ანტიქრისტე - ანტიქრისტეს ბეჭედი თუ ღმერთის ბეჭედი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

"ანტიქრისტეს ბეჭედი" თუ ღმერთის ბეჭედი?

მართალთა შუბლების აღბეჭდვა

ქრისტიანულ სამყაროში ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც არ სმენოდეს "ანტიქრისტეს ბეჭდის" შესახებ, და ბევრი ფიქრობს, რომ მის შესახებ წერია აპოკალიფსისში (იოანეს "გამოცხადებაში"), - მაგრამ ეს ასე არ არის. სიტყვათშეხამება "ანტიქრისტეს ბეჭედი" ბიბლიაში არ არსებობს. გამოცხადების წიგნი მოგვითხრობს "ანტიქრისტეს ნიშანზე" (გამოსახულებაზე). ეს ორი ცნება ("ბეჭედი" და "ნიშანი") ურთიერთმსგავსია, მაგრამ მაინც ბოლომდე იდენტური როდია. გამოსახულება, ანუ ნიშანი არ არის ბეჭდის ტოლფარდი.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" 13-ე თავში ჩვენ ვხედავთ სიტყვას
χάραγμα (ხ'არაგმა), რომელიც ნიშნავს "გამოსახულებას, ნიშანს". ხოლო სიტყვა "ბეჭდის" გამოყენებისას ჩნდება სხვა ტერმინი - σφραγίς (სფრაგის) (ამ სიტყვიდან მომდინარეობს მეცნიერება სფრაგისტიკა, რომელიც ბეჭდებს შეისწავლის). მაგრამ, რაც საინტერესოა, "ბეჭედი" აპოკალიფსისში სწორედაც რომ უკავშირდება არა ანტიქრისტეს, არამედ ღმერთს. "ანტიქრისტეს ნიშანი" და "ღმრთის ბეჭედი" - ასეთია გამოცხადების წიგნის ტერმინოლოგია.

ჩვენ ათასჯერ გვსმენია ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ, რომელიც სინამდვილეში ბიბლიაში არ წერია. და თითქმის არავინ ამბობს შემოქმედის ბეჭდის შესახებ, რომლის შესახებაც მოგვითხრობს ბიბლია. უცნაურია: გამოდის, ქრისტეზე ქრისტეანებს თითქოსდა ლაპარაკი მოსწყინდათ. ზოგიერთს საფრთხობელებზე, საშინელებებზე, ანტიქრისტეზე და ეშმაკზე საუბრები ურჩევნია ქრისტეზე საუბარს... ამ უცნაური ტენდენციის პიკზე გაგვიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ღმრთის ბეჭედზე.

გამოცხადების წიგნში მის შესახებ ასეა ნათქვამი: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3).




ამრიგად, ანგელოზი, რომელსაც ღმერთის ბეჭედი უპყრია, ანტიქრისტესეული დევნულებების წინ უფლის მიერ წარიგზავნება, რათა აღბეჭდოს მართალნი. რას ნიშნავს ეს აღბეჭდვა?

ბეჭედი ფართოდ გამოიყენებოდა ძველ სამყაროში. უპირველეს ყოვლისა, ის ცნობილი იყო როგორც საკუთრების ნიშანი. მაგალითად, აღბეჭდავდნენ ნახირს ან მონებს, რათა ადვილი ამოსაცნობი ყოფილიყო, ვის ეკუთვნის იგი. იმავე მიზნით ვაჭრები აღბეჭდავდნენ შეფუთულ საქონელს, მევენახეები ღვინით სავსე დოქებს. საქონელზე დადებული დაღის მიხედვით განარჩევდნენ მათ პატრონს და ამასთანავე პროდუქციის ხარისხსაც. ამ სიმბოლიკის გათვალისწინებით, მოდი, ვიკითხოთ, ვინ არიან ღმრთის მიერ აღბეჭდილნი? ესენი არიან უზენაესის მონები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით წარადგენენ თავიანთ ბატონს.

განსაკუთრებულად საინტერესოა საუბარი სამეფო ბეჭეზე. აღმოსავლელი დესპოტები ყოველთვის დაატარებდნენ სათითურ-ბეჭდებს, რომლებითაც ადასტურებდნენ ოფიციალურ დოკუმენტებს და პირად ნივთებს. მაგალითად, როდესაც ფარაონმა იოსები ეგვიპტის მმართველად დააწესა, მან თავისი ბეჭედი ხელზე გაუკეთა იოსებს ნიშნად მისდამი ბოძებული ძალაუფლებისა (იხ.: დაბ. 41:42). მეფე არტაქსერქსემ თავისი ბეჭედი გადასცა ყამანს, ხოლო როდესაც ყამანმა ძალაუფლება დაკარგა, ბეჭედი მორდექაის გადაეცა (იხ.: ესთ. 3:10; 8:2). მეფე დარიუსმა სათითე ბეჭდით აღბეჭდა ორმო, რომელშიც შემდეგ ჩააგდო წინასწარმეტყველი დანიელი (იხ. დანიელი 617). ქვა, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაყუდეს, ასევე სამთავრობო ბეჭდით იქნა აღბეჭდილი (იხ. მათე 27:66). ამ სიმბოლიკას მართალთა აღბეჭდვასთან მიმართებაში თუ გამოვიყენებთ, გამოდის, რომ ისინი (ანუ მართალნი) ეკუთვნიან მამა ზეციერს, იმყოფებიან მისი მფარველობის ქვეშ და ფლობენ მათდამი მინდობილ სულიერ ძალაუფლებას (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გულისხმობს მღვდელმსახურთა უფლებამოსილებებს, რომელთაც შეუძლიათ "შეკვრა და გახსნა").

ძველ ეკლესიაში აღბეჭდვის სიმბოლოს ლიტურგიკული განზომილება გააჩნია. უპირველეს ყოვლისა ის უკავშირდებოდა ნათლისღების საიდუმლოს. მართლაც, ნათლობა არის ღმრთის ერთგვარი ბეჭედი, რომელიც აჩვენებს, რომ მონათლული გახდა უფლის მონაპოვარი. ასევე ნათლობა მადლისმიერ აღბეჭდავს ადამიანის გულის იმ ცვლილებას, რომელიც უკვე მოხდა. პირველ საუკუნეებში ხომ ძირითადად ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ, რომლებიც ხანგრძლივად ემზადებოდნენ ნათლისღებისთვის, აღიარებდნენ სარწმუნოებას და შემდეგ მცირედ გამოცდას აბარებდნენ ეპისკოპოსს. ნათლობა წარმოადგენდა მადლისმიერ ბეჭედს, რომელსაც ღებულობდა უკვე მორწმუნე და ზნეობრივად შეცვლილი ადამიანი. ნათლობა განიმარტება როგორც აღბეჭდვა მოციქულ პავლეს ზოგიერთ ეპისტოლეშიც (იხ. მაგ.: 2 კორ. 1:22; ეფეს. 1:13; 4:30). ამრიგად, ამ სიმბოლიკის მიხედვით ღმრთის მიერ აღბეჭდილი ადამიანი ეს არის ნათელღებული ქრისტიანი.

სულიერ აღბეჭდვად მიიჩნევა ასევე მირონცხების საიდუმლო (რომელიც შეერთებულია ნათლისღებას და უშუალოდ მოსდევს მას). მოციქული პავლე ხშირად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ქრისტიანი აღბეჭდილია სული წმიდის ნიჭით. მოციქულის ეპისტოლეებში შეიძლება შევხვდეთ ასეთ გამოთქმებს:

"მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით" (ეფეს. 1:13).

"ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის" (ეფეს. 4:30).

"რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში" (2 კორინთ. 1:22).

ძველად სულიწმიდა მორწმუნეს მიეცემოდა თავზე ეპისკოპოსის ხელის დადებით, დღეს კი იგივე მოქმედება (ანუ სულიწმიდის მადლით აღბეჭდვა) აღესრულება მირონცხების საიდუმლოში. თვით საიდუმლოს წეს-განგებაში მღვდელი, როდესაც ასრულებს ახალმონათლულის მირონცხებას, ამბობს: "ბეჭედი სულისა წმიდისა". თუ "აღბეჭდვას" გავიგებთ მიროცნხებად, მაშინ ანგელოზი, რომელიც რჩეულთა შუბლებს აღბეჭდავს აპოკალიფსისში (იხ. გამოცხ. 7:1-3), შეიძლება შევადაროთ ეპისკოპოსს ან მღვდელს, რომელიც ნათლობა-მირონცხების საიდუმლოებებს ასრულებს.

ბიბლის კომენტატორები აღნიშნავენ საღმრთო აღბეჭდვის კიდევ ერთ მნიშვნელობას. ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში წერია:
"ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკიელი 9:3-4).

ებრაულ ტექსტში წერია არა უბრალოდ "ნიშანი დაადე", არამედ "დაადე ნიშანი
ת", თანაც ת ("ტავ") - ებრაული ალფავიტის ბოლო ასოა, რომლითაც ძველად ჯვრის სახედ გამოისახებოდა (იხ. სურ. ქვემოთ).



ძველებრაული ასო "ტავ" (ტაუ)


შესაძლოა, ღმრთის ბეჭდით ქრისტეანთა შუბლების აღბეჭდვა ანტიქრისტეს დროს ნიშნავდეს იმას, რომ უფალი დაეხმარება მათ რწმენის გაძლიერებაში, რათა მოთმინებით გადაიტანონ საშინელი ანტიქრისტესეული დევნულება და ღირსეულად ატარონ ქრისტიანული სათნოებისა და თავიანთი შემოქმედისადმი ერთგულების პირადი ჯვარი.

"ცხოველმყოფელი ჯვრის ბეჭედი განასხვავებს მართალთ უკეთურთაგან, რადგან მართალნი ურცხვენელად და თამამად ატარებენ მათ წინაშე ქრისტეს ნიშანს", - წერდა ანდრია კესარიელი. "ჯვარი - მომავალი ცხოვნების წინასახეა და... აღნიშნავს აღსასრულს, რადგან როგორც ებრაული ალფავიტის ბოლო ასო - უკანასკნელი არჩევანის სიმბოლოდაც შეიძლება იქნას მიჩნეული", წერდა დანიელ სისოევი მოცემული მუხლის განმარტებაში.

არის კიდევ ანგელოზის მიერ მართალთა შუბლების აღბეჭდვის სხვა შესაძლო განმარტებანი.

"ბეჭედი ეს არის ქრისტეანული ეკლესიის რჩეულ წევრებზე იმ საღმრთო მადლის ანაბეჭდი, რომელიც, გარდასახავს რა მათ სულებს, ახდენს მათი გარეგანი სახის - შუბლის ფერიცვალებასაც", - ნათქვამია ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში.

სხვა საეკლესიო მწერლები ლაპარაკობენ მოწამეობრივ ბეჭედზე. არიან ისეთებიც, რომლებიც აქ ხედავენ რჩეულობას, კურთხევას, ღვთიურ მფარველობას. ბევრნი ფიქრობენ, რომ ლაპარაკია ქრისტიანული რწმენის ბეჭედზე, რომელსაც ბოლო ჟამს, ანტიქრისტეს დროს, მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველების მიხედვით მოიპოვებენ იუდეველნიც (იხ.: რომ. 9:11). იგივე აზრი, ანუ ის, რომ აღიბეჭდებიან იუდეველთაგან მოქცეულნი მორწმუნენი, გამოთქმულია გამოცხადების მე-7 თავში, სადაც ჩამოთვლილია ისრაელის ის ტომები, რომელთაგანაც ქრისტიანობისკენ მოექცევიან ებრაელნი (იხ. გამოცხ. 7:4-8)

გამოცხადების 7:2-3-ს თუ შევადარებთ გამოცხადების 22:4-თან, სადაც გადარჩენილებზე ნათქვამია: "იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი" (გამოცხ. 22:4), ჩვენი ეგზეგეტების განმარტებით, ბეჭედი (ღმრთის სახელი) შუბლზე მიანიშნებს მუდმივ ფიქრს ღმერთზე, მასთან განუწყვეტელ ურთიერთობას, უახლოეს კავშირს შემოქმედთან და დაუცხრომელ სიყვარულს მისდამი.




ამრიგად, აი რამდენი ახსნა მოვუძებნეთ ღმრთის ბეჭდის ბიბლიურ სიმბოლოს! როგორც ჩანს, სწორედ ეს უნდა აღელვებდეს უპირველეს ყოვლისა მორწმუნე ადამიანს, ანუ ის, თუ რა არის ღმრთის ბეჭედი, როგორვ მიიღოს ის და როგორ შეინარჩუნოს შეურყვნელად. მაგრამ, ვაი რომ ჩვენ უფრო ანტიქრისტეს ნიშანი გვაინტერესებს თავისი საშინელებებითურთ, ვიდრე ქრისტეს ბეჭედი. გვაგონდება ასეთი ნიშანდობლივი შემთხვევა. ერთხელ, 1990-იანი წლების მიწურულს ცნობილი დიაკვანი ანდრია კურაევი ამბობდა, რომ მრავალ ქალაქში, სადაც ის ლექციებს ატარებდა, კითხვაზე: "ქრისტეზე ვისაუბროთ თუ ანტიქრისტეზე?" - ხალხი ერთსულოვნად პასუხობდა: "ანტიქრისტეზე!". ვფიქრობთ, ახლაც რომ გამოვაკრათ აბრა რომელიმე ქალაქში და დავურთოთ ორი წარწერა: "ცნობილი ღვთისმეტყველი N წაიკითხავს ლექციას ქრისტეზე" და მეორე: "ცნობილი ღვთისმეტყველი NN წაიკითხავს ლექციას ანტიქრისტეზე", ღვთისმეტყველ NN-ს ორჯერ უფრო მეტი მსმენელი ეყოლება, ვიდრე ქრისტეს შესახებ მქადაგებელ ღვთისმეტყველს.

მართლაც, არსებობს ეკლესიური ცნობიერების ასეთი სნეულება, რომელიც დაკავშირებულია ქრისტესადმი ჩვენს არასაკმარის სიყვარულთან. მისგან განკურნება შეიძლება გულწრფელი ინტერესით წმიდა წერილისადმი, ლიტურგიაში ხშირი მონაწილეობით, სულიერი ღვაწლით, ქრისტეს მცნებათა აღსრულებით და საკუთარი სარწმუნოების ზედმიწევნითი შესწავლით.

გამოცხადების საეკლესიო განმარტებები ასევე თამამად შეიძლება შევიტანოთ იმ წიგნთა სიაში, რომელთა წაკითხვა აუცილებელია ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. გამოცხადების მე-13 თავის გარდა, რომელიც მხეცის ნიშანზე მოგვითხრობს, ღირს ყურადღება მივაქციოთ გამოცხადების მე-7 თავს, რომელიც უზენაესი ღმერთის ბეჭედზე მოგვითხრობს, და რომლითაც მართალთა შუბლებს აღბეჭდავს ღმრთის ანგელოზი.

ვისაც ეს ბეჭედი ექნება ის არ მიიღებს ანტიქრისტეს გამოსახულებას (ნიშანს), რადგან ქრისტეს ნამდვილი მოყვარული და ერთგული შვილი არასოდეს უღალატებს თავის სიყვარულს.

წყარო: http://pravoslavie.ru/110001.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню