, ყოველგვარი უწმიდურება, ყოველგვარი უსჯულოება თავს მასში მოიყრის. და როდესაც მსოფლიო განიძარცვება სულიწმიდის მადლისგან, მაშინ გაცოცხლდება და იშვება მრუშობის ნაყოფი ყველაზე ბილწი დედაკაცისგან, რომელიც მსოფლიოს მოაჩვენებს თავს ვითარც ქალწული. ანტიქრისტე კი იშვება საიდუმლო ბუნების საწინააღმდეგო მრუშობით. ყოველგვარი ბოროტების ეს ჭურჭელი შეითავსებს უჯსულოების მთელ სისავსეს, საპირისპიროდ ქრისტესი, რომელიც იყო ყოველგვარი სათნოების მფლობელი, ხოლო მისი ყოვლადწმიდა დედა, ქალწული მარიამი სრულყოფილი იყო ქალწულთა შორის".

ეს არის ღირ. ნილოს მირონმდინარის სიკვდილისშემდგომი გამოცხადება. ხოლო წმ. კირილე იერუსალიმელი წერს: "სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით. სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონება, აჰა, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებს ვხედავთო, მაშინ, როდესაც ისინი მკვდრეთით არავის აღუდგენია; იხილავენ, როგორ უნაკლოდ გაივლიან კოჭლნი, ბრმებსაც თითქოსდა თვალი აეხილებათ, მაგრამ სინამდვილეში არავითარი განკურნება არ მოხდება".

ნილოს მირონმდინარესთან ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩასახვა ხდება რაღაც ბუნების საწინააღმდეგო მრუშობისგან. და აი, როდესაც მე ვიყავი სინას მთაზე, მთის მონასტრის დებმა ჩემი ყურადღება მიაპყრეს ამ ტექსტს. და მართლაც, დღეს მეცნიერებას შეუძლია ხელოვნური განაყოფიერება ქალწულობის მოჩვენებითი დაცვით. და პირდაპირი მნიშვნელობით უკვე რეალურად ვუახლოვდებით იმ დროებას, როდესაც ეს ყველაფერი ნამდვილად ამუშავდება. მაშინ ჩამოარიგებს ანტიქრისტე თავის ბეჭედს და აღბეჭდავს ადამიანთა შუბლებსა და მარჯვენა ხელებს. ამ ბეჭდის გარეშე ვერაფერს ვერც იყიდი და ვერც გაყიდი.

ამრიგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ მიუხედავად აზრთა სხვაობისა ანტიქრისტეში სატანის შესახლებისა და ასევე მისი შობის შესახებ, წმიდა მამები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან იმაში, რომ ანტიქრისტეში ყველაზე სრულად გაიხსენება ეშმაკის მოქმედება. წმიდა იოანე დამასკელი წერს, რომ "ანტიქრისტე მიიღებს სატანის ყოველ მოქმედებას". წმიდა ნილოს მირონმდინარე ამბობდა: "ანტიქრისტე იქნება ყოველგვარი ბოროტების საცავი". წმიდა მღვდელმოწამე ირინეოსი ანტიქრსიტეს ბუნების შესახებ წერდა: "მიიღებს რა ეშმაკის მთელ ძლიერებას, როგორც ავაზაკი, გაიმეორებს ეშმაკის მთელ ღმრთისგანდგომილებას". წმიდა იოანე ოქროპირი ანტიქრისტეს შესახებ გვასწავლის: "მიიღებს სატანის სრულ ძალას". ასე, რომ სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვატ, რომ ეშმაკის მყოფობა ანტიქრისტეში მიაღწევს ყველაზე მეტ სისრულეს. ამას წმიდა მამები ერთხმად მოწმობენ, ოღონდ მათი აზრები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ ანტიქრისტეს ჩასახვის შესახებ, რომელიც ღიად რჩება. ამიტომაც, მოდი შევეცადოთ თვითონ გავერკვეთ ამ საკითხში.



თხას მიმსგავსებული ეშმაკისა და ასეთივე დემონების გამოსახვა მართლმადიდებლურ ფრესკებზე განსაკუთრებულად ხშირად გვხვდება საშინელი სამსჯავროს სცენებზე. იყო ასეთი სატანისტი ალისტერ კროული. მან დაწერა რომანი, რომელშიც გამოსახა ქირომანტიის ცერემონია. ის იწყება მზის ჩასვლისას. ჯადოქრები აპირებენ ეშმაკის გამოძახებას თხის მეშვეობით, რომელიც შემდეგ იდენტიფიცირებულია რიტუალური მსხვერპლის გვამთან. რიტუალის განვითარებისდა კვალად, ნეკრომანტის შეძახილების, თხის რწყევისა და დასაკლავი პირუტყვების ბღავილის ქვეშ ყველას ეჩვენება, - წერს კროული, - რომ ჰაერი შემკვრივდა და ქონივით გაისაპნა, თითქოსდა ერთმანეთს შეეკრაო ურიცხვი ქმნილება. ამაზრზენი სიმახინჯენი, ევოლუციის ჩიხური განშტოებების ნაბუშარნი, არსებები, რომლებიც ღირსნი არ იყვნენ დაესახლებინათ დედამიწა, და აღმონთხეულნი იქნენ მისგან.



როდესაც შეფუცვა აღწევს თავის კულმინაციას, ჯადოქრის მანიპულაციის შედეგად თხა იწყებს ტრიალს და ხტუნაობას. თხას გულში დანის დარტყმით კლავენ, სისხლი იქვე მყოფ რიტუალის მონაწილეებს ეპკურება. მისი სუნი ერევა ოფლისა და გახრწნილი გვამის სიმყრალეს. ჯერ კიდევ ძველთაგან მიიჩნეოდა, რომ ეშმაკის პენისი და თესლი ცივია. ამბობდნენ, რომ ის კრებს თესლის ძალას. მაგრამ საიდან იღებს ძალას თესლისას, თუკი წმიდა მამები ბრძანებენ, რომ ეშმაკი უსქესო არსებაა, და ამავე დროს მას არავითარი თესლი არ გააჩნია? და აი, ამ საკითხის შუასაუკუნეების მკვლევარებმა, ჯადოქრების დაკითხვების შედეგად, რომლებიც სექსუალურ კონტაქტში შედიოდნენ ეშმაკთან, აღმოაჩინეს, რომ ეშმაკი თესლის ძალას იღებს ჩუკენობის (ხელით დაცემის) ან სქესობრივი აღვირახსნილობის დროს დაღვრილი თესლისგან. ის მას აგროვებს და შემდეგ თავისთვის იყენებს.

ღირ. ბარსონუფი დიდი წერდა: "უფალმა საკუთარ თავს ცეცხლი უწოდა, რომელიც ათბობს და ახურვებს გულსა და წიაღს. ეს თუ ასეა, მაშინ ეშმაკი, პირიქით, ცივია, და მისგან მომდინარეობს ყოველგვარი გაცივება. თუ სიცივეს ვგრძნობთ, მოვუწოდებთ ღმერთს, და ისიც, როცა მოვა, გაათბობს ჩვენს გულებს არა მარტო მისდამი, არამედ მოყვასისადმი სრულყოფილი სიყვარულითაც. და მისი პიროვნების სითბოსგან განიდევნება სიკეთის მოძულეობრივი გაცივება". ეს არის ღირ. ბარსონუფი დიდის "სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო მოწაფეთა კითხვებზე პასუხების მიხედვით", პასუხი 18-ე) ("Руководство к духовной жизни в ответах на вопросы учеников", ответ 18).

ადრინდელი შუასაუკუნეობრივი პერიოდიდან ცნობილი თხასმიმსგავსებული ეშმაკი - სატანა აღწერილია ტამპლიერთა სექტისა და ილუმინატების ჩვენებებში, მათი მიკერძოებული დაკითხვების დროს. მოცემული სახე გამოიყენა მწერალმა სერგი ნილუსმა, მართლმადიდებელმა ადამიანმა, როგორც ილუსტრატიული გამოსახვა ეშმაკისა, თავისი წიგნის "ახლოს არს კართა ზედა" ("Близ есть, при дверех") პუბლიკაციისას. თხას, როგორც ეშმაკის სიმბოლოს ძველთაძველი წარმომავლობა გააჩნია.



წარმართულ კულტებში ის განასახიერებს ცხოველური სქესობრივი სტიქიის მხარეს. დიოდორე სიცილიელისა და ზოგიერთი სხვა კათოლიკე ისტორიკოსების თანახმად სწორედ ასე ესმოდა ძველ კლასიკურ ისტორიკოსებს: ჰეროდოტეს, პლუტარქეს ეგვიპტელ ჯადოქართა რიტუალები, რომლებიც თხების გამოსახულებებთან იყო დაკავშირებული.

თხის კულტი ეგვიპტურ მემფისში ეგვიპტის პირველი ისტორიული ფარაონის მეცხრე მემკვიდრის დროს აღმოცენდა. შემდეგ კი მთელს ძველ მსოფლიოში გავრცელდა, როგორც ეგვიპტური ოკულტიზმი. მისი გამოჩენა ქამიტების კლანს უკავშირდება.

დაბადების წიგნის 10-ე თავის 8-13 მუხლები აჩვენებს მიცრაიმის წარმოშობას წყეული ქანაანისგან. მისი მკაფიო წარმომადგენელი იყო ნიმროდი, ანტიქრისტეს სიმბოლო. სრულიად შესაძლებლად წარმოგვიდგენია "ღვთაებრივი თხის" კულტის დემონური წარმომავლობა, როგორც ამბობდნენ ამას ეგვიპტელები თავიანთ საკრალურ ტექსტებში. ძველაღთქმისეული იუდეველები თხის პოტენციალს ასევე განიხილავენ როგორც ვნებიანობას. ამას შეეძლო გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა თხის, როგორც უწმინდურების პერსონიფიკაციის ქრისტეანულ სიმბოლოზე, რომელიც სქესობრივ ვნებას, ლტოლვას გამოხატავს. თხები - ცოდვილთა ანალოგებია სახარებისეულ ქადაგებაში უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ, როდესაც უფალი იესუ ქრისტე განყოფს ერთმანეთისგან ცხვრებსა და თხებს და ამ უკანასკნელთ საუკუნო ცეცხლში გაუშვებს (მათე 25: 32-33).



ჩვენ, ქრისტეანები, თუ ცხვრები ვართ, და საშინელ სამსჯავროზე კრავ-ქრისტეს მივემსგავსებით, ცოდვილები კი - თხებს, ვისი ანალოგები იქნებიან ისინი? ცხადია თავიანთი თხა-ბატონისა - ეშმაკისა, რომელიც ანტიქრისტეში განხორციელდება. სავარაუდოდ აქედან მომდინარეობს შუასაუკუნეობრივი ეშმაკის სახეც. ის გმაოიხატება თხის ან თხის რქების მქონე ადამიანის სახით, რომელსაც ასევე აქვს წაწვეტებული წვერი და თხის ფეხები. მას ბაფომეტსაც უწოდებენ. დაცულია მრავალი მოთხრობა ყოფით ლიტერატურაში, სადაც გადმოცემულია ამბები ბოროტ სულთა გამოცხადებების შესახებ, სადაც მათ სწორედ თხის ფეხები ჰქონდათ.

ყოფით ლიტერატურაში დემონები ასევე ეთიოპებივით ან თხის მსგავსი არსებებივით გამოიხატებიან. შაბაშის შესახებ გადმოცემების ცენტრალურ ადგილში, ეშმაკი ცხადდება უზარმაზარი შავი თხის სახით, რომელიც შაბაშის ყველა მონაწილეს საკოცნელად უშვერს თავის უკანალს. ამ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებს ოკულტიზმის მრავალი მკვლევარი.



თანამედროვე კაცობრიობა ყველა ამ სისაძაგლეში ჩათრეული იქნება სრულიად ცივილიზებული და მეცნიერული გზებითაც კი. მაგრამ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის ამ ბილწი მოქმედების არსს. ერთხელ ღვთის სულით აღძრულმა წინასწარმეტყველმა იერემიამ გაიარა ძველი იერუსალემის ტაძრის ქვის კედლები და ძველი სატანისტებისთვის უხილავად დაინახა ისინი, ვინც დღისით თავს მხცოვანსა და მღვდელმთავარს უწოდებდა, ფარულად კი ემსახურებოდა ეშმაკს - გველს. ღამით ისინი თაყვანს სცემდნენ თავიანთ კერპს და უკმევდნენ მას. ნათქვამია: "დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი" (იერ. 2:4); და კვლავ იქვე: "არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი. რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ" (იერ. 2:8).



ებრაულ ენციკლოპედიაში წერია: "ბაალი" - ქანანეველთა და ფინიკიელთა, შესაძლოა ფილისტიმელთა ან სხვათა ღმერთი, რომელიც ხშირად იხსენიება ბიბლიაში. იგივე სახელწოდება გვხვდება ფინიკურ წარწერებზე, ბერძენ და რომაელ მწერლებთან, სეპტუაგინტაში და იოსებ ფლავიოსთან". ტერმინი "ბაალი" ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც "მეუფე" და არსებითად ნიშნავს "მფლობელს" ან "მესაკუთრეს". ამ აზრით ეს ტერმინი ჩვენს დროშიც კი გამოიყენება ებრაელთა შორის. განა საინტერესო არ არის ეს ფაქტი? არადა რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი, რომლის შესახებაც ნათქვამია: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:16-18).

ძველად, ვისაც მონის სტატუსი ჰქონდა, მას არც რაიმეს ყიდვის უფლება გააჩნდა, და მითუმეტეს, არც გაყიდვისა. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. და ასეთ ადამიანს შუბლზე ან ხელზე ადებდნენ ბეჭედს, რომ "მეპატრონე" (ბაალი, ბატონი, მესაკუთრე) აძლევს მას უფლებას რაიმე იყიდოს ან გაყიდოს. ხოლო რადგან ბაალი და მისი ემისრები, რომლებიც საკუთარ თავს მონურ საქმეთა მაღლა აყენებდნენ, ფლობდნენ რა ყიდვა-გაყიდვის ბეჭედს (შუბლზე ან ხელზე) რეალურად ბაალის (ბატონის) მონებს, მის ნივთს, თავიანთი ბატონის რეალურ საკუთრებას წარმოადგენდნენ.



ბაალ-ანტიქრისტეს კულტი, საერთაშორისო ბანკის კულტი, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია (WTO - World Trade Organization), ეს ყველაფერი სამყაროს ჭეშმარიტი მეუფისა და უფლის - ჭეშმარიტი ღმერთის, წმიდა სამების წინააღმდეგ ამხედრების განსხვავებული ფორმები გახლავთ. შემოქმედის უფლებებით, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს, სარგებლობა შეუძლია მხოლოდ უფალ ადონაის, გაბატონებული ადონაიმ არის კიდევაც ჭეშმარიტი ხელმწიფე, მთელი სამყაროს ერთადერთი მბრძანებელი. რადგან თუკი ღმერთმა შექმნა ყოველივე, მაშინ ეს ყოველივე სწორედაც რომ მისი საკუთრებაა. და როდესაც ღმერთი პირველ ადამიანებს ასახლებს ამ სამყაროში, ის, აკურთხებს მათ და ეუბნება: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28).

და ის, რაც სრულიად სჯულიერად მოგვენიჭა შემოქმედისგან, ანტიქრისტეს სურს ჩვენი საკუთარი სულების გაყიდვის ფასად შემოგვთავაზოს. ამიტომაც, ყოველი ექსპლუატატორი, საღმრთო საკუთრების უზურპატორი უნდა განიხილებოდეს როგორც ღმრთის წინააღმდეგ, მისი უფლებისა და პრიორიტეტების წინააღმდეგ ამხედრების მორიგი მონაწილე. ამრიგად, უნდა ვებრძოლოთ და წინ აღვუდგეთ ეშმაკს, ცოდვასა და სიკვდილს. დანაშაულია ნებაყოფლობით ეშმაკის უღლის დადგმა, რადგან ნათქვამია: "სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად" (1 კორინთ. 7:23).



ელექტრონულ მონობაზე მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ სიხარულით შევძახოთ: "იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო" (იობი 33:28). მაშ, ძმანო და დანო, კანონიერი, სჯულიერი საშუალებებით იბრძოლეთ ახალი ელექტრონული, საინფორმაცია, პოლიტიკური, საბანკო, სავახშო, სატელევიზიო, ნარკოტიკული, კრიმინალური და ნებისმიერი მონობის წინააღმდეგ. რადგან ჩვენ უფალმა თავისუფლებისკენ მოგვიწოდა. ეკლესიის მსახურნი თქვენთან ერთად განიცდიან ამ ბრძოლას, ხოლო იმათ, ვინც არ განიცდის, ჩვენ არ ვცნობდით გუშინ და არც ხვალ გავიხსენებთ. როგორც ცნობილია, ეშმაკი დატყვევებულებს არ ირჩევს. დასცინებს რა მათ, თვით ანტიქრისტე, თავის დემონებს მიუგდებს მათ საჯიჯგნად. რადგან, როგორც ცნობილია, ეშმაკსა და ანტიქრისტეს ისინი უფრო სძულთ, ვინც მათ წინაშე იფორთხვებიან და მათ ემსახურებიან. როგორც თავიდანვე ვთქვი, ცხადია, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის შექმნის ყველა კომპონენტი, როგორც მისი ძალაუფლებისა და მისი მმართველობის მექანიზმი, რომელიც დაიმონებს კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც მას დაემორჩილება, უკვე შექმნილია. სწორედ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ მართლმადიდებლობის ავტორიტეტი, რადგან მხოლოდ ის რჩება ერთადერთ შემკავებელ ძალად, რომელიც ჯერაც არ აძლევს ანტიქრისტეს გაბატონების უფლებას. არ უნდა გაწყდეს სასულიერო დასისა და ერის ერთობა. ეს ერთობა სრულიად რომ გაწყდეს, მაშინ ყველაფერი დაიღუპება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ მწყემსები და მწყემსმთავრები. განსაკუთრებულად ვილოცოთ მღვდელმთავრებზე, რადგან ნათქვამია: "გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი" (1 თესალონიკ. 5:12); და კიდევ: "შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ" (1 კორინთ. 16:16).

მღვდელმსახურნი, მწყემსები და მწყემსმთავრები თუ შეცდომებს უშვებენ და ზოგჯერ წაფორხილდებიან თავიანთ გზაზე, ნუ ჩავქოლავთ, - ომშიც ხომ მტრის უპრიველესი სამიზნე მეთაურია. აპოსტასიის დროს საცთურის კონცენტრაცია ყოველი კლერიკოსის გარშემო უდიდეს ძალას და ზეწოლას მიაღწევს, მაგრამ ეკლესია ასწავლის, რომ სწორედ ისინი, მღვდლები და მღვდელმსახურები, ცოდვებით დაჭრილნი, ცილისწამებებითა და საკუთარი დაცემებით დარეტიანებულნი, მაინც დაიცავენ ღმრთის ერს ქრისტესთან შესახვედრად. როგორც ეს ნათქვამია ქიროტონიის ლოცვებში ძმრთის ძალა უძლურებაში აღესრულება. ჩვენს დროშიც ასე ხდება, რელიგიურ ლიდერებს განსაკუთრებული სიძულვილით უყურებენ. ხან ვინ გამოხტება მათ წინააღმდეგ და ხან კიდევ ვინ; ხან რას დასწამებენ და ხან კიდევ რას; მაგრამ არსებობს ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ მადლი მოქმედებს უღირსი მღვდელმსახურების მიერაც.

ამასთან დაკავშირებით არსებობს წმიდა მამათა უამრავი გამონათქვამი. ღმრთის ძე მოწმობდა ამაზე და ამბობდა: "მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ" (მათე 23:2-3). და უთხრა მას იესუმ: "იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად" (მათე 8:4). და კიდევ: "უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად" (ლუკა 5:14). და კიდევ: "წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ" (ლუკა 17:14).

ამ სიმბოლური მოქმედებებით ძე ღმრთისა ხაზს უსვამდა ძველაღთქმისეული სამღვდელოების მნიშვნელობას, მაშ რა ძალა და მნიშვნელობა უნდა ქონდეს ახალაღთქმისეულს?! მღვდელმსახური ჩვენს წარმოდგენას თუ არ შეესაბამება, რა და როგორ უნდა იყოს ის, სულიწმიდის მადლი მისი მეშვეობით მაინც მოქმედებს, სანამ ისინი თავიანთ ეპისკოპოსებთან და თავიანთ ერთან ევქარისტიულ ერთობაში იმყოფებიან. მოდი მივაყურადოთ ციტატებს, რომლებიც არაერთხელ დაგვიმოწმებია. მათ შორის არის ახალი ციტატებიც. მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "ეკლესიის მსახურნი წმიდანიც რომ არ იყონ, მაინც მადლის იარაღნი არიან. როგორც გინდა იყოს მღვდელი, როდესაც ის ერისთვის ლოცულობს, მისი ლოცვა ღმერთამდე ადის, მისი სწავლება, რომელსაც ის ერს უქადაგებს, მაცხოვნებელია. მისი მღვდელმსახურება ძალის მქონეა მორწმუნისთვის. საკუთარ თავზე მღვდელი თვითონ აგებს პასუხს. მაგრამ ერისთვის, სამწყსოსთვის ის ჭეშმარიტი მწყემსია" (Зеленков «Сборник святоотеческих высказываний», стр.115).

წმიდა ეფრემ ასურელი წერდა: "თუ არ იცი მღვდლის შესახებ ღირსია ის თავისი ხარისხისა თუ არა, ნუ მოძაგებ მას ქრისტეს მცნების გულისთვის. როგორც არაფერი ევნება ოქროს, თუ ის ტალახით დაისვრება, ასევე მარგალიტს, თუ მას რაიმე სიბინძურე შეეხება, ასევე მღვდლობაც არ იბილწება კაცისგან, თუნდაც მისი მიმღები უღირსი იყოს ამ წოდებისა.

წმ. იოანე ოქროპირი წერს: "ვინც მღვდელს პატივს მიაგებს, ის პატივს მიაგებს ღმერთსაც, ხოლო ვინც მღვდელი მოიძულა, ის თანდათანობით ღმრთის გმობამდეც მივა. ვინც მართლმადიდებლურად ასწავლის, იმის ცხოვრებას კი არ უნდა უყურო, არამედ სიტყვებს. მამაში უამრავი ნაკლოვანებაც რომ იყოს, შვილი ყველაფერს დაჰფარავს".

აი რას წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "საკუთარი თავის განწმენდისთვის ყველა ღირსია რწმენისა, ოღონდ იმათგანი იყოს, ვინც ამაზე სჯულიერი ძალაუფლება მიუღია, არ განუკითხავთ აშკარად და არ მოუკვეთიათ ეკლესიიდან. ნუ სჯი მსაჯულთ, თავად სამკურნალოვ, ნუ არჩევ მის ღირსებას, არამედ საკუთარი თავი განიწმინდე. ნუ აკეთებ არჩევანს, როდესაც მშობლებს უყურებ და ნუ იტყვი, ეს კარგია ის კი ცუდია, არამედ შეიგნე, - ყოველი მათგანი შენზე დიდია. ასე განსაჯე - ეს არის ორი ბეჭედი, ოქროსი და რკინისა - და ორივეზე ერთი და იგივე მეფის ხატია ამოტვიფრული. ორივეს ბეჭედი ამოჭრილია ცვილზე და რითი განასხვავებ ერთს მეორისგან? არაფრით. მაშ, ყველაზე ბრძენი თუ ხარ, ამოიცანი - რომელი ბეჭდით ამოიტვიფრა ცვილზე ბეჭედი? და რატომ არის ცვილზე ამოტვიფრული ბეჭდები ერთნაირი, ისინი ხომ სხვადასხვა ბეჭდისგან ამოიტვიფრა? რატომ არ არის გამოსახულებაში განსხვავება? ასეა აქაც, შენი ნათლობა ნებისმიერ მღვდელს შეუძლია, თუმცა ცხოვრებით შესაძლოა ერთი მეორეზე უკეთესი იყოს, მიუხედავად ამისა, ძალა ნათლობისა იგივეა. ერთნაირად ძალუძს ყოველ მღვდელმსახურს შენი სრულყოფილებამდე მიყვანა".

ნეტარმა ავგუსტინემ ბრწყინვალედ თქვა: "ღმერთს ყოველთვის ეკუთვნის მადლი. ღმრთისაა საიდუმლონი, ხოლო კაცისა - მსახურება. თუ ის კარგია, ღმერთს ეთანხმება, ღმერთთან ერთად მოქმედებს. თუ ცუდი, მაშინ სულიწმიდა მისი მეშვეობითაც მოიმოქმედებს ყოველივეს. ღმერთი საიდუმლოს უხილავ ფორმას მთლიანად აღასრულებს და თვითონაც გვანიჭებს უხილავ მადლს. ნუ იფიქრებთ, თითქოსდა ზნეობასა და მოქმედებებზე იყოს დამოკიდებული საღმრთო საიდუმლოს მოქმედება. ის წმიდაა იმის გამო, ვისაც ის ეკუთვნის".

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერდა: "მადლი უღირსთა მიერაც მოქმედებს. ასე, რომ ჩვენ განვიწმინდებით უღირსი მღვდელმთავრების მიერაც". და ბოლო ციტატა, რომელიც ამ თემაზე მინდა წაგიკითხოთ ეკუთვნის იოანე ოქროპირს: "ანგელოზიც რომ იყოს, ნუ მოუსმენ იმას, ვინც არამართლმადიდებლურ სწავლებას გთავაზობს. ხოლო თუ მართლმადიდებლურად გასწავლის, ნუ უყურებ იმის ცხოვრებას, არამედ სიტყვას უსმინე. თავისას კი არ გამცნებს; პავლესაც კი არ მოვუსმენდით მხოლოდ თავისი, მხოლოდ კაცებრივი რომ ექადაგა. არამედ უნდა ვისმინოთ მისი, როგორც მოციქულის, რომელსაც საკუთარ თავში ჰყავს ქრისტე, პავლეს მიერ რომ მეტყველებს".

ძმანო და დანო, კრებითობა - აი ჩვენი პასუხი მასონურ კოსმოპოლიტიზმს, ბოლშევიკურ ინტერნაციონალიზმს და პოსტმასონურ გლობალიზმს. პირველ კაენზე, რომელიც შეეცადა მოეწყო მხოლოდ საკუთარი და თავისიანების ცხოვრება ღმრთის გარეშე, ნათქვამია, - "გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი". ებრაული სიტყვა, რომელიც ჩვენში ნათარგმნია, როგორც "გააშენა", უნდა ითარგმნოს როგორც "აშენებდა", ანუ ბოლომდე მაინც ვერ ააშენა. ჭეშმარიტია ნათქვამი: "თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები" (ფსალმ. 126:1).

ამრიგად, ეკლესიის ძალა ერთობაშია, კრებითობაშია, ღმრთის ერის სამღვდელოებასთან ერთობაშია, ევქარისტულ ერთობაშია.

გევედრებით ძმანო, ილოცეთ ჩემ ცოდვილისთვის ჩემი იმ ევქარისტული მსახურებისთვის, რომელსაც ღმერთში აღვასრულებ.

გაცხოვნოთ ღმერთმა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню